2004-2019 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრომ 11 მინისტრი გამოიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ, საშუალოდ, ყოველ წელიწადში ერთხელ, მინისტრი იცვლებოდა. არც ერთ მინისტრს სამ წელზე მეტი ვადით არ ჰქონია თანამდებობა დაკავებული, ზოგიერთი მათგანი კი, მხოლოდ რამდენიმე თვით რჩებოდა პოზიციაზე. თითოეული მინისტრი, თანამდებობის დაკავებისთანავე, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმების ტალღას აანონსებდა და მოღვაწეობას ახალი, მისეული ხედვით იწყებდა. ამ კუთხით გამონაკლისი არც ახლანდელი მინისტრი, მიხელ ბატიაშვილი ყოფილა.

2018 წლის 12 ივლისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების მინისტრის პოზიციაზე მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა წარადგინა. იმავე დღეს ბატიაშვილმა განაცხადა: „ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე[1], რომელმაც უნდა მოგვცეს ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი სისტემა“. აღსანიშნავია, რომ მინისტრის ერთ-ერთი წინამორბედის, ალექსანდრე ჯეჯელავას ხედვაც, ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაზე იყო ორიენტირებული: „ჩვენ შევეცდებით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე გავაკეთოთ აქცენტი - ეს იქნება ძირითადი მიმართულება“ - განაცხადა ჯეჯელავამ მინისტრის პოზიციაზე დანიშვნისას, თუმცა ალექსანდრე ჯეჯელავას ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაზე ორიენტირებული პროექტები არ წარმოუდგენია.

2019 წლის 7 თებერვალს მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მივიდა[2] და განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ მის მიერ დაანონსებული რეფორმები, ყველა წინამორბედის რეფორმებისგან სისტემური და კომპლექსური მიდგომებით განსხვავდება: „ეს არის მთელი სისტემის რეფორმა, სისტემური ცვლილება, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას და შეეხება სკოლამდელ განათლებას, სკოლას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას“. მიუხედავად ამ განცხადებისა, მიხეილ ბატიაშვილი ერთადერთი მინისტრი არ არის, რომელმაც სისტემური და კომპლექსური რეფორმების ტალღა დაანონსა. 2014 წლის მთავრობის სტრატეგიაში: „საქართველო 2020“, განათლების მიმართულებით ანალოგიური ხედვებია წარმოდგენილი. იგივე სისტემური რეფორმებია დაანონსებული 2016 წლის სამთავრობო სტრატეგიაშიც: „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. განათლების სფეროს რეფორმირების საკითხი, რომელიც აღნიშნულ სტრატეგიებშია წარმოდგენილი, არსებული განათლების სისტემის მეტად ეფექტიან, შედეგებზე ორიენტირებულ, კონკურეტუნარიან და თანაბრად ხელმისაწვდომ სისტემად გარდაქმნას გულისხმობდა. მიხეილ ბატიაშვილის მიერ წარმოდგენილი ხედვაც იგივეს გულისხმობს და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ახალი არ არის.

სიახლე, რომელიც მინისტრმა ბატიაშვილმა წარმოადგინა, სასკოლო გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიცირებაა. 2019 წლის 6 თებერვალს მინისტრმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციაში ნათქვამი იყო, რომ გაუქმდა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ამ პრეზენტაციამდეც ბატიაშვილი უკვე საუბრობდა საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე, თუმცა იგი მხოლოდ მე-11 კლასელთათვის აპირებდა გამოცდების გაუქმებას, მე-12 კლასელები კი, 2020 წლისთვის გამოცდებს აღარ ჩააბარებდნენ.

ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ზოგიერთი სკოლის მე-12 კლასელმა მოსწავლეებმა „არათანაბარი მოპყრობის“ მიზეზით საპროტესტო აქცია გამართეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, მე-12 კლასელებიც აღარ ჩააბარებდნენ 2019 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს: „მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“. პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი იმდენად დამაჯერებლად საუბრობდნენ გამოცდების გაუქმებაზე, თითქოს, მხოლოდ მათი გადაწყვეტილება იყო საკმარისი. განათლების სამინისტროს და შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოპერატორები შეკითხვაზე, გაუქმდა თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები, პასუხს სცემდნენ, რომ გაუქმდა. გაუქმების საფუძვლად კი ისინი მინისტრის ბრძანებას ასახელებდნენ. შემხვედრ შეკითხვაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი მინისტრის ბრძანებით გაუქმდეს საქართველოს კანონი, მათ პასუხი არ ჰქონდათ. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, საზოგადოება გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს. არასწორი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ხელშემწყობებად კი, სამწუხაროდ, თავად სამინისტროს წარმომადგენლები მოგვევლინენ. სასკოლო საატესტატო გამოცდების სავალდებულოობა საქართველოს კანონით[3] იყო განსაზღვრული, შესაბამისად, მასში ცვლილების შეტანა მხოლოდ პარლამენტს შეეძლო.[4] რეალურად, კანონი 2019 წლის 8 აპრილს შეიცვალა, როდესაც პარლამენტმა გამოცდების გაუქმებას მხარი დაუჭირა.[5]

2012 წლიდან ახალმა ხელისუფლებამ საგანმანათლებლო სისტემაში გამოცდებისადმი დამოკიდებულება ძირეულად შეცვალა. თუ წინა ხელისუფლებამ გამოცდების ეტაპობრივად დანერგვა[6] დაიწყო, ახალმა ხელისუფლებამ მისი ეტაპობრივად გაუქმების ან/და მხოლოდ ფორმალურად დატოვების პოლიტიკა აირჩია.

გამოცდების გაუქმების/ფორმალურად დატოვების ციკლში, პირველი მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები იყო, რომელიც კანონის ცვლილების შედეგად, მხოლოდ ფორმალობად გადაიქცა. კანონის 2017 წლამდე მოქმედი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში[7] გამოცდას ვერ ჩააბარებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტდა. ყოფილ მინისტრ ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, 2017 წელს ეს წესი შეიცვალა - ბარიერი მოიხსნა და პრაქტიკოსი მასწავლებელი შესაბამისი კრედიტქულების ვერ დაგროვების შემთხვევაში, სკოლას არ ტოვებს, თუმცა, ვალდებულია სტატუსის გასაუმჯობესებლად იმუშაოს. მიუხედავად ვალდებულებისა, მისი არ შესრულების შემთხვევაში ასამოქმედებელი რეგულაციები არ არსებობს. ჯეჯელავას განცხადებით: „კვალიფიკაციას დადასტურება და ამაღლება სჭირდება, მაგრამ მე მრცხვენია, გამოვცადო ადამიანი, რომელიც 30 წელია ასწავლის. არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა - ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ“. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გამოცდაში მონაწილე მასწავლებლების დაახლოებით 80%-მა საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

ცალსახად იმის მტკიცება, რომ გამოცდების დანიშვნა/გაუქმება კარგია ან ცუდი, რთულია. ყველა საგანმანათლებლო რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო - ესტონური და ფინური საგანმანათლებლო მოდელები, ამ საკითხს განსხვავებულად უყურებენ. ესტონურ მოდელში საგანმანათლებლო სისტემის თითქმის ყველა ეტაპზე გამოცდებია. ფინური მოდელი კი გამოცდებისგან მაქსიმალურად დაცლილი სისტემაა. იმის თქმა, რომ რომელიმე ეს მოდელი ცალსახად საუკეთესოა, რა თქმა უნდა, არასწორია. ამ ქვეყნებმაც, როდესაც აღნიშნულ სისტემებს ნერგავდნენ, იხელმძღვანელეს არა ერთი უნიკალური მოდელით, არამედ ბევრი წარმატებული რეფორმის კომბინაციით, რომელიც თავის განსხვავებულ გარემოსა და საზოგადოებას მოარგეს. თუმცა, ფინურ მოდელშიც კი, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, გამოცდებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სისტემაა, სკოლის გამოსაშვები გამოცდები მაინც ტარდება. გამოსაშვები გამოცდები ტარდება განათლების კუთხით ისეთ წარმატებულ ქვეყნებშიც, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ავსტრია. საერთაშორისო საგანმანათლებლო რეიტინგებში (PIRLS; TIMSS; PISA; TEDS-M; TALIS) ეს ქვეყნები ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებენ.

საატესტატო გამოცდების გაუქმების აუცილებლობის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, მინისტრ ბატიაშვილს გამოცდებზე და არა სწავლაზე ორიენტირებული სკოლა მოჰყავს. მისი შეფასებით, ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა განათლების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. დღეს კი, მინისტრის პოზიციით, საქართველოს სკოლები გამოცდებზე უფროა კონცენტრირებული, ვიდრე სწავლაზე.

წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საატესტატო გამოცდების არსებობა გამოცდებზე ორიენტირებულ სკოლას არ ნიშნავს. სკოლის გამოსაშვები გამოცდები, თავისი არსით, მოსწავლის მხრიდან იმ მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს, რასაც სკოლა 12 წლის განმავლობაში მას აძლევს. გამოცდები კონკრეტული პროგრამის მიმართ სწორება არ არის, ის მოსწავლის მინიმალურ საგნობრივ ცოდნას და უნარებს განსაზღვრავს, რაც განათლების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელადაა აუცილებელი. თუ საქართველოს სკოლები ამ მიზანს არ ემსახურებიან, მაშინ პრობლემა თავად სკოლებშია და არა გამოცდების არსებობაში.

გამოცდების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრისას, მინისტრი რეპეტიტორების საკითხსაც შეეხო. მისი მოსაზრებით, გამოცდები კერძო მასწავლებლების პრაქტიკას ახალისებს, რაც თავის მხრივ, უთანასწორობას და კორუფციას უწყობს ხელს. კერძო მასწავლებლების მზარდ ტენდენციაზე განათლების სფეროს მკვლევარებიც ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას, თუმცა, ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში, სკოლაში არსებულ იმ პრობლემებს უნდა ვებრძოლოთ, რის გამოც, მოსწავლეები რეპეტიტორებთან მიდიან. დღევანდელი მოცემულობით, რეპეტიტორები ცოდნის იმ ცარიელი სივრცის შევსებას ცდილობენ, რასაც მოსწავლეებს სკოლა უტოვებს.

განათლების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი სამართლიანად და გამჭვირვალედ არ მუშაობს. ისინი მიუთითებენ სავარაუდო კორუფციულ სქემებსა და გარიგებებზე, რომლებშიც შესაძლოა ცენტრი იყოს ჩართული და შესაბამისად, უნიფიცირებული გამოცდების გაუქმებას მიესალმებიან. თუმცა, ეს არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს. იმ შემთხვევაში თუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სათანადოდ ვერ ასრულებს მოვალეობას და იკვეთება კორუფციის ნიშნები, განათლების სამინისტრომ თავად ამ ცენტრის მოდიფიცირებაზე, კორუფციის აღმოფხვრასა და გამართულად მუშაობაზე უნდა იზრუნოს. საატესტატო გამოცდების გაუქმებით ცენტრის პრობლემები არ გადაიჭრება, მით უმეტეს, რომ ცენტრს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პრეროგატივა მაინც რჩება.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების მომხრეთა არგუმენტით, საატესტატო გამოცდების შედეგები არის ერთადერთი რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომლითაც სახელმწიფოს სასკოლო განათლების შეაფსება შეუძლია. ეს გამოცდები აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება წლიდან-წლამდე სასკოლო განათლება, რომელ საგანში გვაქვს ხარვეზი და რომელ პროგრამაშია სახელმწიფოს შესაბამისი ინტერვენცია საჭირო. გარდა ამისა, გამოცდების გაუქმებით მოსწავლეებს ის მინიმალურ სტიმულიც კი უქრებათ, რაც სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისკენ უბიძგებთ. თუ განათლების სამინისტრო, ამ სტიმულს პრობლემად აღიქვამს, ვიდრე არსებულ მექანიზმს უაპელაციოდ გააუქმებს, მანამდე ახალი სტიმულები უნდა შეიმუშაოს. ფაქტია, რომ მივიღეთ გაუქმებული გამოცდები, მაგრამ არ მიგვიღია არანაირი ალტერნატივა მათ ჩასანაცვლებლად.

სასკოლო გამოსაშვები გამოცდების საკითხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემების მხოლოდ ერთი კომპონენტია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გაუქმება ან არ გაუქმება, თუ სხვა რაიმე რეფორმის მიზნობრიობა, მხოლოდ კვლევებით უნდა იყოს გამყარებული. ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობას დიდი როლი აქვს რეფორმების განხორციელებაში, თუმცა საქართველოში ყოველ წელს მინისტრების ცვლას და მათ მიერ დაანონსებულ ახალ რეფორმებს რომ განათლების სფეროში დღემდე ხელშესახები წინსვლა არ მოჰყოლია, სამწუხარო რეალობად რჩება.



[1]სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მეცნიერება

[2] პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს მინისტრის საათს - საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლა. მიხეილ ბატიაშვილი მინისტრის სათის ფარგლებში მივიდა პარლამენტში

[3] „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი, მე-6 მუხლის ა ქვეპუნქტი

[4] საქართველოს კანონის შეცვლა, ახალი ჩანაწერების გაკეთება ან/და გაუქმება ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა

[5] 2019 წლის 5 აპრილს კანონპროექტი ჩავარდა (54 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, კვორუმი 63). უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი ტექნიკური ხარვეზის მიზეზით ჩავარდა, კერძოდ, ცუდი აკუსტიკის გამო, მათ არ ესმოდათ ხმა და ვერ მიხვდნენ თუ რომელ კანონპროექტს იღებდნენ. 8 აპრილს კანონპროექტს თავიდან ეყარა კენჭი და დამტკიცდა (80 მომხრე დეპუტატი, 8 წინააღმდეგი)

[6] 2005 წელი - ერთიანი ეროვნული გამოცდები, 2009 წელი - საერთო სამაგისტრო გამოცდები, 2009 წელი - მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები, 2010 წელი - სკოლის გამოსაშვები გამოცდები

[7] ამ დროში მასწავლებელს 6-ჯერ შეეძლო გამოცდაზე გასვლა

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი