19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვისა და მასთან ერთად დუმას ორი დეპუტატის ჩამოსვლას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამი დაიკავა. ამ პროტესტის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვითომდა მოსალოდნელი საფრთხის საბაბით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. მალევე, აკრძალვა ქართულ ავიახაზებზეც გავრცელდა. სანქცია ძალაში მიმდინარე წლის 8 ივლისს შევა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რუსეთი რეგულარულად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს, როგორებიცაა: ტურისტული ნაკადების შეზღუდვა, ემბარგოს შემოღება გარკვეულ საქონელზე და ა.შ. რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობის პერიოდში, რუსეთმა ასევე აკრძალა ფრენები თურქეთის მიმართულებით და თურქეთის საექსპორტო საქონლის ნაწილზე ემბარგო დააწესა.

სანქციების შემოღებას საქართველოში რიგი სპეკულაციები მოჰყვა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამდენად დამაზიანებელი იქნება მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის. ფაქტ-მეტრი შეეცადა დაეთვალა, თუ როგორ შეიძლება დაზარალდეს საქართველო პუტინის გადაწყვეტილების შედეგად.

გასული წლების დინამიკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, როგორც აბსოლუტურ, ისე ფარდობით მაჩვენებლებში. 2013 წელთან შედარებით, რუსი ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 789 ათასით გაიზარდა, ხოლო რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში 7.3 პროცენტული პუნქტით. 2019 წლის პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს დაახლოებით 691 ათასი რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4% იყო და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31.2% ზრდა შეადგინა.

ISET-ის ინფორმაციით, ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში 7.6%-ია, რუსი ტურისტების მიერ შეტანილი წვლილი ეკონომიკაში 1.8%-ია, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი - 0.5%.

გრაფიკი 1: რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში (%)

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2016 წელთან შედარებით, 2018 წელს, რუსი ვიზიტორების ჯამური ტურისტული დანახარჯები მკვეთრად, 2.4-ჯერ გაიზარდა. 2016 წელს, რუსმა ვიზიტორებმა 803 მლნ ლარი დახარჯეს, ხოლო 2018 წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარი. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება რუსი ვიზიტორების ტურისტული დანახარჯების ფარდობა მთლიან ტურისტულ დანახარჯებთან. 2016 წელთან შედარებით, 2018 წელს პროცენტული მაჩვენებელი 6.6 პუნქტით გაიზარდა. პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ნიშნავს, რომ გასული წლების განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის სექტორის დამოკიდებულება რუსეთზე იზრდებოდა და ცხადია პოლიტიკური რისკის მატარებელ ფაქტს წარმოადგენდა, რაც მიმდინარე მოვლენებმაც დაადასტურა.

გრაფიკი 2: რუსი ვიზიტორების ტურისტული დანახარჯები მთლიან ტურისტულ დანახარჯებთან (მლნ ლარი, %)

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

რუსი ვიზიტორების რაოდენობამ მკვეთრი ზრდა დაიწყო 2015 წლიდან, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან და გარკვეულწილად რუსეთთან მიმართებით საქართველოს მთავრობის შეცვლილ რიტორიკასთან არის დაკავშირებული.

როგორც აღვნიშნეთ, შეზღუდვა ფრენებზე 8 ივლისიდან ამოქმედდება, შესაბამისად, მოსალოდნელი ზარალი 2019 წლისთვის რუსი ვიზიტორების შემთხვევაში, უნდა გაანგარიშდეს წლის მეორე ნახევრისათვის (III და IV კვარტლები). ამისთვის, საჭიროა რუსი ვიზიტორების დინამიკის განხილვა კვარტლურ ჭრილში.

ცხრილი 1: რუსი ვიზიტორების პროცენტული დინამიკა, კვარტლების მიხედვით

პერიოდი

2015

2016

2017

2018

საშუალო

I კვარტალი

15.0%

15.2%

14.6%

14.9%

14.9%

II კვარტალი

22.4%

22.9%

21.7%

22.6%

22.42%

III კვარტალი

41.9%

41.4%

43.2%

41.5%

42.02%

IV კვარტალი

20.7%

20.5%

20.5%

21.0%

20.66%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

როგორც ვხედავთ, ბოლო 4 წლის მანძილზე წლიური ვიზიტების საშუალოდ 37.32% ხორციელდებოდა I და II კვარტალში. 2019 წლის პირველ და მეორე კვარტლებში რუსეთიდან 691 ათასი ვიზიტი განხორციელდა. შესაბამისად, შეგვიძლია დავუშვათ, რომ მთელი 2019 წლის განმავლობაში მისაღები რუსი ვიზიტორების მოსალოდნელი (თუ არ გავითვალისწინებთ პუტინის მიერ შემოღებულ შეზღუდვებს) ოდენობა 1 853 122 ვიზიტორია. კვარტალური სურათიდანვე გამომდინარე ნათელია, რომ III და IV კვარტლებში საშუალოდ წლიური ვიზიტების შესაბამისად 42.02 და 20.66% ხორციელდება (ჯამში 62.68%). შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში წლიურად მთლიანად მისაღები რუსი ვიზიტორების 62.68%-ს უნდა ველოდოთ, რაც 1 161 534 ვიზიტორს შეადგენს.

2018 წელს რუსი ვიზიტორი ხარჯავდა საშუალოდ 1 326 ლარს ერთ ვიზიტზე (ჩამოსვლიდან წასვლამდე). საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წელს საჰაერო გზით რუსი ვიზიტორების დაახლოებით 32% შემოვიდა, ხოლო 2019 წლის 1-ლი 5 თვის მონაცემით 42%. თუ ვივარაუდებთ, რომ 2019 წელს, შეზღუდვების არ არსებობის პირობებში, საჰაერო გზით ვიზიტორების 32% შემოვიდოდა და საჰაერო გზით შემომავალი ნაკადის გადამისამართება ვერ მოხდება ალტერნატიულ ტრანსპორტზე, შეზღუდვების შედეგად ვერ შედგება 371 691 ვიზიტი, ტურისტული შემოსავლის დანაკარგი კი დაახლოებით 492 მლნ ლარი იქნება, რაც 2019 წლის მოსალოდნელ მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით, დაახლოებით 1.1%-ია, ხოლო თუ 42% შემოვიდოდა საჰაერო გზით, ტურისტული შემოსავლის დანაკარგი დაახლოებით 647 მლნ ლარი იქნება რაც მშპ-ს 1.4%-ია, ხოლო ვიზიტორების დანაკარგი იქნება 487 ათასი ადამიანი. საბოლოო ჯამში, ტურისტული ვიზიტებიდან მისაღები შემოსავლის დანაკარგები 492-647 მლნ ლარის ფარგლებში იმერყევებს, რაც მოსალოდნელი მშპ-ს 1.1%-დან 1.4%-მდე შეადგენს. აღსანიშნავია, რომ განხილული სცენარებიდან ყველაზე უარეს შემთხვევაშიც, მთლიანი შემოსავალი ტურიზმიდან უკეთესი იქნება, ვიდრე 2018 წელს იყო. ტურისტული სექტორი სავარაუდოდ არ შემცირდება, მხოლოდ მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზრდება.

აქვე აუცილებელია აღნიშნოს, რომ ერთი მხრივ მოცემული მაჩვენებლები წარმოადგენს ცალკე აღებულად ტურისტული შემოსავლების მოსალოდნელ ცვლილებას, ირიბი ეფექტებიდან გამომდინარე კი სანქციების უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე მოსალოდნელია იყოს შედარებით მაღალი ვიდრე მხოლოდ დანაკარგი ტურიზმიდან შემოსავლებში. ამავდროულად დასაშვები ვარაუდია, რომ სანქციები და რუსეთში აგორებული ანტიქართული პოლიტიკური კამპანია, ვიზიტორთა არამარტო საჰაერო არამედ სახმელეთო ნაკადის შემცირებასაც გამოიწვევს, რაც ასევე გაზრდის უარყოფით გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. მეორე მხრივ ნაკლებად სავარაუდოა რეალიზდეს რადიკალური სცენარი ვიზიტორთა საჰაერო ნაკადის სრულად დაკარგვასთან დაკავშირებით, კერძოდ ვიზიტორთა ნაწილი ვინც ვერ ისარგებლებს პირდაპირი ავია რეისებით სავარაუდოა ქვეყანაში ალტერნატიული მარშრუტით შემოვიდეს, რაც შეარბილებს სანქციების გავლენას. აღნიშნულის თქმის საფუძველს თვითონ რუსულ რეალობაში სამთავრობო ნარატივის საწინააღმდეგო ინფორმაციის გაჩენა იძლევა. კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეფასებებსა და მოწოდებებს ეწინააღმდეგება რუსეთის იმ მოქალაქეთა გამოხმაურება ვისაც უმოგზაურია ან მიმდინარე პერიოდში იმყოფება საქართველოში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე პროცესებსა და რუსულ სანქციებს საქართველოს მხარდამჭერი გამოხმაურება მოყვა ავტორიტეტულ საერთაშორისო პრესისა და მაღალი ეშელონის პოლიტიკური ფიგურების მხრიდან, რამაც საქართველოს როგორც საინტერესო ტურისტული დანიშნულების ერთგვარად წარმოჩენას შეუწყო ხელი დანარჩენი მსოფლიოსათვის. აგრეთვე შეიქმნა „ფეისბუქ“ ჯგუფი „გაატარე ზაფხული საქართველოში“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასი ათასობით წევრს აერთიანებს. ხელისუფლების სათანადო ინფორმაციული მხარდაჭერისა და მცდელობების პირობებში კი, აღნიშნული საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა ახალი სეგმენტის ვიზიტორთა მოსაზიდად და მომავალში რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი