რეზიუმე: 2017 წლის ნოემბერში, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის განხილვისას, 2018-2019 წლებისთვის 14 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 27 სკოლისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (ობიექტის აშენების მიზნით, შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, დადგენილი მოცულობით მომზადებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია) შესყიდვა დაანონსდა, რისთვისაც მხოლოდ 2018 წლის ბიუჯეტში, ჯამში, 7 858 560 ლარი გაითვალისწინეს.

დაპირების თანახმად, 2018 წელს სამინისტროს მხოლოდ 4 580 000 ლარი 14 სკოლის მშენებლობის პირველ ეტაპზე უნდა აეთვისებინა: შარშან თოთხმეტივე სკოლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო და აქედან ოთხის უნდა დასრულებულიყო კიდეც. თუმცა, 2018 წელს ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და სკოლების ნაწილი ქვეპროგრამიდან ამოიღეს. აქედან გამომდინარე, შარშან რეგიონში მხოლოდ ოთხი საჯარო სკოლა აშენდა და ჯამში 3 423 221 ლარი გაიხარჯა, დანარჩენებზე კი მუშაობა არც დაწყებულა. ამ სკოლების მშენებლობა არც ამ ეტაპზე არაა დაწყებული. არსებული მდგომარეობით, სამი საჯარო სკოლის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, 2019 წლის მარტში, აპრილსა და მაისში, დადებულია ხელშეკრულებები, სხვა დაგეგმილ პროექტებზე მიმდინარეობს ტენდერის პროცედურები, ან ტენდერი საერთოდ არ გამოცხადებულა. ასევე გაურკვეველია ბათუმის #6 საჯარო სკოლის მშენებლობის ბედი. სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციით, ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც 2018-2019 წელს იგეგმებოდა, 2019 წელს უნდა დაიწყოს და 24 თვეში დასრულდეს, ანუ - 2021 წელს.

2018 წელს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, 23-ის ნაცვლად, 15 საჯარო სკოლას ჩაუტარა, თუმცა ყველა სკოლის რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა განხორციელებულიყო, ხოლო დაგეგმილი 27-დან მხოლოდ 9 სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეისყიდა. ამ ორი მიმართულებით უწყებამ ჯამში 3 413 060 ლარი აითვისა.

ანალიზი

2018 წლის ნოემბერში აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის (უკვე ყოფილმა) მინისტრმა ინგა შამილიშვილმა განაცხადა: „[აჭარაში] დაგეგმილია 14 ახალი სკოლის მშენებლობა, 23 სკოლის რეაბილიტაცია და 27 პროექტის შეძენა, რომლებიც შემდგომ წლებში განხორციელდება“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება 2017 წლის ბოლოს გადაამოწმა. მინისტრი იმ პროექტებზე საუბრობდა, რომლებიც 2018-2019 წლებში უნდა განხორციელებულიყო. აჭარის ა/რ 2018 წლის ავტონომიურ ბიუჯეტში ამ პროექტებისთვის თანხა ნამდვილად იყო გათვალისწინებული და აღნიშნული ინფორმაცია მაშინ ჩვენ სამინისტრომაც მოგვაწოდა.

წელიწად-ნახევრის შემდეგ აღნიშნულ საკითხს კვლავ დავუბრუნდით. გადავწყვიტეთ, გადაგვემოწმებინა, როგორ შესრულდა დაპირება. უწყებისგან ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ და ის 2017 წლის ნოემბერში გამოგზავნილ პასუხს შევადარეთ.

როგორც აღმოჩნდა, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაანონსებული პროექტებიდან 2018 წელს მხოლოდ რამდენიმე განხორციელდა - 14 სკოლიდან, ამ ეტაპზე, აშენებულია და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ 4 საჯარო სკოლაში, ხოლო 3 საჯარო სკოლის მშენებლობის მიზნით, დადებულია ხელშეკრულებები. რაც შეეხება სხვა პროექტებს, წელს რამდენიმეზე ტენდერის პროცედურები მიმდინარეობს, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ტენდერი არც გამოცხადებულა. აღსანიშნავია, რომ გეგმიდან ამოღებულია სოფელ სკურას საჯარო სკოლის მშენებლობა. ასევე გაურკვეველია, როდის აშენდება ბათუმის # 6 საჯარო სკოლა (სავარაუდოდ, ტენდერი გამოცხადდება 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ). მშენებლობისთვის გახარჯულმა თანხამ ჯამში 3423221 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, პროექტი განხორციელდა თხუთმეტ საჯარო სკოლაში, რისთვისაც 3 393 780 ლარია დახარჯული. გარდა ამისა, 19 280 ლარი დაიხარჯა პროექტების შეძენის მიზნით (მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებამდე უნდა მომზადდეს დოკუმენტაცია, შესაძლოა ასევე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ. ამ დოკუმენტაციის მიხედვით უკვე მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია იწყებს სამუშაოების განხორციელებას). სამინისტრომ სულ 9 პროექტი შეისყიდა, ხოლო 4 საჯარო სკოლის პროექტი გეგმიდან საერთოდ ამოღებულია. დანარჩენ შემთხვევაში, მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება 6 836 281 ლარია.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რატომ ვერ განხორციელდა დაგეგმილი პროექტები დაპირებულ ვადაში. როგორც პასუხიდან ირკვევა, 10 საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019 წელს დასრულებულიყო. 2018 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამა „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ჩასწორდა და იქიდან რამდენიმე სკოლა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის იყო, რომ სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტები განახორციელებდნენ. თუმცა, როგორც სამინისტროდან მოგვწერეს, ამ საკითხზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს. უწყებამ 2019 წელს 8 ახალი სკოლის მშენებლობისა და 12 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი უნდა განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სამინისტროს უკვე შესყიდული უნდა ჰქონოდა ბათუმის მე-2, მე-5, მე-9 და მე-15 სკოლების საპროექტო დოკუმენტაცია, თუმცა პროექტებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ბათუმში დაგეგმილი ორი სკოლის მშენებლობის პროექტიდან კი არც ერთი არ განხორციელდა. აქედან ერთზე ხელშეკრულება უკვე დაიდო და მშენებლობა დაწყებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს.

ინფორმაციისთვის, წელს ბათუმის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ყველა მშობელმა ვერ მოახერხა, რადგან საკმარისი ადგილი არ იყო. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, ეს ქალაქში სკოლების სიმცირითაც არის გამოწვეული. საინტერესოა, რომ ბათუმის ცენტრალურ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლაა. წელს, რეგისტრაციისას შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, შვიდ საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის 25-25 ადგილი დაემატა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხს წლის ბოლოს კვლავ დაუბრუნდება და გადაამოწმებს, როგორ შეასრულა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც 2019 წელს უნდა განხორციელდეს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი