რეზიუმე: შპს „ბიდიომ“ (საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 162 ქვეყანაში) სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დაკვეთით, მოამზადა კვლევა, რომელშიც ბენეფიციარების მიერ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ეკონომიკური დოვლათი შეაფასა.
ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე პროგრამის გავლენის ეფექტის შესაფასებლად, ბენეფიციარების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება ქვეყნის მიერ შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებასთან შეადარეს. კვლევის მიხედვით, რადგან კომპანიები აღრიცხვას მიმდინარე ფასებში აწარმოებენ, შედარებაც ნომინალურ მშპ-სთან არის გაკეთებული.
კვლევის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარი კომპანიების მიერ შექმნილი მშპ-ს წილი, ქვეყნის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით, მცირეა, მაგრამ მზარდი. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ-ს წილი, ქვეყნის მთლიან მშპ-სთან მიმართებით, 2014-2017 წლებში, 0.001%-დან 0.158%-მდეა გაზრდილი. პროგრამაში ჩართვის შემდეგ, 2014-2018 წლებში ბენეფიციარი კომპანიების მიერ 3 033 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და აღნიშნული თანამშრომლებისთვის გადახდილი ჯამური სახელფასო ფონდი დაახლოებით 25 552 635 ლარს შეადგენს, საშემოსავლოს გარეშე (ხელზე ასაღები თანხა).
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის მონაცემის 2017 წელთან შედარება არარელევანტურია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის მაისში ამოქმედდა და გარდა იმისა, რომ სრულ წელს არ მოიცავს, პრაქტიკულად შეუძლებელია ეკონომიკურ აქტივობაში ასახულიყო თუნდაც ის სახსრები რისი გაცემაც მოესწრო. გარდა ამისა, 2014 წელს პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 25 საწარმო იყო სუბსიდირებული, 2017 წელს კი 100 საწარმოს მონაცემია აღებული. ეს რიცხვები ერთმანეთს ვერ შედარდება. ბუნებრივია, რომ 100 საწარმოს კონტრიბუცია მშპ-ში უფრო მეტი იქნება, ვიდრე 25 საწარმოსი.
მკვლევრები თავად აღნიშნავენ, რომ მშპ-ს ზრდა მხოლოდ საწარმოების სუბსიდირებით არ არის განპირობებული. კვლევაში ნათქვამია, რომ: „ზრდა მხოლოდ სუბსიდირების შედეგი არ არის. როგორც რეგრესიული ანალიზი გვიჩვენებს, მშპ-ს შექმნა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და განყენებულად, მხოლოდ სუბსიდია ვერ იმოქმედებს მნიშვნელოვნად ეკონომიკაზე“, ასევე, „შედეგი უჩვენებს, რომ ინდიკატორების ურთიერთდამოკიდებულება არ არის ძალიან მაღალი. მართალია კორელაციის კოეფიციენტი დადებითია, რაც გულისხმობს, რომ სუბსიდიის ზრდა მშპ-ს ზრდასაც იწვევს. თუმცა, ღირებულება არ იცვლება პროპორციულად და შექმნილი ეფექტი არის უფრო ნაკლები, ვიდრე გაცემული სუბსიდია“.
რადგან პროექტის შედეგები ცალსახა არაა, მიხეილ ხიდურელის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.
ანალიზი
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა (1:48 წთ-დან): „წარმატებულად გრძელდება ჩვენი სუბსიდირების პროგრამა. „ბიდიოს“ კვლევა გვაქვს, სადაც 85 გამოკითხული კომპანიიდან, 2014 წელს ამ კომპანიების კონტრიბუცია მშპ-ში 2014 წელს იყო 0.01%, 2018 წელს მათი კონტრიბუცია მშპ-ში გაიზარდა 0.16%-მდე. ანუ ეს არის 0.15 პუნქტიანი ზრდა მშპ-ს წილში“.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1-ლი ივნისიდან ხორციელდება. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ: ფაქტ-მეტრის სტატია1 ; სტატია 2 .
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ არის პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მთავარი განმახორციელებელი. ის პასუხისმგებელია ბიზნესის მხარდაჭერაზე, ექსპორტის ხელშეწყობასა და საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში ინვესტიციების მოზიდვაზე.
2019 წლის აპრილის თვის მონაცემით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან სულ მხარდაჭერილია 466 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1.11 მილიარდ ლარზე მეტია. პროგრამის ფაქტობრივი ბიუჯეტი 2014-2018 წლებში 46.5 მლნ ლარი იყო.
ცხრილი 1: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტი 2014-2018 წლებში
წელი |
გეგმა |
შესრულება |
2014 |
264 500 |
264 500 |
2015 |
10 მლნ |
5.7 მლნ |
2016 |
10.5მლნ |
11.8 მლნ |
2017 |
15.5 მლნ |
13.8 მლნ |
2018 |
16.7 მლნ |
14.8 მლნ |
შპს „ბიდიომ “(საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 162 ქვეყანაში) სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით მოამზადა კვლევა, რომელიც მოიცავს 2014 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. კვლევის მიზანია, გამოავლინოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების ეფექტიანობა, შეაფასოს პროექტში ჩართული ბენეფიციარების მიღწეული შედეგები პროექტში ჩართვის შემდეგ და გამოავლინოს პროექტის პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური ეფექტი.
2014 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე პროექტის ფარგლებში დაფინანსებული იყო 338 ბენეფიციარი (340 პროექტი). აღნიშნული კვლევა განიხილავს 100 ბენეფიციარს, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ ორი წელი მაინც არის გასული და, შესაბამისად, შესაძლებელია პროგრამის ეფექტიანობის შეფასება მათი ბიზნესის, საქმიანობის შედეგების და საქართველოს ეკონომიკაში მათი წილის მიხედვით.
ზემოხსენებული 100 ბენეფიციარი კომპანიიდან, კვლევაში მონაწილეობა 85 ბენეფიციარმა მიიღო, რომელთაგან 30 არის სტარტაპი და 55 არის უკვე არსებული საწარმოს გაფართოება.
კვლევის მიხედვით, შპს „ბიდიომ“ ბენეფიციარების მიერ, პროგრამის ფარგლებში შექმნილი მშპ შეაფასა. მთლიანი შიდა პროდუქტი ეროვნული ანგარიშთა სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლის ერთ-ერთი გზაა მშპ-ს დათვლა წარმოების მეთოდით. ეს ეფუძნება დამატებული ღირებულების კონცეფციას. ამ მეთოდის გამოყენებისას, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიანგარიშება, როგორც ეკონომიკის დარგებში შექმნილ დამატებულ ღირებულებათა ჯამი, გაზრდილი იმ წმინდა გადასახადების (გადასახადებს მინუს სუბსიდიები) თანხით, რაც არ არის ჩართული გამოშვების შეფასებაში.
კვლევის მიხედვით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე პროგრამის გავლენის ეფექტის შეფასება გულისხმობს ბენეფიციარების მიერ შექმნილი მთლიანი დამატებითი ღირებულების შედარებას, ქვეყნის მიერ შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებასთან, წლების ჭრილში. რადგან კომპანიები აღრიცხვას მიმდინარე ფასებში აწარმოებენ, შედარებაც ნომინალურ მშპ-სთან არის გაკეთებული.
კვლევის თანახმად, მხოლოდ სტარტაპი ბენეფიციარების საქმიანობის შედეგი შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ პროგრამის შედეგად. აქედან გამომდინარე, საწარმოს გაფართოების კომპონენტში შემავალი ბენეფიციარების მონაცემები დაკორექტირდა შესაბამისად, მათ მიერ, პროგრამის ფარგლებში შექმნილი მშპ-ს გამოსათვლელად. შედეგად, პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარი კომპანიების მიერ შექმნილი მშპ-ს წილი, ქვეყნის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით, შემდეგნაირია:
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ-ს წილი ქვეყნის მთლიან მშპ-სთან მიმართებით, 2014-2017 წლებში, 0.001%-დან 0.158-მდეა გაზრდილი (0.15 პროცენტული ერთეულით). შესაბამისად, მონაცემი მცირეა, მაგრამ მზარდი.
მშპ-ს რეგიონალური ანალიზი უჩვენებს, რომ მისი დაახლოებით 79% შექმნილია თბილისში წარმოდგენილი ბენეფიციარების მიერ, რაც მოსალოდნელია, რადგან კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60% თბილისში მდებარეობს.
პროგრამაში ჩართვის შემდეგ, 2014-2018 წლებში ბენეფიციარი კომპანიების მიერ 3 033 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და აღნიშნული თანამშრომლებისთვის გადახდილი ჯამური სახელფასო ფონდი დაახლოებით 25 552 635 ლარს შეადგენს, საშემოსავლოს გარეშე (ხელზე ასაღები).
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის მონაცემის 2017 წელთან შედარება არარელევანტურია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს პროექტის ფარგლებში 25 საწარმო იყო სუბსიდირებული, 2017 წელს კი 100 საწარმოს მონაცემია აღებული. ეს რიცხვები ერთმანეთთან არაშედარებადია. ბუნებრივია, რომ 100 საწარმოს კონტრიბუცია მშპ-ში უფრო მეტი იქნება, ვიდრე 25 საწარმოსი. ასევე, პროექტი 2014 წლის მაისში ამოქმედდა და ლოგიკურია, რომ 2014 წელს და 2015 წელს ბენეფიციარი კომპანიები ღირებულს ვერაფერს შექმნიდნენ.
ამასთან, მკვლევრები თავადაც აღნიშნავენ, რომ მშპ-ს ზრდა მხოლოდ საწარმოების სუბსიდირებით არ არის განპირობებული. კვლევაში ნათქვამია: „ზრდა მხოლოდ სუბსიდირების შედეგი არ არის. როგორც რეგრესიული ანალიზი გვიჩვენებს, მშპ-ს შექმნა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და განყენებულად, მხოლოდ სუბსიდია ვერ იმოქმედებს მნიშვნელოვნად ეკონომიკაზე“, ასევე „შედეგი უჩვენებს, რომ ინდიკატორების ურთიერთდამოკიდებულება არ არის ძალიან მაღალი. მართალია კორელაციის კოეფიციენტი დადებითია, რაც გულისხმობს, რომ სუბსიდიის ზრდა მშპ-ს ზრდასაც იწვევს. თუმცა, ღირებულება არ იცვლება პროპორციულად და შექმნილი ეფექტი არის უფრო ნაკლები, ვიდრე გაცემული სუბსიდია“.