რეზიუმე: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკა (რეალური მშპ), საშუალოდ, 6.2%-ით იზრდებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდგომი პერიოდი შენელებული ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა და 2013-2018 წლებში ეკონომიკა, საშუალოდ, მხოლოდ, 3.9%-ით იზრდებოდა. 2012 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, 2013 წელს - 3.4%, ხოლო 2018 წელს - 4.7%. შენელებულ ეკონომიკურ ზრდას შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორები გააჩნია, რომელთა ნაწილი ხელისუფლების გავლენის სფეროს არ განეკუთვნება, მაგალითად ნაკლები სტაბილურობა რეგიონსა და მსოფლიოში. ამ მხრივ განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ასევე, სირიისა და თურქეთის მოვლენები. თუმცა, შენელებული ზრდის ფაქტორთა ნაწილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება, იმ დაუსაბუთებელი რეფორმების გამო, როგორიცაა: სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა და ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება და ა.შ.
2004-2012 წლებში ლარის კურსი, დოლართან მიმართებით, იყო საშუალოდ 1.7, ხოლო 2013-2018 წლებში -2.2. 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2019 წლის მიმდინარე მონაცემებით, ლარის კურსი, დოლართან მიმართებით, დაახლოებით 65%-ით გაუფასურდა. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია 2014 წელს დაიწყო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ლარის კურსზე მოქმედებდა საგარეო ფაქტორები, მაგალითად დოლარის ინდექსის გამყარება. თუმცა, მეორე მხრივ, ლარის კურსისთვის საზიანო გავლენა ჰქონდა მთავრობის იმ ნაბიჯებს, რაც ზემოთ, მშპ-ს ზრდის შესახებ საუბრისას აღვნიშნეთ.
განცხადებები „გაუმართლებლად მაღალ“ კომუნალურ ტარიფებზე და მათი მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობაზე „ქართული ოცნების“ წევრთა მხრიდან 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მართლაც კეთდებოდა. 2012 წლიდან დღემდე, სამომხმარებლო ტარიფები ელექტრო ენერგიაზე არა თუ განახევრდა, არამედ გაიზარდა დაახლოებით 4-5 თეთრით. ბუნებრივი აირის შემთხვევაში, სამომხმარებლო ტარიფები ძირითადად უცვლელი იყო 2017 წლამდე, მაგრამ ხდებოდა სუბსიდირება 5 თეთრით, რაც ტექნიკურად სამომხმარებლო ტარიფის დაწევად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული სუბსიდირება 2017 წელს დასრულდა. 2017 წელს გაზის ტარიფი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისთვის გაიზარდა, რადგან სემეკ-მა „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ ერთიანი ტარიფი დაადგინა. კომპანია 41 ყოფილ ლიცენზიანტს აერთიანებს, შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა. ეს გულისხმობს, რომ „სოკარ ჯორჯიას გაზის“ აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ. ზოგიერთი აბონენტებისთვის ტარიფი 26 თეთრითაც გაძვირდა.
ანალიზი
21 მაისს გადაცემა არჩევანში სტუმრობისას, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა (57:40 წთ-დან): „მილიარდერმა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ შეენარჩუნებინა მაინც ის რაც გადააბარეს, შეენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის ტემპი, შეენარჩუნებინა ლარის კურსი, შეენარჩუნებინა მაინც თუნდაც ის ტარიფები, რომლის განახევრებას ის პირდებოდა“.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ მშპ-ს ზრდის და ლარის კურსის დინამიკა.
გრაფიკი 1: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და გაცვლითი კურსის დინამიკა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ქვეყნის რეალური მშპ, საშუალოდ, 6.2%-ით იზრდებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდგომი პერიოდი შენელებული ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა და 2013-2018 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3.9%-ით იზრდებოდა. 2012 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, 2013 წელს - 3.4%, ხოლო 2018 წელს - 4.7%. შენელებულ ეკონომიკურ ზრდას შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორები გააჩნდა, რომელთაგან ნაწილი ცალკეული ქვეყნის ხელისუფლების გავლენის სფეროს არ განეკუთვნება, მაგალითად ეკონომიკურ-პოლიტიკური აქტივობა და სტაბილურობა მსოფლიოში. თუმცა, შენელებული ზრდის ფაქტორთა ნაწილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება იმ დაუსაბუთებელი რეფორმების გამო, როგორიცაა: სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა და ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება და ა.შ. (იხ. ბმული 1 ; ბმული 2 ; ბმული 3 ).
2004-2012 წლებში ლარის კურსი, დოლართან მიმართებით, იყო საშუალოდ 1.7, ხოლო 2013-2018 წლებში - 2.2. 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2019 წლის მიმდინარე მონაცემებით, ლარის კურსი, დოლართან მიმართებით, დაახლოებით 65%-ით გაუფასურდა. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია 2014 წელს დაიწყო. თუმცა, როგორც მშპ-ის შემთხვევაში, ხელისუფლებას გავლენა ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორების მხოლოდ ნაწილზე გააჩნია. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებზეც მთავრობას კონტროლის მექანიზმები არ გააჩნია არის დოლარის ინდექსი, რომელმაც მკვეთრი გამყარების ტენდენცია შეიძინა 2014 წლის მესამე კვარტლიდან , ასევე ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემები რეგიონში. თუმცა, მთავრობა პასუხისმგებლობისგან ბოლომდე თავისუფალი არ არის და ცალკეული ქმედებები [1] თუ უმოქმედობა, ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
განცხადებები „გაუმართლებლად მაღალ“ კომუნალურ ტარიფებზე და მათი მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მართლაც კეთდებოდა.
საკანონმდებლო მაცნეს მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე, სამომხმარებლო ტარიფები ელექტრო ენერგიაზე არა თუ განახევრდა, არამედ გაიზარდა დაახლოებით 4-5 თეთრით.
ცხრილი 1: ცვლილებები ელ. ენერგიის სამომხმარებლო ტარიფში 2010-2017 წლებში (თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე)
თელასი |
2010 |
დეკ. 2012 |
აპრ. 2013 |
სექ. 2015 |
დეკ. 2016 |
დეკ. 2017 |
0–101 კვტ/სთ |
11.424 |
8.424 |
11.424 |
11 |
11 |
12.325 |
101–301 კვტ/სთ |
13.56 |
10.56 |
13.56 |
14.4 |
14.4 |
15.725 |
301 კვტ/სთ და მეტი |
14.998 |
14.998 |
14.998 |
18.2 |
18.2 |
19.525 |
ენერგოპრო |
2010 |
დეკ 2012 |
აპრ 2013 |
სექტ 2015 |
დეკ 2016 |
დეკ 2017 |
0–101 კვტ/სთ |
11 |
8 |
7.63 |
7.63 |
10.978 |
12.065 |
101–301 კვტ/სთ |
14 |
11 |
11 |
11 |
14.348 |
15.435 |
301 კვტ/სთ და მეტი |
14.83 |
14.83 |
14.83 |
14.83 |
18.178 |
19.265 |
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
რაც შეეხება ტარიფს ბუნებრივ აირზე, განსხვავებულია ბუნებრივი აირის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფები, სამი უმსხვილესი პროვაიდერის შემთხვევაში. „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფის ზედა ზღვარი 2012-2017 წლებში არ შეცვლილა, თუმცა 2013 წლის მარტიდან 5 თეთრით ტარიფის შემცირება სუბსიდირების ხარჯზე განხორციელდა, რაც დიდწილად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. ბუნებრივი აირის ფასი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა. კორპორაციამ სადისტრიბუციო კომპანიებს ბუნებრივი აირის მისაწოდებელი ფასი შეუმცირა. 2017 წლის ივლისში გაუქმდა სუბსიდირების მემორანდუმები და აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა. 2017 წლის ივლისშივე გაზის ტარიფი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაიზარდა, რადგან სემეკ-მა „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ ერთიანი ტარიფი დაადგინა - 48.25 თეთრი დღგ-ს გარეშე. აღნიშნულ თემაზე, იხილეთ ფაქტ-მეტრის კვლევა.
ცხრილი 2: ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები დღგ-ს გარეშე 2012-2018 წლებში
ორგანიზაცია |
აგვ 2012-ივლ 2017 |
ივლ 2017-2018 |
|
ყაზტრანსგაზი |
მაღალი წნევით |
31.669 |
39,113 |
საშუალო წნევით |
34.805 |
||
დაბალი წნევით |
42.898 |
||
სოკარი |
- |
48.254 |
|
საქორგგაზი |
48.314 |
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
[1] 2016 წელს წამოჭრილი იდეა ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ, სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა და სხვა.