იტვირთება

რეზიუმე: ფაქტ-მეტრს სამინისტროების ავტოპარკში არსებული ავტომობილების საბალანსო ღირებულების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 8 სამინისტრომ მოაწოდა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს შემდეგმა სამინისტროებმა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო.

2011 წლიდან დღემდე, სამინისტროების ბალანსზე 20 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები მუდმივად ფიქსირედებოდა. თუმცა, უმეტესწილად მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ემსახურებოდა. ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ძვირადღირებული ავტომობილით დეპარტამენტის უფროსები სარგებლობენ, თავდაცვის სამინისტროში იკვეთება. 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების ავტომობილით 2011 წელს თავდაცვის სამინისტროს 7 დეპარტამენტის უფროსი სარგებლობდა. 2012 წელს ეს რიცხვი 12-მდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ წლებში შემცირებით ხასიათდებოდა, რის შედეგადაც 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი დეპარტამენტის უფროსი სარგებლობდა 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით. რამდენიმე მსგავსი ფაქტი (თუმცა არა ამ მასშტაბის) ფიქსირდება სხვა სამინისტროებშიც. 2012-2013 წლებში გარემოს დაცვის სამინისტროს ორი დეპარტამენტის უფროსი სარგებლობდა 44 400 ლარის საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით. 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთი, ხოლო 2012 წელს - 2 დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში იყო 41 698 და 56 654 ლარის საბალანსო ღირებულების ავტომობილები. 2012, 2013 და 2014 წლებში კი, 20 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილით სარგებლობდა ფინანსთა სამინისტროს ბიუროს უფროსი. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2011 წელს მისი ადმინისტრაციის უფროსი სარგებლობდა 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით, 2012 და 2013 წლებში - 1 დეპარტამენტის და 1 სამსახურის უფროსი, ხოლო 2014 წელს - ერთი სამსახურის უფროსი. 2015 წლიდან 2018 წლამდე არ ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის ან სამსახურის უფროსი სარგებლობდა 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი შემთხვევებისა, 20 ათას აშშ დოლარზე სამჯერ მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილები სამინისტროს საშუალო მენეჯმენტის საფეხურის თანამშრომლებს არ უფიქსირდებოდათ. სწორედ ამიტომ, ფაქტ-მეტრი არჩილ თალაკვაძის განცხადებას მეტწილად მცდარად აფასებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ მოყვანილი სამინისტროები (რომლებმაც ინფორმაცია არ მოგვაწოდეს) გამოთხოვილ ინფორმაციას მოგვაწოდებენ, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდება და განცხადებას განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასებს.

ანალიზი

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „როდესაც იყო სწორება [ნაციონალური მოძრაობისხელისუფლების დროს] და პოლიტიკა ძვირადღირებული ავტომობილების შესყიდვის, მათ შორის ძალიან ბევრ თანამშრომელს, საშუალო მენეჯმენტის დონეზეც კი ჰყავდათ მაღალი კლასის, ძვირადღირებული, მათ შორის ჯიპის ტიპის ავტომობილები, რომელთა ფასიც სამჯერ აღემატებოდა იმ თანხას, რაც თქვენ [მიმართავს ჟურნალისტს] მე მითხარით [20 ათასი დოლარი]“.

ინფორმაცია 2011-2018 წლებში მინისტრების, მათი მოადგილეებისა და დეპარტამენტების უფროსების განკარგულებაში არსებულ ავტომობილების ტიპებსა და საბალანსო ღირებულების შესახებ ფაქტ-მეტრმა მთავრობის ადმინისტრაციისგან 2018 წლის 25 ივლისს გამოითხოვა. საპასუხო ინფორმაცია მხოლოდ 8 სამინისტროსგან მივიღეთ. სწორედ აღნიშნული მონაცემების ანალიზს დავეყრდნობით სტატიაში. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ფაქტ-მეტრს არ მოაწოდეს შემდეგმა სამინისტროებმა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განცხადების გაკეთებისას არჩილ თალაკვაძეს სწორება 20 ათას დოლარად შეფასებულ ავტომობილებზე ჰქონდა. ვინაიდან სამინისტროების მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია ავტომობილების საბალანსო ღირებულების შესახებ ლარშია წარმოდგენილი, მონაცემთა ანალიზიც ეროვნულ ვალუტაში განხორციელდება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, მოცემულია 20 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარი 2011-2018 წლებში.

ცხრილი 1: 20 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარი 2011-2018 წლებში

წელი

1 აშშ დოლარის ღირებულება

20 ათასი აშშ დოლარის ღირებულება

2011

1.68 ლარი

33 600 ლარი

2012

1.65 ლარი

33 000 ლარი

2013

1.66 ლარი

33 200 ლარი

2014

1.76 ლარი

35 200 ლარი

2015

2.26 ლარი

45 200 ლარი

2016

2.36 ლარი

47 200 ლარი

2017

2.50 ლარი

50 000 ლარი

2018

2.50 ლარი

50 000 ლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ზემოხსენებული სამინისტროების ბალანსზე 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილები 2011 წლიდან მოყოლებული მუდმივად ფიქსირდებოდა. თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი ძირითადად მინისტრებისა და მათი მოადგილეების სახელზე ირიცხება. თუმცა, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში იყო 20 ათას დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტრო, ვინაიდან სხვა სამინისტროებთან შედარებით, მეტია დეპარტამენტების უფროსების ოდენობა, რომლებსაც ძვირადღირებული ავტომობილები ემსახურება. 2011 წელს თავდაცვის სამინისტროს შვიდი დეპარტამენტის უფროსი სარგებლობდა 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით, 2012 წელს ეს რიცხვი 12-მდე გაიზარდა და იგივე მაჩვენებელი შეადგინა 2013 წელსაც. 2014 წელს აღნიშნული რიცხვი 9-მდე შემცირდა, 2015 წელს - 7-მდე, 2016 წელს - 6-მდე, 2017 წელს - 3-მდე, ხოლო 2018 წლის მონაცემების თანახმად, 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით მხოლოდ ერთი დეპარტამენტის უფროსი სარგებლობს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული რაოდენობის შემცირება უმეტესწილად ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება. სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილების საბალანსო ღირებულება ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, 2012 და 2013 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ორი დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში იყო ჯიპის ტიპის ავტომობილი „კია სორენტო“, რომლის საბალანსო ღირებულებაც 44 400 ლარს შეადგენდა. ასევე 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში იყო 41 698 ლარის საბალანსო ღირებულების, „მიცუბიში პაჯერო“, რასაც 2012 წელს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის განკარგულებაში არსებული იმავე მარკის ავტომობილი დაემატა (ეს უკანასკნელი 56 654 ლარის საბალანსო ღირებულების იყო). გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, 20 ათას დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით სარგებლობდა 2012 წელს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსიც (35 112 ლარის საბალანსო ღირებულების მქონე მსუბუქი ტიპის ავტომობილი). ფინანსთა სამინისტროს ბიუროს უფროსი - 2013 წელს 42 964 ლარის საბალანსო ღირებულების მქონე მსუბუქი ავტომობილი, ხოლო 2014 წელს - 36 763 ლარის.

2011 წელს განათლების სამინისტროში 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით 2 დეპარტამენტის უფროსი სარგებლობდა. 2012 წელს - დეპარტამენტის 3 უფროსი და 2 მოადგილე, 2013 წელს - 6 დეპარტამენტის უფროსი, 2014 წელს - 5, 2015-ში კი - 1. 2016, 2017 და 2018 წლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების მიმართულებით მომუშავე არც ერთი დეპარტამენტის უფროსი არ სარგებლობს 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2011 წელს მისი ადმინისტრაციის უფროსი სარგებლობდა 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით, 2012 და 2013 წლებში - 1 დეპარტამენტის და 1 სამსახურის უფროსი, ხოლო 2014 წელს - ერთი სამსახურის უფროსი. 2015 წლიდან 2018 წლამდე არ ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის ან სამსახურის უფროსი სარგებლობდა 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილით.

ცხრილი 2: სამინისტროების ავტოპარკში არსებული 20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილების რაოდენობა 2011-2018 წლებში

სამინისტროს დასახელება

20 ათას აშშ დოლარზე მეტი საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილების ოდენობა

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

ფინანსთა სამინისტრო

7

7

5

5

4

5

2

1

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

0

2

1

1

3

3

3

3

გარემოს დაცვის სამინსტრო

3

6

6

3

2

2

3

-

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

5

6

6

6

6

5

0

-

რეგიონული განვითარების სამინისტრო

3

3

4

4

6

6

4

4

შერიგების საკითხებში სახელ. მინისტრის აპარატი

2

4

4

4

3

3

3

3

თავდაცვის სამინისტრო

12

26

23

19

15

16

9

7

განათლების სამინისტრო (განათლების მიმართულება)

10

10

10

9

5

4

3

2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

4

9

7

6

2

3

2

2

ვინაიდან, ფაქტ-მეტრის მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე იკვეთება შემთხვევები, როდესაც დეპარტამენტის უფროსებს 20 ათას დოლარზე მეტი, თუმცა არა აღნიშნულ თანხაზე სამჯერ მეტი, საბალანსო ღირებულების მქონე ავტომობილები უფიქსირდებოდათ, არჩილ თალაკვაძის აღნიშნულ განცხადებას ფაქტ-მეტრი მეტწილად მცდარად აფასებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროები გამოთხოვილ ინფორმაციას მოგვაწოდებენ, საკითხს დავუბრუნდებით და განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით შევაფასებთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2780 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი