რეზიუმე: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს 218 კილომეტრ გზას და 21 სახიდე გადასასვლელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, 2018 წელს18 კმ ახალი ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო და 8 ახალი ხიდი აშენდა.

2013 წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის პროცენტულ შესრულებაში მზარდი დინამიკა იკვეთება, თუმცა 2018 წელს რეაბილიტირებული და ახალი გზების სიგრძე (კილომეტრებში) წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი, ოფიციალური მონაცემით, 105.21%-ით შესრულდა. თუმცა, დეკემბრის თვეში საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი დაზუსტდა და შემცირდა. დაზუსტების გარეშე ბიუჯეტის ათვისება სრულად ვერ მოხერხდებოდა. სავარაუდოდ, ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, ბოლო ერთ თვეში ბიუჯეტიდან 588. 6 მილიონი ლარი იქნა ათვისებული (მთლიანი ბიუჯეტის 51%). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ათვისება პრობლემატურია. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის ყველაზე დიდი პროექტი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა, ხარვეზებით და დროში ჩამორჩენით მიმდინარეობს. შეფერხებით მიმდინარეობს მთის გზების პროექტებიც.

ანალიზი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა და განაცხადა: „2018 წელს მოხდა 218 კილომეტრი გზის და 21 სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე, 8 ახალი ხიდი აშენდა“.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს რეაბილიტაცია 218 კილომეტრ გზას და 21 სახიდე გადასასვლელს ჩაუტარდა. ასევე, 2018 წელს დაიგო 18 კმ ახალი ასფალტ-ბეტონის გზა და აშენდა 8 ახალი ხიდი. ხოლო, 2013-2018 წლებში სულ 155 ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს ქობულეთის შემოვლითი გზის ფარგლებში ყველაზე გრძელი ხიდი აშენდა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. მანამდე ყველაზე გრძელი - 880 მეტრის სიგრძის პარალელური ხიდები იყო, რომელებიც მდინარე ლიახვზე, ქალაქ გორთან, მდებარეობს. 2013-2018 წლებში სამი საავტომობილო გვირაბიც აშენდა. მათ შორის, ყველაზე გრძელი 1 700 მეტრიანი გვირაბი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, აშენდა.

რაც შეეხება გზების მშენებლობის წინა წლების სტატისტიკას, შემდეგნაირია:

ცხრილი1: 2013-2018 წლებში რეაბილიტირებული და აშენებული გზების საერთო სიგრძე (კმ)

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

გზა (ახალი)

15.4

41.4

28.4

23.3

28

18

გზა (რეაბილიტირებული)

260

265

254.3

222.8

208.6

218

წყარო: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, რეაბილიტირებულ (გარდა 2017 წლისა) და ახლადაშენებულ გზების სიგრძე შემცირებულია.

ფაქტ-მეტრმა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის 2013-2018 წლის ბიუჯეტი გააანალიზა.

ცხრილი 2: საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 2013-2019 წლებში

წელი

ბიუჯეტი (გეგმა)

ბიუჯეტი (დაზუსტებული)

ბიუჯეტი (ფაქტი)

შესრულება

2013

501 740 000

560 697 650

522 990 165

93.27%

2014

501 720 000

542 708 000

526 434 132

97%

2015

506 980 000

494 123 015

488 395 565

98.84%

2016

526 580 000

537 478 500

529 797 159

98.57%

2017

854 827 000

865 775 200

873 826 237

100.92%

2018

1 082 000 000

1 144 681 000

1 204 329 593

105.21%

2019

1 302 050 000

-

-

-

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

2013 წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის პროცენტულ შესრულებაში მზარდი დინამიკა იკვეთება (2016 წელს არის მცირედი შემცირება). თუმცა, 2018 წელს რეაბილიტირებული და ახალი გზების საერთო სიგრძე (კილომეტრებში), წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის 12 თვიანი დაზუსტებული გეგმა 1 310 820 000 ლარი იყო. დეკემბრის თვეში გეგმა კვლავ დაზუსტდა და 166 139 000 ლარით შემცირდა (1 144 681 000 ლარით განისაზღვრა). ასევე, დეკემბრის თვეში მოხდა ბიუჯეტიდან 588.6 მლნ ლარის ათვისება (ბიუჯეტის 51%). 2018 წლის საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი, ოფიციალური მონაცემით, 105.21%-ით შესრულდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკემბრის თვეში საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი დაზუსტდა და შემცირდა. დაზუსტების გარეშე ბიუჯეტის ათვისება სრულად ვერ მოხერხდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, ბოლო ერთ თვეში ბიუჯეტიდან 588. 6 მილიონი ლარი იქნა ათვისებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ათვისება პრობლემატურია. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის ყველაზე დიდი პროექტი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა ხარვეზებით და დროში ჩამორჩენით მიმდინარეობს (იხ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია 1, სტატია 2), ასევე შეფერხებით მიმდინარეობს მთის გზების პროექტებიც (იხ. სტატია 3).

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი