მოსაზრება „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივის შესახებ

ბოლო პერიოდში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საქართველოსთვის სამხედრო მიუმხრობლობის სტატუსის მინიჭებაზე აქტიურად საუბრობენ. მიმდინარე წლის ივნისში ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანის მოთხოვნით, პარტია ქუჩის აქციებსაც აანონსებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აღნიშნულ ინიციატივას სხვადასხვა კონტექსტში განიხილავენ. მაგალითად, ადა მარშანიამ საქართველოს მოსახლეობას „სამხედრო მიუმხრობლობის“ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა: „საქართველო სხვა 140 ქვეყნის მსგავსად, უნდა შეუერთდეს, ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციას - სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას. გაეროს შემდეგ ეს ორგანიზაცია ყველაზე წარმომადგენლობითი, მსხვილი და ცნობილია მსოფლიოში“. ადა მარშანიასგან განსხვავებით, მიუმხრობლობის საკითხზე საუბრისას, ირმა ინაშვილი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის თემას განიხილავს: „საქართველოსთვის დღეს უნიკალურია ავსტრიის, შვედეთის, ფინეთის, შვეიცარიის მოდელი. ჩვენ არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოში“ - განაცხადა ინაშვილმა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა თუ რამდენად რელევანტურია საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მსგავსი ინიციატივების დაყენება.

მიუმხრობლობის მოძრაობა

„მიუმხრობლობის მოძრაობა“ (Non-aligned Movement) „ცივი ომის“ დროს დაარსებული სახელმწიფოთაშორისი ერთობაა, რომელიც დღეისთვის 120 ქვეყანას აერთიანებს. მოძრაობის შექმნის წინაპირობად განვითარებადი ქვეყნების მიერ 1955 წელს ინდონეზიაში ჩატარებულ ბანდუგის კონფერენციას მიიჩნევენ. კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდათ, მათ მთავარ გზავნილს კი, კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. ინიციატივას სათავეში ეგვიპტის, განის, ინდოეთის, ინდონეზიისა და იუგოსლავიის იმჟამინდელი ლიდერები ჩაუდგნენ.[1] აღნიშნული ინიციატივა, საბოლოოდ, 1961 წელს ბელგრადის კონფერენციაზე 25 სახელმწიფოს მიერ „მიუმხრობლობის მოძრაობის“ შექმნით დასრულდა.

მოძრაობამ ჩამოყალიბებისთანავე გამოაცხადა, რომ ის საერთაშორისო პოლიტიკაში პასიურ როლს არ შეასრულებდა, ფორმალურ ანალიტიკურ პოლიტიკას მკაცრად განსაზღვრავდა, არცერთ ძალის პოლუსს[2] არ მიემხრობოდა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა. „ცივი ომის“ პირობებში, მოძრაობაში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, პირველ რიგში, რომელიმე სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე უარი უნდა ეთქვათ. თუმცა, ამ პირობის მიუხედავად, მოძრაობის წევრი ქვეყნები, სხვადასხვა დროს, მხარს უჭერდნენ როგორც აშშ-ს, ისე „საბჭოთა კავშირს“.

აღსანიშნავია, რომ წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი, მათ შორის ინდოეთსა და პაკისტანს, ირანსა და ერაყს შორის, ამასთან, 1979 წელს, მას შემდეგ, რაც „საბჭოთა კავშირმა“ ავღანეთში ინტერვენცია მოახდინა, მოძრაობის ისლამურ წევრ ქვეყნებსა და კუბას შორის (ასევე, მათ მოკავშირეებს შორის), ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. განსხვავებით ისლამური ქვეყნებისგან, კუბა და მისი მოკავშირეები ავღანეთის დაკავებას მხარს უჭერდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის მიუმხრობლობის მოძრაობაში კონტინენტური ევროპიდან მხოლოდ კვიპროსი და მალტა იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ, მოძრაობა დატოვეს.

„ცივი ომის“ დასრულებამ და ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებამ, მოძრაობის არსებობას, ფაქტობრივად, აზრი დაუკარგა და მისი რელევანტურობა დღეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან მიმართებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამას ადასტურებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეკა აკობია და აღნიშნავს, რომ ბიპოლარული სისტემის დაშლის შემდეგ, მიუმხრობლობის მოძრაობა წმინდა წყლის ფორმალობად იქცა, რომელიც დიდწილად მხოლოდ სასაუბრო პლატფორმითა (talk shop) და სამიტებით შემოიფარგლება, მათ მიერ გამართული ღონისძიებები კი, ხშირად, ანტი-ამერიკულ და ანტი-დასავლურ ხასიათს ატარებს.

ნეიტრალიტეტი

უნდა აღინიშნოს, რომ მიუმხრობლობის მოძრაობის კონცეფცია ცალსახად განსხვავდება ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსისგან. გავრცელებული განმარტებით, ნეიტრალიტეტი სახელმწიფოს ისეთი სამართლებრივი სტატუსია, რომელიც სხვა ქვეყნების მიერაა აღიარებული. სხვა შემთხვევაში, ის ვერ იქნება საერთაშორისოდ გარანტირებული. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზურაბ დავითაშვილი განმარტავს, ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანა გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ სხვა სახელმწიფოებმა მისი ნეიტრალიტეტი აღიარონ. მისი შეფასებით, პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის გამოცხადების მსურველი ქვეყნის მიმართ არ უნდა არსებობდეს დიდი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინტერესი, ქვეყანა არ უნდა შედიოდეს არცერთი ქვეყნის გავლენის სფეროში და არ გააჩნდეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ან სეპარატიზმის საფრთხე. გარდა ამისა, გარანტირებული ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი უნდა იყოს, რათა შეძლოს საკუთარი თავის უზრუნველყოფა, ჰყავდეს ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია.

თითოეული კომპონენტის გათვალისწინებით, საუკეთესო მაგალითი შვეიცარიაა, რომლის ნეიტრალურ სტატუსს შიდა ხელისუფლების ცვლილება ვერ შეეხება, განსხვავებით მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების სტატუსისგან, რადგან მთავრობის ცვლილების შემთხვევაში, მათ შესაძლოა შეიცვალონ გარკვეული დამოკიდებულებებიც. შვეიცარიის მსგავსად, შეგვიძლია ავსტრიის, შვედეთისა და ფინეთის სტატუსიც განვიხილოთ.

ავსტრიამ მუდმივი ნეიტრალიტეტი 1955 წელს „ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულების“ საფუძველზე გამოაცხადა. მუდმივი ნეიტრალიტეტის პირობებში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არ ჩაერთოს სხვა სახელმწიფოებს შორის არსებულ ან შესაძლო შეიარაღებულ დაპირისპირებაში, არ შევიდეს სამხედრო ალიანსებსა და ბლოკებში, აგრეთვე, არ განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარები და სამხედრო ბაზები.

შვედეთის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი, პოლიტიკურ ტრადიციას უფრო ეფუძნება, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ შეთანხმებას ან ხელშეკრულებას.

რაც შეეხება ფინეთს, ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, „საბჭოთა კავშირთან“ 1948 წელს დადებული „მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების შეთანხმების“ საფუძველზე, რომელიც „საბჭოთა კავშირზე“ თავდასხმას უკრძალავდა ნებისმიერ სახელმწიფოს, ფინეთის ტერიტორიის გამოყენებით. 1960 წელს ამერიკელი დიპლომატის ლივინგსტონ მერჩანტის გაეროში სიტყვით გამოსვლამ, გაამყარა შეერთებული შტატების აღიარება და პატივისცემა ფინეთის ნეიტრალიტეტის მიმართ. საყურადღებოა, რომ მიუხედავად აღნიშნული სტატუსისა, ფინეთი და შვედეთი მნიშვნელოვან პარტნიორებს წარმოადგენენ ნატოსთვის, ორივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში. ეს ქვეყნები რეგულარულად ერთვებიან ნატოს სამხედრო წვრთნებში და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის წევრებიც არიან.

რატომ არის „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნები საქართველოსთვის არარელევანტური

„პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან ზემოაღნიშნული ქვეყნების და მით უმეტეს, აზერბაიჯანის მოხსენიება მიუმხრობლობის ინიციატივის დასასაბუთებლად, ფაქტებით მანიპულირებაა. სკანდინავიის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებია. ამ სამ ქვეყანას მსგავსი ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტი აქვთ, შესაბამისად, მეტად რეალურია ამ კონტექსტში განვიხილოთ უკრაინა და მოლდოვა, რომელზეც, რატომღაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არ საუბრობენ.

უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ნატოში ინტეგრაციაზე უარის დეკლარირება თავიდანვე მოახდინა, როდესაც 2010 წლის 1-ელ ივლისს საკანონმდებლო დონეზე უკრაინის „ბლოკგარეშე სტატუსი“ გამოაცხადა და როგორც საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპი, ქვეყნის მიუმხრობლობის სტატუსი განსაზღვრა. ექს-პრეზიდენტმა საბოლოოდ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზეც უარი განაცხადა, რამაც ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ უკრაინის „უბლოკო სტატუსის“ მქონე ქვეყანად გამოცხადება რუსეთის გრძელვადიან ინტერესში შედიოდა და მოიცავდა არა მხოლოდ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე, არამედ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარის თქმასაც. აღსანიშნავია, რომ უკრაინის „ბლოკგარეშე სტატუსს“ ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის, მოეხდინა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში. საბოლოოდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, უკრაინის უმაღლესმა რადამ, 2014 წლის 23 დეკემბერს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით, ქვეყნის „ბლოკგარეშე სტატუსი“ გააუქმა.

რაც შეეხება მოლდოვას, 1994 წელს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, იმ იმედით, რომ ქვეყანა დნესტრისპირეთის კონფლიქტს მოაგვარებდა. ჩანაწერი აგრეთვე მოიცავს უცხო ქვეყნის ჯარების მოლდოვის ტერიტორიაზე არსებობის აკრძალვას, მიუხედავად ამისა დნესტრისპირეთში დღემდე განთავსებულია რუსული ჯარი. არაეფექტური ნეიტრალიტეტი მოლდოვას უფრო მოწყვლადს ხდის, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო კონსტიტუციის ჩანაწერი მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, მხოლოდ ფორმალურ სტატუსად რჩება. ზურაბ დავითაშვილის აზრით, ფორმალური ნეიტრალიტეტი ერთგვარ იარაღად იქცევა ხოლმე პოტენციური აგრესორი სახელმწიფოს ხელში, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, მათ შორის საქართველოშიც, პირველი რესპუბლიკის არსებობის დროს. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსული ჯარისთვის, რათა 1921 წლის 25 თებერვალს მოეხდინა ქვეყნის ანექსია.

როგორც ე.წ. „ბლოკგარეშე სტატუსის“ და ნეიტრალიტეტის თეორიული და პრაქტიკული მაგალითები აჩვენებს, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომელთაც არასახარბიელო ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უწევთ არსებობა და დიდი სახელმწიფოს, კერძოდ, რუსეთის მიერ გავლენის სფეროებად მოიაზრებიან - ეს სტატუსი მიუწვდომელია.

საქართველოს მიერ „ბლოკგარეშე სტატუსის“ გამოცხადება აშკარად რუსული პროპაგანდის ნაწილია და ის დღის წესრიგში აქამდეც არაერთხელ დამდგარა, რაც გამოიხატება კიდეც საყოველთაო გამოკითხვებში მიღებულ შედეგებში. აღნიშნული საკითხი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, როგორც ნატოში ინტეგრაციის მოსურნე ქვეყნისთვის. ნეიტრალიტეტის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება გულისხმობს საგარეო პრიორიტეტების მკვეთრ ცვლილებას და მოსახლეობის სურვილს, საქართველო გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი - გადახედვას.

რუსეთი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ პრო-რუსულ პოლიტიკას არ/ვერ გვთავაზობს, რადგან მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის პირობებში, რთულია ამ თემის მხარდამჭერების მოძიება, სანაცვლოდ კი, გვთავაზობს ყალბ ნეიტრალიტეტს, რომელიც თეორიულად მიმზიდველი შეიძლება ჩანდეს, თუმცა პრაქტიკაში საქართველოსთვის მიუღწეველია და როგორც უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები ადასტურებს, რუსეთს შეუძლია ამ სტატუსის გვერდის ავლით აგრესიული განზრახვები და ქმედებები სისრულეში მოიყვანოს. ამდენად, ნეიტრალიტეტის ფორმალურად გამოცხადება საქართველოს ვერ დაეხმარება კონფლიქტების მოგვარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში.



[1] ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ, განის პრეზიდენტი კვამე ნკრუმა, ინდონეზიის პრეზიდენტი აჰმედ სუკარნო და იუგოსლავიის პრეზიდენტი ჯოსიფ ბროზ ტიტო - შემდეგში, როგორც დამფუძნებელ მამებად წოდებულნი

[2] დასავლეთის ბანაკი და „საბჭოთა კავშირი“