რეზიუმე: პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის სხდომას დაესწროს, სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინოს.
2018 წლის 17 დეკემბერს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტებს მიმართა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას კომიტეტების სხდომაზე გამოცხადება მოითხოვა. მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრი სხდომას არ დაესწრო და უპასუხა, რომ საკითხები, რის გამოც იბარებენ, პლენარულ სხდომაზე უკვე განიხილეს და მისი კომიტეტის სხდომაზე დასწრება აუცილებელი აღარ იყო.
2019 წლის 4 მარტს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა და „თი ბი სი“ ბანკის მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრის კომიტეტის სხდომაზე მისვლა მოითხოვა, თუმცა მინისტრი სხდომაზე არ მისულა.
2019 წლის 22 აპრილს საპარლამენტო ფრაქციებმა („ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - რეგიონები“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიწვევა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრება მოითხოვეს, თუმცა არც ამ შემთხვევაში მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადებულა. კომიტეტის სხდომაზე ნათია თურნავაც არ მისულა.
ანალიზი
პარლამენტის სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მიმართა: „როცა კომიტეტზე ხართ დაბარებული, არ მოდიხართ ხოლმე. მას შემდეგ რაც ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, ეს მოხდა უკვე სამჯერ. 2018 წლის 17 დეკემბერს იყო გამოგზავნილი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან პირველი წერილი, შემდეგ 2019 წლის 4 მარტს და ბოლოს 22 აპრილს. რეგლამენტის მე-40 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, რეგლამენტით დადგენილი წესით, ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს. თქვენ ეს წესი უკვე სამჯერ დაარღვიეთ“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის მე-40 მუხლი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების საკითხს არეგულირებს. მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი[1], პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა“. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი კი ამბობს, რომ პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე.
პარლამენტის აპარატის მიერ ფაქტ-მეტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 17 დეკემბერს, ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტს მიმართა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას კომიტეტის სხდომაზე გამოცხადება მოითხოვა. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ის შეეხებოდა: ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას; 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების გამოძიებას; 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების ცემის გამოძიებას, აგრეთვე აღნიშნულ ქმედებაში საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის სავარაუდო მონაწილეობას; 2018 წლის 16 დეკემბერს კახეთის რეგიონში მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების გამოძიებას; ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის გამოძიებას.
კომიტეტებმა, თავის მხრივ, აღნიშნული მოთხოვნა გაუგზავნეს მინისტრს, თუმცა ის კომიტეტის წინაშე არ გამოცხადდა და უპასუხა, რომ ეს საკითხები პლენარულ სხდომაზე უკვე განიხილეს და მისი კომიტეტის სხდომაზე დასწრება აუცილებელი აღარ იყო.
შს მინისტრის დაბარების კიდევ ორ შემთხვევაში, ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია, ოფიციალური წერილების სახით, თავად ხათუნა გოგორიშვილისგან მიიღო. 2019 წლის 4 მარტს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა და „თი ბი სი“ ბანკის მოვლენებთან დაკავშირებით, შს მინისტრის კომიტეტის სხდომაზე მისვლა მოითხოვა, თუმცა მინისტრი სხდომაზე არ მისულა.
2019 წლის 22 აპრილს საპარლამენტო ფრაქციებმა („ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - რეგიონები“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიწვევა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრება მოითხოვეს, თუმცა არც ამ შემთხვევაში მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადებულა. კომიტეტის სხდომაზე ნათია თურნავაც არ მისულა.
მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტში მინისტრების პარლამენტში მისვლის სტატისტიკასთან დაკავშირებით, იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია.
[1] მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი