რეზიუმე: 2016 წელს შემუშავებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.

ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2020 წლამდე დაგეგემილ საგზაო ინფრასტრუქტურაზედაწვრილებით ისაუბრადა აღნიშნა: „მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება. დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 სახიდე გადასასვლელი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.

2017-2018 წლებში სულ 66.7კილომეტრი ახალი გზააშენდა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას, აშენდა 25 ახალი ხიდი და 3 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი ხიდი და გვირაბი. დაპირების შესასრულებლად, მიმდინარე და მომდევნო წელს ხელისუფლებამ 733.3 კილომეტრი გზა (მათ შორის 505 კილომეტრი ავტობანი) უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.

ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2020-2023 წლებში დასრულდება. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთის: ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2021 წლის ბოლო და არა 2020 წელი.

ანალიზი

პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძემ განაცხადა: „გავიხსენოთ 2 წლის წინ ინფრასტრუქტურის შესახებ ამ ტრიბუნიდან, ოღონდ ქუთაისის ტრიბუნიდან, პრემიერ-მინისტრის მოხსენება. მაშინ ამბობდით, რომ თქვენ 4 წელიწადში, 2020 წლისთვის, ააშენებდით 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ - საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა.

სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა იყო. ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა (2.7 ინფრასტრუქტურის განვითარება, გვ.23).

ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა 2020 წლამდე დაგეგემილ საგზაო ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა: „მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება.დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 სახიდე გადასასვლელი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.

2017-2018 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფაქტობრივი ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარზე მეტი იყო. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 1.3 მილიარდი ლარია განსაზღვრული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს მოძრაობა სრულად გაიხსნა:

  • ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა (15 კილომეტრი);
  • აგარა-ზემო ოსიური (12 კილომეტრი);
  • თიანეთი-ზარიძეების გზა (12 კილომეტრი);
  • ნიკეას ქუჩა-გეგუთის სატრანსპორტო კვანძი (4.1 კილომეტრი);
  • სულ - 43.1 კილომეტრი.

ასევე, 2017 წელს აღნიშნული პროექტების ფარგლებში აშენდა 9 პარალელური ხიდი, 4 საფეხმავლო ხიდი და 4 სახიდე გადასასვლელი, სულ 17 ხიდი. იმავე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 208.6 კილომეტრ გზას.

2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, მოძრაობა სრულად გაიხსნა:

  • ქობულეთის შემოვლით გზაზე (18 კილომეტრი);
  • სტეფანწმინდა - სამების ეკლესია (5.6 კილომეტრი);
  • სულ - 23.6 კილომეტრი

2018 წელს აშენდა 8 ხიდი, მათ შორის -ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში-ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია (მანამდე, ყველაზე გრძელი ხიდი ქალაქ გორთან მდინარე ლიახვზე არსებული პარალელური ხიდები იყო,რომელთა სიგრძე 880 მეტრია). 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 218 კილომეტრ გზას.

ამგვარად, 2017-2018 წლებში სულ აშენდა 66.7 ახალი გზა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას. საანგარიშო პერიოდში 25 ახალი ხიდი აშენდა, მათ შორის ყველზე გრძელი. ასევე, დარიალის ხეობაში აშენდა 1.7 კილომეტრი სიგრძის გვირაბი. 1950 წლიდან რიკოთის გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. საანგარიშო პერიოდში სულ 3 გვირაბი აშენდა.

2019 წელს დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის 77 კმ გზაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად 2020-2023 წლებში დასრულდება. მიმდინარე წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობის დასრულება 43 კილომეტრ გზაზე იგეგმება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ქართული ოცნების დაპირება ოთხ წელიწადში 800 კილომეტრი საგზაო ინფრასტრუქტურის აშენებაა. დაპირებული ოთხწლიანი პერიოდიდან, ორი წელი უკვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში 66.7 კილომეტრი გზა აშენდა, მათ შორის 45 კილომეტრი მაგისტრალი. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს და მომდევნო წელს ხელისუფლებამ 733.3 კილომეტრი გზა უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.

ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2020-2023 წლებში დასრულდება. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორი მონაკვეთის: ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2021 წლის ბოლო და არა 2020 წელი, როგორც დაპირებაშია აღნიშნული.

აღნიშნული დაპირების შესრულების შეუძლებლობას ამყარებს შემდეგი მონაცემიც: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან 2018 წლის ჩათვლით, მოძრაობა 190 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. შესაბამისად წელიწადში საშუალოდ (2006 წელს არ ვთვლით, რადგან ამ წელს ავტობანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა) 15.8 კილომეტრი ავტობანი შენდებოდა. ამ ტემპით, 505 კილომეტრი ავტობანის მშენებლობას 31 წელზე მეტი დასჭირდება. თუ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ავტობანზე დაგებული გზის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ავიღებთ(ქართული ოცნების პერიოდში 121.85 კმ გზა დაიგო), 20.3 კილომეტრი გამოვა. თუ ხელისუფლება მშენებლობის საკუთარ ტემპს შეინარჩუნებს, 505 კილომეტრი ავტობანის აშენებას 24 წელზე მეტი დასჭირდება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი