იტვირთება

რეზიუმე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ მილიონიან მაჩვენებელს 2012 წელს გადააჭარბა, ხოლო 2013 წელს 1 797 865 ადამიანს მიაღწია. თუმცა, 2014, 2015 და 2016 წლებში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. სავარაუდოდ, ეს შემცირება გამოიწვია 2014 წელს მიღებულმა კანონმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ასევე, ვიზიტორთა შემცირების მიზეზი შესაძლოა ჩვენს სამეზობლოში არსებული არასტაბილური ვითარებაც ყოფილიყო.

2017 წელს აჭარის რეგიონს - 1 683 077, ხოლო შარშან 1 931 179 საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური[1] ესტუმრა. გარდა ამისა, საერთაშორისო ვიზიტორთა[2] მიერ განხორციელდა 2017 წელს 1 307 969, ხოლო 2018 წელს - 1 552 529 (ანუ 18.7%-ით მეტი) ვიზიტი. რადგან პირველი მაჩვენებელი თავის თავში მოიცავს მეორეს, ამიტომ შესადარებლად საერთაშორისო არარეზიდენტ მოგზაურთა რაოდენობას ვიღებთ. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, შარშანწინდელთან შედარებით, მათი რიცხვი 14.7%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უშუალოდ მთიან აჭარაში მოგზაურებისა და ვიზიტორების რაოდენობას პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული ობიექტებისა და მუზეუმების გამოკითხვით ადგენს. მათ 2017 წელს ჯამში 108 761 ვიზიტორი ესტუმრა. 2018 წელს კი მთიან აჭარაში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244 478 ვიზიტორმა იმოგზაურა. ეს ნიშნავს რომ შარშან ვიზიტორთა რაოდენობა, წინა შესადარებელ წელთან მიმართებით, 124.78%-ით გაიზარდა.

ანალიზი

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა: „გასულ წელს 16%-ით არის გაზრდილი ტურისტული ნაკადების შემოდინება აჭარაში, ასევე 124%-ით არის გაზრდილი მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორებისა და ტურისტების შემოდინება“.

აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე ატვირთული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2017 წელს რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ - 1 683 077, ხოლო 2018 წელს 1 931 179 ადამიანი შეადგინა. შარშანდელი მაჩვენებელი, 2017 წელთან მიმართებით, 14.7%-ით არის გაზრდილი და არა 16%-ით, როგორც ეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა.

გრაფიკი 1: აჭარის რეგიონში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობა 2017-2018 წლებში

წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

თუ საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობას თვეების მიხედვით შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2018 წლის ყოველი თვეში ტურისტების რაოდენობა მზარდია, გარდა ნოემბერ-დეკემბრისა. 2017 წლის ბოლო ორ თვეში რეგიონს მეტი ვიზიტორი ჰყავდა, ვიდრე შარშან.

რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას აჭარის მთიანეთში, დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით, 2017 წელს მთიან აჭარაში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტული მარშრუტებით 108 761 ვიზიტორმა ისარგებლა, ხოლო 2018 წელს მათი რიცხვი 244 478 იყო.

გრაფიკი 2: ვიზიტორთა რაოდენობა მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში მოგზაურები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით შემოდიან, მათ შორის ყველაზე მეტი - სარფის სახმელეთო საზღვარს კვეთს. როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, სამივე ლოკაციიდან მოგზაურთა ნაკადის შემოსვლა გაზრდილია.

გრაფიკი 3: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით შემოსული მოგზაურების რაოდენობა 2017-2018 წლების მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ინფორმაციისთვის, წელს აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრები 9 121 800 ლარს შეადგენს. აქედან 5 480 000 ლარი რეგიონის, როგორც ტურისტული ადგილის საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგისთვის უნდა დაიხარჯოს. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, უწყებამ 2016 წელს ამ - მიზნით 3 004 500 ლარი, 2017 წელს - 4 612 800 ლარი, ხოლო 2018 წელს 5 819 800 ლარი (დაგეგმილი 6 220 000 ლარის ნაცვლად) აითვისა.



[1] მოგზაური - ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი (სხვა ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის მუდმივი ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა) პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით

[2] ვიზიტორი - 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2820 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი