რეზიუმე: 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე დოლარის კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 19 თებერვალს 2.6404-ის, ყველაზე მაღალი - 23 მაისს 2.7756-ის დონეზე ფიქსირდება. ლარის კურსის კლების შედარებით გამოკვეთილი ტენდენცია 8 მაისიდან დაიწყო და ორ კვირიან პერიოდში 1 დოლარის ღირებულება 2.7083-დან 2.7756-მდე, 2.48%-ით გაიზარდა (ანუ, ლარის კურსი შემცირდა).
ვალუტის კურსის შემცირებას არ მიუღია ის მასშტაბები რაც ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემებს წარმოშობდა, თუმცა ლარის კურსის შემცირების შედეგად, სესხის მომსახურება იმ პირებს გაუძვირდებათ, რომლებიც შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებენ, ვალდებულებები კი დოლარში აქვთ. მოცემულ ნაწილში დოლარიზაციის (მაგ. სესხების დოლარიზაცია) შემცირების მნიშვნელობაზე ფინანსთა მინისტრის მითითება რელევანტურია და განსხვავებული მოსაზრება, შესაძლებელია, მხოლოდ მიზნის მიღწევის მისაღებ გზებზე მსჯელობისას იკვეთებოდეს.
რაც შეეხება ლარის კურსის მიმდინარე კლების მიზეზებს, კონკრეტულ მოკლევადიან პერიოდში კურსის ცვლილების ასახსნელად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ იცვლებოდა ფულადი ნაკადები. ქვეყნიდან გამავალი და შემომავალი ფულადი ნაკადების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ასახულია საგადასახდელო ბალანსში, თუმცა ის ჯერჯერობით საჯარო არ არის. უფრო ოპერატიულად ქვეყნდება ბალანსის ცალკეული მუხლების შესახებ მონაცემები (მაგ. საგარეო ვაჭრობა, გზავნილები და სხვა, თუმცა ვინაიდან მიმდინარე თვე დასრულებული არ არის, არც აღნიშნული მონაცემებია საჯაროდ ხელმისაწვდომი, რაც სრულყოფილი ანალიზის საშუალებას მხოლოდ იმ სუბიექტებისთვის იძლევ, ვისაც ხელი ოპერატიულ ინფორმაციაზე დროის რეალურ რეჟიმში მიუწვდება (ეროვნული ბანკი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი).
გავლენის მქონედ დასახელებული საგარეო ფაქტორი კი თურქეთში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების სახით, ნამდვილად წარმოადგენს ლარის კურსის კლების ერთ-ერთ მიზეზს, ვინაიდან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და როცა იქ სიტუაცია უარესობისკენ იცვლება, ეს საქართველოზეც აისახება. თუმცა, არის თუ არა კურსის მიმდინარე შემცირების მაპროვოცირებელი ერთადერთი ან ძირითადი ფაქტორი მხოლოდ საგარეო ფაქტორი, ამის გადაჭრით თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან შესაბამისი მონაცემები ცნობილი არ არის.
ამდენად, ფაქტ-მეტრი ფინანსთა მინისტრის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და საკითხის სრულყოფილ ანალიზს შესაბამისი სტატისტიკის გასაჯაროების შემდგომ დაუბრუნდება.
ანალიზი
მიმდინარე პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი დოლართან მიმართებით ლარის კურსის მორიგი კლება გახდა. მაისის დასაწყისში 1 დოლარი 2.7 ლარის ტოლი იყო, დღეის მდგომარეობით კი კურსი 2.78-ის ნიშნულზეა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნული ცვლილება საგარეო ფაქტორებს, მათ შორის თურქული ლირის გაუფასურებას დაუკავშირა და მოქალაქეთათვის სავალუტო რისკის შემცირების ნაწილში, ყურადღება დედოლარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოს ეროვნულ ვალუტას მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, რაც ნიშნავს, რომ კურსი ყალიბდება სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად და ეროვნული ბანკი მოცემულ პროცესში კურსის კორექტირების მიზნით არ ერევა, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა კურსის ცვლილება ინფლაციის პროვოცირებისათვის საკმარის მასშტაბებს აღწევს.
ვალუტის კურსის ცვლილება, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად, ბუნებრივი პროცესია და ერთგვარ მარეგულირებელ ეფექტს ატარებს. ტენდენციიდან მოკლევადიანი არსებითი გადახრის შემთხვევის გარდა, კურსის ცვლილების ხელოვნურად შეზღუდვა კონკრეტულ ნიშნულზე პრაქტიკულად შეუძლებელია და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, როგორც წესი, არასასურველიც. ისეთი იმპორტდამოკიდებული ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც საქართველოა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებით გამოწვეული ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ინფლაციის (სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატება) შესაძლო პროვოცირებაა. აპრილის მდგომარეობით წლიური ინფლაცია (ფასების დონის ზრდა) 4.1%-ია და მიზნობრივ (3%) მაჩვენებელს 1.1 პროცენტული პუნქტით აღემატება. თუ კურსის შემდგომი შემცირება (ან ნებისმიერი სხვა ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორი) მიიღებს იმ მასშტაბებს, რომ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში ფასების დონის სტაბილურობას, ეროვნულ ბანკს მოუწევს გადადგას ნაბიჯები პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით ფასების დონის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებისათვის, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენის მატარებელი იქნება (ფასების სტაბილურობის ხარჯზე). თუმცა, ამ ეტაპზე, მსგავს სცენარზე საუბარი ნაადრევია.
გრაფიკი 1: დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილება
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსის კლების ბოლო, შედარებით გამოკვეთილი პროცესი, 8 მაისიდან იწყება და ორ კვირიანი პერიოდისათვის ცვლილება 2.48%-ია. როგორც გრაფიკიდან ჩანს, მიმდინარე წელი განსხვავდებოდა გასული პერიოდებისაგან ვალუტის შედარებითი სტაბილურობით. ეკონომიკისათვის მეტად დამაზიანებელი სწორედ კურსის არსებითი მერყეობა - კურსის მნიშვნელოვანი კლებისა და ზრდის ტენდენციის ხშირი მონაცვლეობაა, რაც სავალუტო რისკების ზრდას განაპირობებს.
გასათვალისწინებელია კურსის ცვლილების არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური ასპექტიც. მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსის შემცირებას არ მიუღია ის მასშტაბები, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით არსებით პრობლემებს წარმოშობდა, შესაძლებელია ითქვას, რომ კურსის შემცირების პროპორციულად გაუძვირდებათ სესხის მომსახურება პირებს, რომლებიც შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებენ, ვალდებულებები კი დოლარში აქვთ. მოცემულ ნაწილში დოლარიზაციის (მაგ. სესხების დოლარიზაცია) შემცირების მნიშვნელობაზე ფინანსთა მინისტრის მითითება რელევანტურია.
რაც შეეხება კურსის ცვლილების მიზეზებს, ლარის კურსი ეროვნული ვალუტის ერთგვარი ფასია, გამოსახული სხვა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში. თუ მაღალია ლარის მიწოდება და დოლარზე მოთხოვნა, ლარის კურსი მცირდება. ლარზე მაღალი მოთხოვნისა და დოლარის მაღალი მიწოდების შემთხვევაში, პირიქით, ლარი მყარდება. ბაზარზე არსებული ლარის მოცულობაზე (მიწოდება) ძირითადად ეროვნული ბანკის მონეტარული და ნაწილობრივ მთავრობის ფისკალური პოლიტიკა ახდენს გავლენას. დოლარის მიწოდება კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული (საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები, ტრანსფერები, საგარეო ვალის ცვლილება და სხვა). ვალუტების მიწოდებასა და მოთხოვნაზე გარდა რეალური ფაქტორებისა, დამატებით გავლენას ახდენს ბაზრის მონაწილეების მოლოდინი. თუ ბაზრის მონაწილეებს აქვთ უახლოეს მომავალში ცალკეული ვალუტის კურსის შემცირების მოლოდინი, აღნიშნული დღესვე ცვლის ეკონომიკური ქცევას და მოლოდინი აისახება მიმდინარე პერიოდშივე კურსის შემცირებაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ მოკლევადიან პერიოდში კურსის ცვლილების მიზეზის ასახსნელად მნიშვნელოვანია თუ როგორ იცვლებოდა ფულადი ნაკადები. კვარტალურად ან წლიურად აგრეგირებული მონაცემები ამ კუთხით საჭირო ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ზოგადი მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა. ქვეყნიდან გამავალი და შემომავალი ფულადი ნაკადების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ასახულია საგადასახდელო ბალანსში, თუმცა ის დროში დაყოვნებით ქვეყნდება და ვითარების მხოლოდ პოსტფაქტუმ გაანალიზების შესაძლებლობას ტოვებს. შედარებით უფრო ოპერატიულად ქვეყნდება ბალანსის ცალკეული მუხლების შესახებ მონაცემები (მაგ. საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და სხვ.) თუმცა, ვინაიდან მიმდინარე თვე დასრულებული არ არის არც აღნიშნული მონაცემებია საჯაროდ ხელმისაწვდომი, რაც სრულყოფილი ანალიზის საშუალებას მხოლოდ იმ სუბიექტებისთვის ტოვებს, ვისაც ხელი ოპერატიულ ინფორმაციაზე დროის რეალურ რეჟიმში მიუწვდება (ეროვნული ბანკი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი).
კურსზე გავლენის მქონედ დასახელებული საგარეო ფაქტორი, თურქეთში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების სახით, ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ მდგენელს, რასაც სავარაუდოა ჰქონოდა გავლენა ლარის გაცვლით კურსზე, ვინაიდან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა, არის თუ არა ლარის კურსის მიმდინარე შემცირების მაპროვოცირებელი ერთადერთი ან თუნდაც ძირითადი ფაქტორი მხოლოდ საგარეო ფაქტორები, ამ ეტაპზე გადაჭრით თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, შესაბამისი მონაცემების ხელმიუწვდომლობიდან გამომდინარე.