იტვირთება

ვერდიქტი: დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 862 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2006-2017 წლების არსებული მონაცემებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქსტატის ბაზაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მნიშვნელობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში ორჯერ შეიცვალა. კორექტირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის შედეგად მოხდა. კორექტირების შედეგად, მნიშვნელოვნად, 263 მლნ დოლარით შემცირდა 2007 წლის ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ცვლილებებამდე, საანგარიშო პერიოდში რეკორდული იყო და 2 015 მლნ დოლარს შეადგენდა. ამგვარმა ცვლილებამ, არასაკმარისმა კომუნიკაციამ და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2017 წლის მაჩვენებლის რეკორდულობაზე აპელირებამ საზოგადოებაში სამართლიანი ეჭვები გააჩინა გადასინჯვის მეთოდოლოგიისა და მოტივის მართებულობაში. მოგვიანებით, საქსტატმა აღნიშნული საკითხი დეტალურად განმარტა.

ინვესტიციების მაჩვენებლების მხოლოდ აბსოლუტური რიცხვებით შედარება არასწორი მიდგომაა. ამ შემთხვევაში რეალურ სიდიდეს მაჩვენებლის ქვეყნის მშპ-თან მიმართება გვიჩვენებს. ამგვარი ანალიზისას ვნახავთ, რომ 2017 წლის ინვესტიციების რაოდენობის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტო არ არის. მას 2006 და 2007 წლების ანალოგიური მონაცემები აღემატება, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ისევ 2007 წელს ფიქსირდება - 17.2%.

  ანალიზი მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,

რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) 2017 წლის მაჩვენებელი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რეკორდული იყო.

საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული ინვესტიციების სტატისტიკას საქსტატი და ეროვნული ბანკი

აქვეყნებს. მინისტრი სწორედ საქსტატის მაჩვენებლებს ეყრდნობა.

2017

წელს საქართველოში 1 862 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით უპრეცედენტოა და 2016 წლის მონაცემს 16%-ით აღემატება. სიდიდით მეორე ნიშნული საანგარიშო პერიოდში 2014 წელს დაფიქსირდა - 1 818 მლნ დოლარი. მოცემულ თანრიგში სიდიდით მესამეა 2007 წლის პუი-ის მონაცემი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ბოლოდროინდელი კორექტირების შედეგია. კორექტირებამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2007 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი რეკორდული იყო და 2 015 მლნ დოლარს შეადგენდა.

საქსტატის ვებგვერდზე საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული სტატისტიკა პირველად 2017 წლის შემოდგომაზე დაკორექტირდა, სამი კვარტლის ინვესტიციების მოცულობის გამოქვეყნების დროს.

კორექტირების მიზეზად 2016 წლის ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ის რეკომენდაცია დასახელდა, რომელიც საქსტატისა და ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისობას მოითხოვდა.

2018

წლის მარტში სავალუტო ფონდის კიდევ ერთი რეკომენდაცია უნდა შესრულებულიყო, რასაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებზე ისევ ექნებოდა გავლენა. რეკომენდაციის მიხედვით, საქსტატს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებში საზღვარგარეთის ქვეყნების ნაშთები უნდა გაეთვალისწინებინა, რაც კონკრეტული ქვეყნისთვის საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ინვესტიციების დაჯამებას გულისხმობს. აღნიშნული სტატისტიკა აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება, თუმცა მისი ეფექტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებში უკვე აისახა.

ცვლილებების შედეგად, 2017 წლის შემოდგომამდე არსებული რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც 2007 წელს 2 015 მლნ დოლარის სახით დაფიქსირდა, შემცირდა. საქსტატის პირველი კორექტირებით, ინვესტიციების რაოდენობა მოაკლდა თითქმის ყოველ წელს 2006-2012 წლებში, გარდა 2008 და 2009 წლებისა. პირველი ცვლილებით ამ დროის მონაკვეთში საქართველოში შემოსული ინვესტიციების ჯამურმა რაოდენობამ 353 მლნ დოლარით დაიკლო, აქედან 265 მლნ დოლარით 2007 წლის ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. პარალელურად, 141 მლნ დოლარით იყო გაზრდილი 2013-2016 წლების მაჩვენებლები, საიდანაც მხოლოდ 2016 წლის ინვესტიციების ნიშნულმა დაიკლო 62 მლნ-ით, ხოლო სხვა წლების მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა.

აღნიშნული კორექტირება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის საწინააღმდეგოდ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის სასარგებლოდ, მიმდინარე პროცესებში პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე ბადებდა ეჭვს. ამდენად, ფაქტ-მეტრმა საქსტატს წერილით მიმართა, სადაც გატარებული ცვლილებების მეტად ვრცელ და კონკრეტულ განმარტებას ვითხოვდით. საქსტატის პასუხში

განმარტებულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის შედეგად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2002-2016 წლების მონაცემები დაკორექტირდა. ამ მონაცემებიდან ზოგიერთმა დადებითი, ზოგიერთმა უარყოფითი მნიშვნელობები მიიღო, რამაც შესაბამის პერიოდში წლიური ინვესტიციების ნიშნული შეამცირა ან გაზარდა.

მიმდინარე წლის 12 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიური მაჩვენებელი გამოაქვეყნა.

მონაცემებში, გათვალისწინებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი რეკომენდაცია და ინვესტიციების წლიური მნიშვნელობები კიდევ ერთხელ იყო შეცვლილი, რის შედეგადაც 2017 წლის ნიშნული რაოდენობრივი თავლსაზრისით საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა და 1 862 მლნ დოლარი შეადგინა. განცხადებაში დიმიტრი ქუმსიშვილი სწორედ ამ რაოდენობაზე საუბრობს.

სტატისტიკის გასაჯაროვებისთანავე საქსტატს ისევ მოუწია საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მნიშვნელოვანია, რომ საქსტატი ცვლილების მეტად კონკრეტულ განმარტებას ვერ აკეთებს, რადგან საწარმოების ფინანსური მდგომარეობის საბუღალტრო ანგარიშები ამ კომპანიების კომერციული საიდუმლოებაა. მიუხედავად ამისა, საქსტატის წარმომადგენელი განმარტავს,

რომ აღნიშნული ცვლილებები საქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების კომპონენტების კორექტირებამ გამოიწვია.

საყურადღებოა, რომ ახალი მაჩვენებლების მიხედვით, 2006-2016 წლების საანგარიშო პერიოდში, წინა ცვლილებისგან განსხვავებით, 3 წლის მონაცემია შემცირებული, მათ შორის 2006 წლის - 18.9 მლნ დოლარით, 2007 წლის - 262 მლნ დოლარით და 2016 წლის - 62 მლნ დოლარით. ჯამურად, 2006-2012 წლის პერიოდის ინვესტიციების მოცულობა 115 მლნ დოლარით შემცირდა და 2013-2016 წლების მაჩვენებლები კი 182 მლნ დოლარით გაიზარდა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა, ლია ძებისაურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციამდე ეროვნული ბანკი ძირითადად საფინანსო სექტორიდან და საწარმოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით აახლებდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არსებულ მაჩვენებლებს. თავის მხრივ, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კონტრიბუტორი ფინანსური სუბიექტებისა და საწარმოების ხარჯთაღრიცხვა დადებითი ან უარყოფითი მნიშვნელობით აუდიტის დასკვნის ან კონკრეტული ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ბალანსის კორექტირების შედეგად იცვლებოდა, რასაც საქსტატის მაჩვენებლები სათანადო სიხშირით არ ასახავდა და, შესაბამისად, რეალობას სრულად არ აღწერდა. ახალი რეკომენდაციის საშუალებით შესაძლებელი გახდა ყოველ კვარტალში წინა კვარტლის მონაცემების, ხოლო წელიწადში ერთხელ წინა 5 წლის მაჩვენებლების კორექტირება.

წარსული განმარტებებისგან განსხვავებით, საქსტატის ახალი კომენტარი შედარებით ნათლად აღწერს გატარებული კორექტირების შინაარსს. მიუხედავად ამისა, არსებული შეკითხვების სრულად გასაქარწყლებლად  მნიშვნელოვანია გავიგოთ, კონკრეტულად რომელი ოპერაციების ხარჯზე დაიკლო 2006, 2007 და 2016 წლების მაჩვენებლებმა და რამ გამოიწვია ინვესტიციების მოცულობის ზრდა ყველა დანარჩენ წელს. ამგვარ მოთხოვნას საქსტატი ვერ დაააკმაყოფილებს, რადგან აღნიშნული მონაცემები კომერციული საიდუმლოების ნაწილია და უწყებას მისი გასაჯაროვების უფლება არ აქვს.

ამ დროისთვის ეროვნულ ბანკს საქსტატის ახალი კორექტირება თავის მონაცემებში ასახული არ აქვს. ეროვნული ბანკის მაჩვენებლები ამ ეტაპზე საქსტატის მხოლოდ პირველ კორექტირებას ემთხვევა. ამგვარი აცდენა იმითაა გამოწვეული, რომ შესაბამისი პერიოდის წლიურ მაჩვენებლებს საქტატი პერიოდის დასრულებიდან 70-ე დღეს, ხოლო სებ 90-ე დღეს აქვეყნებს. აპრილის დასაწყისში ორი უწყების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები სრულად დაემთხვევა ერთმანეთს.

გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების უპრეცედენტობის შესაფასებლად ამ მონაცემების მხოლოდ აბსოლუტურ რიცხვებში გაზომვა საკმარისი არ არის. რეალური სიდიდის შესაფასებლად საყურადღებოა ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან, რადგან მკაფიოდ დავინახოთ მიღებული სარგებლის რეალური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებით. ამგვარი ანალიზის შედეგად ვნახავთ, რომ ამ ეტაპისთვის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ქვეყნის მშპ-ის 12.4%-ია, რაც საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტო მონაცემი არ არის და 2006 და 2007 წლის ანალოგიურ ნიშნულებს ჩამოუვარდება. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი რაოდენობა მშპ-თან მიმართებით 2007 წელს დაფიქსირდა. ამ ეტაპისთვის განახლებული მაჩვენებლებით ეს რაოდენობა 17.2%-ს შეადგენს.

  ცხრილი 1:

 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ, რაოდენობა და მშპ-თან შეფარდების მაჩვენებელი (მლნ დოლარი, %)

კორექტირებამდე კორექტირების შემდეგ სხვაობა
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % პუნქტი
2006 1190 15.3% 1171.1 15.1% -18.9 -0.2%
2007 2015 19.8% 1752.6 17.2% -262.4 -2.6%
2008 1564 12.2% 1569.7 12.3% 5.7 0.04%
2009 658 6.1% 664.1 6.2% 6.1 0.1%
2010 815 7.0% 845.1 7.3% 30.1 0.3%
2011 1117 7.7% 1130.2 7.8% 13.2 0.1%
2012 912 5.8% 1022.9 6.5% 110.9 0.7%
2013 942 5.8% 1020.6 6.3% 78.6 0.5%
2014 1758 10.6% 1817.9 11.0% 59.9 0.4%
2015 1565 11.2% 1652.5 11.8% 87.5 0.6%
2016 1645 11.4% 1602.8 11.1% -42.2 -0.3%
2017 - - 1861.9 12.4% - -
წყარო: საქსტატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2860 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი