რეზიუმე: ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დაიწყო. აღნიშნული გზის მშენებლობის ორ ეტაპად განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მშენებლობის დაწყებისთანავე იყო მიღებული. პირველ ეტაპზე გზის ორი ზოლი უნდა აშენებულიყო, ხოლო მოგვიანებით მისი ოთხზოლიანად მოდერნიზაციამოხდებოდა. ეს გადაწყვეტილება გზის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ემყარებოდა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, გზის პარამეტრების შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წლიური საშუალო სადღეღამისო მოძრაობის დაყვანილი ინტენსივობაწარმოადგენს(დღე-ღამეში გზაზე მოძრავი მანქანების საშუალო რაოდენობა). ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისას აღნიშნული ინტენსივობა დღე-ღამეში 7 000 მანქანას შეადგენდა. ოთხზოლიანი გზის ასაშენებლად მოძრაობის დაყვანილი ინტენსივობა დღე-ღამეში 14 000 მანქანა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, პირველ ეტაპზე აშენდა ორზოლიანი გზა.
მოგვიანებით, 2015-2016 წლებში აღნიშნულ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად იმატა ავტოტრანსპორტის დაყვანილმა ინტენსივობამ, რამაც 10 000 ავტომობილს მიაღწია. ასევე, ქუთაისის შემოვლით გზაზე ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მეორე ზოლის მშენებლობის აუცილებლობის საკითხი.
2018 წლის ბოლოს აღნიშნული გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხ ლოტად არის დაყოფილი. სამი მონაკვეთის მშენებლობას ქართული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ განახორციელებს, მეოთხე მონაკვეთს კი კომპანია „აკორდი“ ააშენებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტრაქტორის საშუალებით პირველად განახორციელებს. ქუთაისის შემოვლითი, ახალი გზის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 200 255 000 ლარია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტი 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.
ანალიზი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში სტუმრობისას, ქუთაისის შემოვლით გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ის, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლი არ შესრულდა, არ არის არავის დანაშაული. როგორც ყველა პროექტზე, ამ გზასთან მიმართებაშიც ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. აღმოჩდა,რომ გზის დატვირთვის კოეფიციენტი არ არის იმ დონის, რომ მეორე ზოლი აშენებულიყო“.
ქუთაისის შემოვლითი გზა ორი ლოტისგან: ქუთაისის შემოვლითი და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მონაკვეთებისგან შედგება, რომელთა სიგრძე ჯამში 41 კილომეტრია. აღნიშნული გზის მონაკვეთების მშენებლობა 2012 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი კომპანია „ტოდინმა“ განახორციელა, დონორი კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) იყო. ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 147.5 მილიონი ლარი და 41.5 მილიონი ევრო იყო. ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ორ ეტაპად განხორციელების შესახებ, გზის მშენებლობის დაწყებისთანავე იყო მიღებული. პირველ ეტაპზე ორი ზოლი აშენდებოდა, ხოლო მოგვიანებით მოხდებოდა მისი ოთხზოლიანად მოდერნიზაცია. ეს გადაწყვეტილება გზის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ემყარებოდა (2008 წელს ჩატარებულ კვლევას). აღნიშნული კვლევის მიხედვით, გზის პარამეტრების შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს წლიური საშუალო სადღეღამისო მოძრაობის დაყვანილი ინტენსივობა (დღე-ღამეში გზაზე მოძრავი მანქანების საშუალო რაოდენობა). ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისას (2012 წლის ბოლოს) აღნიშნული ინტენსივობა დღე-ღამეში 7 000 მანქანას შეადგენდა. ოთხზოლიანი გზის ასაშენებლად დაყვანილი ინტენსივობა დღე-ღამეში 14 000 მანქანა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად,პირველივე ეტაპზე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა ეკონომიკურად არ იყო მიზანშეწონილი დონორი ორგანიზაციების მიერ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გათვალისწინებული იყო ეტაპობრივად, საავტომობილო ნაკადების ზრდის შესაბამისად. კვლევაში ნავარაუდევი იყო, რომ გზის ოთხზოლიანად მოდერნიზაციის აუცილებლობა 2020 წლისთვის დადგებოდა. თუმცა, ქუთაისის შემოვლითი გზის ორზოლიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 2015-2016 წლებში აღნიშნულ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად იმატა ავტოტრანსპორტის დაყვანილმა ინტენსივობამ, რამაც 10 000 ავტომობილს მიაღწია. ასევე, ქუთაისის შემოვლით გზაზე ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მეორე ზოლის მშენებლობის აუცილებლობის საკითხი. შესაბამისად, 2017 წლის ივლისში შპს „საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტ ტრანსპროექტმა“ მოამზადა კვლევა, რის საფუძველზეც დადგინდა პროექტის (დამატებით ორზოლიანი გზის) განხორციელების აუცილებლობა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავდა.
ქუთაისის შემოვლითი ახალი 41.3 კილომეტრიანი გზა ოთხ ლოტად არის დაყოფილი. სამ ლოტზე გამოცხადებულ ტენდერში ქართულმა კომპანიამ „ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა, მეოთხე ლოტის მშენებლობას კი კომპანია „აკორდი“ განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტრაქტორის საშუალებით პირველად ააშენებს. ქუთაისის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის ღირებულება 200 255 000 ლარამდეა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტი 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.