იტვირთება

რეზიუმე: 2011 წლიდან არც ერთ წელს 40 ათასი და მეტი მოსწავლე საატესტატო გამოცდებში არ ჩაჭრილა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სიმონ ნოზაძემ სხვადასხვა წელს ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა დააჯამა. საკითხში უკეთ გასარკვევად, ფაქტ-მეტრი სიმონ ნოზაძეს დაუკავშირდა. პოლიტიკოსმა ვარაუდი დაადასტურა და განაცხადა, რომ როდესაც ატესტატის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებზე საუბრობს, ამ წლებში მათ საერთო რაოდენობას გულისხმობს. 2011-2018 წლებში საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მე-12 კლასელების რაოდენობა რომ დავაჯამოთ, 66 381 მოსწავლე გამოდის, თუმცა მსგავსი დაჯამება მეთოდოლოგიურად არასწორია.

ყოველ წელს გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების გარკვეული ნაწილი, იმავე წელს ან ყოველ მომდევნო წელს განმეორებით გამოცდაზე გადის და ცდილობს მათ დაძლევას. შესაბამისად, ყოველ მომდევნო წელს, წინა წლებიდან რამდენი მოსწავლეა გასული განმეორებით გამოცდაზე, ამ მოცემულობით, ამის ვარაუდი შეუძლებელია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო ამ სტატისტიკას არ აწარმოებენ. ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა თავად სიმონ ნოზაძესაც არ ექნება და მის მიერ დასახელებული მონაცემი, ფაქტების მიღმა, უბრალო ვარაუდს ეყრდნობა. აღნიშნული სტატისტიკის არ არსებობის გამო, ჩვენც მოკლებული ვართ ამ მიმართულებით რაიმე სახის დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, შესაბამისად, ფაქტ-მეტრი სიმონ ნოზაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ საატესტატო გამოცდებზე საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილ მოსწავლეებზე ისაუბრა და განაცხადა: „40 ათასზე მეტი ახალგაზრდა ჩაიჭრა ე.წ. CAT-ის გამოცდაზე, რომლებსაც არავითარი დამადასტურებელი მოწმობა იმისა, რომ მათ განათლება მიიღეს, 12 წლის მანძილზე, არ გააჩნიათ “.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სასკოლო საატესტატო გამოცდების მოსწავლეების მიერ დაძლევა/ვერ დაძლევის საკითხი, ზოგადი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა. მისი მეშვეობით სასკოლო განათლების წარმატებულობის ხარისხი ფასდებოდა. აღნიშნული ტესტი იყო გამოცდა არა მხოლოდ აპლიკანტი მოსწავლეებისთვის, არამედ თავად ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვისაც, რომელმაც განათლების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მოსწავლეების საჭირო უნარების განვითარება უნდა უზრუნველყოს.

2011 წელს საქართველოს სკოლებში საერთო საატესტატო გამოცდები დაინერგა. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. საატესტატო გამოცდებისათვის კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება შეირჩა, როგორც ამოცანის ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გადაჭრის გზა.
გამოცდების ცენტრის მიერ IRT (Item Response Theory) თეორიაზე დაყრდნობით შემუშავდა ალგორითმი. საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფმა კი შექმნა პროგრამა, რომელიც ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით, საქართველოს სკოლებში ცენტრალიზებული, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფდა. კომპიუტერული ტესტირების სხვადასხვა მიდგომის განხილვისას უპირატესობა ინტერნეტით განხორციელებულ ტესტირებას მიენიჭა. სისტემის მეტი სანდოობისა და დაცულობისათვის, სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser-ი შეიქმნა, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფდა და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს (start; copy; paste; task manager და ა.შ.) ზღუდავდა. გამოცდების ნაწილს სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ნაწილს კი, მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ
აბარებდნენ. 2019 წელს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის და პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა საატესტატო გამოცდები გააუქმა (ამ თემაზე იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

სიმონ ნოზაძე საატესტატო გამოცდებში საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების იმ ნაწილზე საუბრობს, რომლებიც სკოლას ამთავრებდნენ და ატესტატი ვერ აიღეს, ამიტომ ჩვენ, შეფასების ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დავითვალეთ მხოლოდ მე-12 კლასის დამამთავრებელ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა და მათი პროცენტული წილი გამოცდაზე გასული მოსწავლეების საერთო რაოდენობიდან. უკანასკნელ მონაცემებს რომ შევხედოთ, 2018 წელს გამოცდაზე გასული 47 669 მოსწავლიდან, ერთ საგანში მაინც ზღვარი ვერ გადალახა 11 674-მა მათგანმა, რაც საერთო რაოდენობის 24.5%-ია, 2017 წელს ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა 27%-ს შეადგენდა, 2016 წელს - 25.3%-ს და ა.შ. (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: 2011-2018 წლებში რეგისტრირებული, გამოცდებზე გასული და საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მე-12 კლასელი მოსწავლეები

წელი

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

რეგისტრირებული მოსწავლეები

46 490

41 483

41 947

38 140

44 482

47 084

48 434

49 248

გამოცდაში მონაწილეობდა

41 482

40 545

37 945

37 189

43 525

45 688

47 063

47 669

ზღვარი ვერ გადალახა

5 978

4 727

7 941

5 235

6 446

11 577

12 803

11 674

%

14.4%

11.7%

20.9%

14%

14.8%

25. 3%

27%

24.5%

წყარო: გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2011 წლიდან არც ერთ წელს 40 ათასი მოსწავლე საატესტატო გამოცდებში არ ჩაჭრილა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სიმონ ნოზაძემ ყოველ წელს ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა დააჯამა. საკითხში უკეთ გასარკვევად, ფაქტ-მეტრი სიმონ ნოზაძეს დაუკავშირდა. პოლიტიკოსმა ჩვენი ვარაუდი დაადასტურა და განაცხადა, რომ როდესაც ატესტატის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებზე საუბრობს, ამ წლებში მათ საერთო რაოდენობას გულისხმობს.

2011-2018 წლებში საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მე-12 კლასელების რაოდენობა, რომ დავაჯამოთ 66 381 მოსწავლე გამოდის, თუმცა მსგავსი დაჯამება მეთოდოლოგიურად არასწორია. ყოველ წელს გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების გარკვეული ნაწილი, იმავე წელს ან ყოველ მომდევნო წელს განმეორებით გამოცდაზე გადის და ცდილობს მათ დაძლევას. შესაბამისად, ყოველ მომდევნო წელს, წინა წლებიდან რამდენი მოსწავლეა გასული განმეორებით გამოცდაზე, ამ მოცემულობით, აღნიშნულის ვარაუდი შეუძლებელია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო ამ სტატისტიკას არ აწარმოებენ. ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა თავად სიმონ ნოზაძესაც არ ექნება და მის მიერ დასახელებული მონაცემი ფაქტების მიღმა, უბრალო ვარაუდს ეყრდნობა.

აღნიშნული სტატისტიკის არ არსებობის გამო, ჩვენც მოკლებული ვართ ამ მიმართულებით რაიმე სახის დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი სიმონ ნოზაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2728 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი