რეზიუმე: 2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საერთო საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. გამოცდების ნაწილს სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ნაწილს კი, მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ აბარებდნენ.
2018 წელს საერთო საატესტატო გამოცდებზე გასული 47 669 აპლიკანტიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა) 11 674 მათგანმა, რაც საერთო რაოდენობის 24.5%-ია. მარიამ ჯაშის მიერ დასახელებულ ციფრებში გარკვეული უზუსტობაა. 2018 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, საგამოცდო ზღვრის მიღმა დარჩა მოსწავლეთა 24.5% და არა - 22%. რაც რიცხვებში 11 674 მოსწავლეა 47 669-დან. შესაბამისად, ჯაშის განცხადება შეფასდა, როგორც მეტწილად სიმართლე.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, პარლამენტმა დაამტკიცა და სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა.
ანალიზი
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 2018 წლის საატესტატო გამოცდების შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა: „მინდა დაგიდასტუროთ, რომ 2018 წელს მოსწავლეების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა წარმატებით ვერ ასრულებდა საატესტატო გამოცდებს, ეს გახლდათ 22%, 11 000 მოსწავლე 59 000-დან“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 49 248 აპლიკანტი, მათგან გამოცდაზე გავიდა 47 669 მოსწავლე. 47 669 აპლიკანტიდან, 11 674 აპლიკანტი ერთ საგანში მაინც საგამოცდო მინიმალური ზღვრის მიღმა დარჩა. ეს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 24.5%-ია.
რაც შეეხება გასულწლებს, 2017 წელს რეგისტრირებული 48 434 აპლიკანტიდან, გამოცდაზე გავიდა 47 063 აპლიკანტი, გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლია 12 803-მა მათგანმა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 27%-ია. ერთ საგანში მაინც, განმეორებით გამოცდაზე გავიდა 13 941 აპლიკანტი, მათგან განმეორებითი გამოცდა გადალახა 5 562 აპლიკანტმა. განმეორებითი გამოცდის შემდეგ, ზღვარს მიღმა დარჩა ხელმეორედ გამოცდაზე გასული აპლიკანტების 40%, რაც მთლიანი პოპულაციის დაახლოებით 18%-ია. 2016 წელს საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩა აპლიკანტთა 25.3%, ხოლო 2015 წლის იგივე მაჩვენებელი 14.8%-ია (2011-2017 წლის მონაცემები დეტალურად იხ. ცხრილ 1-ში).
ცხრილი 1: საატესტატო გამოცდებზე რეგისტრირებული, გამოცდებზე გასული და საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები, 2011-2017 წლები
წელი |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
რეგისტრირებული მოსწავლეები |
46 490 |
41 483 |
41 947 |
38 140 |
44 482 |
47 084 |
48 434 |
გამოცდაში მონაწილეობდა |
41 482 |
40 545 |
37 945 |
37 189 |
43 525 |
45 688 |
47 063 |
ზღვარი ვერ გადალახა |
5 978 |
4 727 |
7 941 |
5 235 |
6 446 |
11 577 |
12 803 |
% |
14.4% |
11.7% |
20.9% |
14% |
14.8% |
25. 3% |
27% |
წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი
რაც შეეხება სკოლის საატესტატო გამოცდების დანიშვნის და შემდგომ უკვე გაუქმების საკითხს, 2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საერთო საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. გამოცდების ნაწილს სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ნაწილს კი, მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ აბარებდნენ.
2019 წლის 6 თებერვალს განათლების ახალმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციაში დადასტურებულად იყო ნათქვამი, რომ გაუქმდა სკოლის გამოსაშვები გამოცდები: „2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება“. აღნიშნულ პრეზენტაციამდეც ბატიაშვილი უკვე საუბრობდა საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე, თუმცა იგი მხოლოდ მე-11 კლასელთათვის აპირებდა გამოცდების გაუქმებას, მე-12 კლასელები კი, უკვე, 2020 წლისთვის აღარ ჩააბარებდნენ სასკოლო გამოცდებს.
ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ზოგიერთი სკოლის მე-12 კლასელმა მოსწავლეებმა „არათანაბარი მოპყრობის“ მიზეზით საპროტესტო აქცია გამართეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, მე-12 კლასელებიც არ ჩააბარებდნენ 2019 წელსვე სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს: „მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“.
2019 წლის 5 აპრილს ამ ცვლილებას პარლამენტში კენჭი ეყარა, თუმცა ჩავარდა.[1] კანონპროექტს 8 აპრილს ხელახლა ეყარა კენჭი[2] და „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა - სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა (გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი იხ. ბმულზე).