საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2009 წელს დაამტკიცა. სიახლე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული სოფლების საჭიროებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარის წარმართვას ითვალისწინებდა. შეირჩა მიმართულებებიც: ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება; თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა; მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება; თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელება.
აღნიშნული პროგრამა 2016 წელს შეწყდა. 2019 წელს ხელისუფლებამ მისი განახლება გადაწყვიტა, ოღონდ - შემცირებული ბიუჯეტით (20 მლნ ლარი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარეშე. ამან რეგიონის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ მალევე, პროექტის დაანონსებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ აჭარაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ კოპირება მოხდებოდა და ამისთვის, სავარაუდოდ, 2 მლნ ლარი გამოიყოფოდა.
ვინაიდან ამ დროს ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო, დავინტერესდით, როგორ მოახერხებდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ თანხის გამოძებნას. მიმდინარე წლის 27 თებერვალს უწყებიდან მოგვწერეს, რომ დაფინანსება რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფოდა. ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აღნიშნული ფონდისთვის 11 850 000 ლარია გათვალისწინებული.
რეგიონის მთავრობამ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები 2019 წლის 28 თებერვლის #2 დადგენილებით განსაზღვრა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროდან იღებს ინფორმაციას თითოეულ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე განსაზღვრავს გადასაცემი თანხის მოცულობას, რომელიც დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე და მერყეობს ერთი სოფლისთვის 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე. დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა დასახლებების საერთო კრების მიერ ან ამომრჩეველთან შეხვედრებზე კონსულტაციების შედეგად. ამის შემდეგ შერჩეულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წარუდგენს.
რადგან აჭარაში პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები შედარებით გვიან დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ივნისის ბოლოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. ხშირ შემთხვევაში ტენდერები არ შედგა, ან მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება ან, რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, უკვე მზადდება ხელშეკრულება.
პროგრამა შემდეგი სახის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს: სასმელი წყლის სისტემები, წყაროები; სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები; ხიდები, ცხაურები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებების შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; კულტურის ობიექტები; სპორტული ინფრასტრუქტურა; სკვერები და სველი წერტილები; წისქვილების რეაბილიტაცია; სასაფლაოების შემოღობვა; მოსაცდელები; მინიჰესები.
მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, აჭარაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის ჯამში 3 638 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით 422 ღონისძიების დაფინანსება იგეგმება.
წყარო: ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები
დასაფინანსებელი საჭიროებების ჩამონათვალში ყველაზე ხშირად გარე განათების მოწყობა გვხვდება, შემდეგ - მზა ბეტონის შეძენა სასოფლო გზების მოწყობის მიზნით. მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილია ასევე მოსაცდელების, წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების, სოფლის სახლებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები (მეტი ინფორმაციისთვის იხ. დანართი 2, 3, 4, 5, 6, 7, 8).
ერთადერთი, ვინც მოგვწერა, რომ რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები მიმდინარეობს, ქედის მუნიციპალიტეტია. მათი ინფორმაციით, 21 სოფელში გარე განათების მოწყობა დაწყებულია, ასევე, უკვე შეიძინეს 1 641 მ3 მზა ბეტონი საუბნო გზებზე დასაგებად.
რაც შეეხება ქობულეთს, აქ ტენდერების უმეტესობა არ შედგა. მაგალითად, მიმდინარე წლის 10 მაისს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT190009304), რომლის სავარაუდო ღირებულებაც 374 548 ლარი იყო. ტენდერი რამდენიმე სოფელში გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხარჯთაღრიცხვა 160 ლოკაციაზე, ჯამში 18 915 კვ/მ ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ ისურვა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან კი მოგვწერეს, რომ მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოები არც აქ დაწყებულა.
შუახევის მუნიციპალიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, ამ ეტაპზე, უმეტესად, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობენ. შემდეგი ეტაპების (სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერის გამოცხადება და ხელშეკრულების მომზადება) გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაწყება ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, არ მოესწრება. თუმცა აქ მოსახლეობასთან შეხვედრები, როგორც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, ჯერ კიდევ მარტში გაიმართა და დასაფინანსებელი საჭიროებებიც მაშინ შეირჩა.
მარტში მოსახლეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. უკვე მაისის ბოლოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აცხადებდა, რომ სამუშაოების ნაწილი ივნისში დაიწყებოდა, ხოლო ოქტომბრის თვეში ყველა პროექტი დასრულდებოდა. ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი პასუხით კი ირკვევა, რომ ივნისის ბოლოს მხოლოდ საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაოების შესყიდვა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ, მაღალმთიანი აჭარის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გზის საფარის, წყლის სათავე-ნაგებობების მოწყობისა და სხვა ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება ნოემბერ-დეკემბერში რეკომენდებული არ არის.