საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, 2019 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მედიის თავისუფლების დონეს იკვლევს და 2018 წლის მდგომარეობას ასახავს. მედიის თავისუფლების ინდექსის დასადგენად, კვლევაში შვიდი კრიტერიუმი გამოიყენება. ესენია: პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, გარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ჩარჩო, გამჭვირვალობა, ინფრასტრუქტურა და შევიწროება. ქვეყნები ფასდებიან შკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 100 - ყველაზე ცუდი.
2019 წლის კვლევაში საქართველო 28.98 ქულით არის შეფასებული და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, მე-60 ადგილს იკავებს. 2018 წლის კვლევასთან შედარებით, რანჟირებაში გაუმჯობესებული ადგილის მიუხედავად (რაც სხვა ქვეყნების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე მოხდა), ქულებში გამოხატული შეფასება გაუარესებულია - 2018 წლის კვლევაში, საქართველო 27.34 ქულით 61-ე ადგილს იკავებდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ინდექსი 28 ქულაზე მეტი არ ყოფილა. შესაბამისად, 2019 წლის კვლევაში საქართველოსათვის მინიჭებული ინდექსი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღებულ ქულებთან შედარებით, საგრძნობლად გაუარესებულია.
ცხრილი 1: მედიის თავისუფლების ინდექსი საქართველოში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიხედვით, 2012-2019 წლები
წელი |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
ინდექსი |
38 |
30.09 |
29.78 |
27.70 |
27.96 |
27.76 |
27.34 |
28.98 |
ადგილი |
105 |
100 |
84 |
69 |
64 |
64 |
61 |
60 |
წყარო: Reporters Without Borders
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მედია გარემო პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ პოლარიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მედიის მფლობელობასთან დაკავშირებული გამჭვირვალობა უზრუნველყო, მედიის მფლობელები ჯერ კიდევ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში და წყვეტენ გასაშუქებელ კონტენტს. კვლევის თანახმად, ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე დიდი გავლენა ექნება მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის, მფლობელობასთან დაკავშირებული მიმდინარე დავის გადაწყვეტასა და შედეგს. გარდა ამისა, ყურადღება მახვილდება 2017 წელს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე, რომელთან დაკავშირებული საბოლოო და სანდო შედეგებიც ცნობილი ჯერ არ არის.
რაც შეეხება რეგიონულ ანალიზს, კვლევაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში თურქეთი და რუსეთის ფედერაცია რეპრესიის პიონერებად რჩებიან. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ტაჯიკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში არსებულ გარემოზე, სადაც საზოგადოებრივი აზრის კონტროლის მიზნით ინტერნეტზე წვდომაც ფერხდება. მეორე მხრივ, მდგომარეობა გაუმჯობესდა უზბეკეთში, რომელიც მედიის თავისუფლების რუკაზე „ძალიან ცუდი“ მდგომარეობის ქვეყნების რიცხვს აღარ განეკუთვნება და რანჟირებაში 5 ადგილით დაწინაურდა. 2016 წელს დიქტატორ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო დაკავებული ჟურნალისტების ციხიდან გათავისუფლება. მედიასაშუალებებმა კი, თანდათან განაახლეს სენსიტიური თემების გაშუქება. გარდა უზბეკეთისა, რეგიონში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთსა (რაჟირებაში 19 ადგილით დაწინაურდა) და ყირგიზეთშიც (რანჟირებაში დაწინაურდა 15 ადგილით). სომხეთის შემთხვევაში, მედიაზე მთავრობის ზეწოლა და გავლენა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად შემცირდა. თუმცა, მედიაგარემო გაუარესდა უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც არჩევნების ფონზე გამწვავდა პოლარიზაცია. ამან კი, დააზიანა მედიაკლიმატი და მედიასაშუალებებზე ოლიგარქების გავლენა გაზარდა. სწორედ აღნიშნულმა დაძაბულობამ გამოიწვია ინდექსში ამ ორი ქვეყნის ადგილის გაუარესება. ამრიგად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 53 ქვეყანას შორის, საქართველო 29-ე ადგილს იკავებს და მას რეგიონულ რანჟირებაში, 30-ე ადგილით, თუმცა იმავე ინდექსით (28.98 ქულა) სომხეთი მოჰყვება.