რეზიუმე: 2017 წელს საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები დააკორექტირა. კორექტირების შედეგად, მნიშვნელოვნად, 263 მლნ დოლარით შემცირდა 2007 წლის მაჩვენებელი, რომელიც ცვლილებებამდე, საანგარიშო პერიოდში რეკორდული იყო და 2 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენდა, ხოლო ცვლილების შემდეგ 1.752 მლრდ-ს უტოლდება. განახლებული მონაცემების პირობებში, ყველაზე მაღალი აბსოლუტური მონაცემი არა 2007, არამედ 2017 წელს ფიქსირდება. ინვესტიციების მოცულობის არსებული მონაცემების შეცვლის გამო, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, გადასინჯვის მეთოდოლოგიისა და მოტივის მართებულობის თვალსაზრისით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლით, 2007 წელი, კორექტირების შემდგომი მონაცემებითაც კი, მართლაც რეკორდული იყო - ინვესტიციებმა მშპ-ს 17.2% შეადგინა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მაქსიმალური ნომინალური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც პუი-მ დაახლოებით 1.86 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 12% იყო.

ამდენად, პოლიტიკოსის განცხადება სრულად სწორია 2007 წელს დაფიქსირებული ფარდობითი მაჩვენებლის რეკორდულობის ნაწილში, აბსოლუტურ მნიშვნელობად კი კორექტირებამდე არსებული ნიშნულია მოყვანილი, რომელიც გაანგარიშების მიდგომის ცვლილების შედეგად, გადაიხედა და ყველაზე მაღალი აღარ არის. კორექტირება არ განუცდია 2017 წლის მონაცემს, რომელსაც დეპუტატი იმაზე ნაკლებად წარმოაჩენს, ვიდრე რეალურად არის, როგორც აბსოლუტური, ასევე, ფარდობითი მონაცემის შემთხვევაში.

ანალიზი

5 აპრილს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა: „2007 წელს საქართველოში შემოვიდა 2.1 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც იყო მშპ-ს 20%. არასდროს განმეორებულა ეს საქართველოში, მაქსიმალური იყო ამ ხელისუფლების პირობებში 1.7, ეს იყო დაახლოებით 10% მშპ-ს“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) გულისხმობს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც ფლობს საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ექვივალენტს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები დააკორექტირა. რომან გოცირიძის მიერ დასახელებული პუი- მონაცემი, შეესაბამება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემს, რომელიც მოცემული იყო დაკორექტირებამდე. საქსტატის ვებგვერდზე საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული სტატისტიკა პირველად 2017 წლის შემოდგომაზე დაკორექტირდა, სამი კვარტლის ინვესტიციების მოცულობის გამოქვეყნების დროს. კორექტირების მიზეზად 2016 წლის ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ის რეკომენდაცია დასახელდა, რომელიც საქსტატისა და ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისობას მოითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ ფაქტ-მეტრის კვლევა.

კორექტირების შედეგად, მნიშვნელოვნად, 263 მლნ დოლარით შემცირდა 2007 წლის ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ცვლილებებამდე, საანგარიშო პერიოდში რეკორდული იყო და 2.01 მლრდ დოლარს შეადგენდა. მეთოდოლოგიურ შემცირებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გაჩნდა გადასინჯვის მეთოდოლოგიისა და მოტივის მართებულობაზე. მოგვიანებით, საქსტატმა აღნიშნული საკითხი განმარტა, თუმცა, არსებული კითხვები ბოლომდე არ გამქრალა. მნიშვნელოვანია, რომ საქსტატი ცვლილების მეტად კონკრეტულ განმარტებას აღარ აკეთებს, რადგან საწარმოების ფინანსური მდგომარეობის საბუღალტრო ანგარიშები ამ კომპანიების კომერციული საიდუმლოებაა. მიუხედავად ამისა, აღინიშნა, რომ ესცვლილებები სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების კომპონენტების კორექტირებამ გამოიწვია.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ აშშ დოლარი) 2007-2018 წლებში, კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ

კორექტირებამდე

კორექტირების შემდეგ

სხვაობა

რაოდენობა

მშპ-ს %

რაოდენობა

მშპ-ს %

რაოდენობა

% პუნქტი

2006

1 190

15.30%

1 171.1

15.10%

-18.9

-0.20%

2007

2 015

19.80%

1 752.6

17.20%

-262.4

-2.60%

2008

1 564

12.20%

1 569.7

12.30%

5.7

0.04%

2009

658

6.10%

664.1

6.20%

6.1

0.10%

2010

815

7.00%

845.1

7.30%

30.1

0.30%

2011

1 117

7.70%

1 130.2

7.80%

13.2

0.10%

2012

912

5.80%

1 022.9

6.50%

110.9

0.70%

2013

942

5.80%

1 020.6

6.30%

78.6

0.50%

2014

1 758

10.60%

1 817.9

11.00%

59.9

0.40%

2015

1 565

11.20%

1 652.5

11.80%

87.5

0.60%

2016

1 645

11.40%

1 602.8

11.10%

-42.2

-0.30%

2017

-

-

1 861.9

12.40%

-

-

2018

-

-

1 232.4

7.60%

-

-

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის თვალსაზრისით, 2007 წელი მართლაც რეკორდული იყო და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, მშპ-ს 17.2 % შეადგინა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მაქსიმალური ნომინალური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც პუი-მ დაახლოებით 1.86 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 12.4% იყო. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ არსებითად იკლო 2018 წელს და 1.23 მლრდ დოლარამდე შემცირდა, რაც ამავე პერიოდის მშპ-ს მხოლოდ 7.6%-ს უტოლდება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია