რეზიუმე: სერგო რატიანის მიერ დასახელებულ ოთხივე ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ავსტრიაში და ფინეთშიც, ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, მოსწავლეები აბარებენ შესაბამის გამოცდებს. ოთხივე სახელმწიფოში სასკოლო გამოცდების შედეგები (იმის მიუხედავად, როგორი ტიპის სკოლას ამთავრებს მოსწავლე) განიხილება, როგორც საუნივერსიტეტო, ისე პროფესიული განათლების მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად.
ანალიზი
პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენისას, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა, მინისტრის მიერ ინიცირებული სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმების საკითხი გააკრიტიკა და განაცხადა: „სკოლის დამამთავრებელი გამოცდები არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ავსტრიაში, ფინეთში და ა.შ. ამ გამოცდების ქულებით მიდიან შემდეგ უნივერსიტეტებში სხვადასხვა მოდიფიკაციით, მაგრამ ეს ყველგან ასეა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სასკოლო განათლება ერთ-ერთი ყველაზე დეცენტრალიზებულია. ამერიკაში ფედერალური მთავრობა არ განსაზღვრავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის პრინციპებს და არ ქმნის მათთვის ეროვნულ სასწავლო კურიკულუმს. ყოველ შტატს აქვს საკუთარი განათლების დეპარტამენტი, რომელიც ადგენს შტატის სასწავლო გეგმას. საჯარო სკოლა, ძირითადად, საშტატო ბიუჯეტით ფინანსდება. თითოეული სკოლა იმართება ე.წ. სკოლის გამგეობის (school board) მიერ - ეს არის მცირე ზომის კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივების მიერ არჩეული წარმომადგენლებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნული წევრებით. ამერიკაში სასკოლო განათლება სამ ძირითად საფეხურს მოიცავს: დაწყებითი სკოლა (1-ლი - მე-5 კლასი); საშუალო სკოლა (მე-6 - მე-8 კლასი) და უმაღლესი სკოლა (მე-9 - მე-12 კლასი). სკოლის დაწყებამდე ბავშვები იღებენ სკოლამდელ განათლებას, სკოლაში კი 6 წლის ასაკში შედიან.
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლები მაქსიმალურად დეცენტრალიზებულია, შესაბამისად, თითოეული შტატი და შემდეგ უკვე სკოლა თავად განსაზღვრავს გამოცდების ტიპსა და ტესტებს, რომელიც სხვადასხვა დონეზე მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ. შტატების უმეტესობაში დაწესებულია, როგორც კლასიდან კლასში გადამსვლელი გამოცდები, ისე ერთი სასკოლო დონიდან, მეორე დონეზე გადასასვლელი გამოცდები (იგულისხმება დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სკოლაში გადასასვლელი გამოცდები). უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი სტანდარტიზირებული გამოსაშვები გამოცდები ამერიკის 13 შტატში ტარდება (ფლორიდა, ინდიანა, ლუიზიანა, მასაჩუსეტსი, მისისიპი, ნიუ-ჯერსი, ნიუ-მექსიკო, ნიუ-იორკი, ოჰაიო, ტეხასი, ვირჯინია და ვაშინგტონი). მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები ტარდება ამერიკის დანარჩენ 37 შტატშიც, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი 13 შტატისგან განსხვავებით, ის არ არის სტანდარტიზირებული და მოიცავს, როგორც წესი, მხოლოდ მე-12 კლასის მასალას ან კონკრეტული სპეციალიზირებული კურსების მასალას. უმაღლეს სკოლაში (მე-9 - მე-12 კლასი) თითოეული მოსწავლისთვის დგება ე.წ. ქულის საშუალო მაჩვენებელი (Grade Point Average (GPA)) - უმაღლეს სკოლაში არსებულ საგნებში მიღებული ქულების საშუალო მაჩვენებელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამოცდების შედეგებიც. კოლეჯებში და უნივერსიტეტებში ჩაბარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უმაღლესი სკოლის საშუალო ქულების მაჩვენებელს (GPA), მასთან ერთად, ასევე, შეფასების სხვა ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის: გასაუბრება, რეკომენდაციები, სკოლის კურიკულუმის მოთხოვნების მიღმა გაწეული აქტივობები და ა.შ. თუმცა, GPA-ს მაინც ცენტრალური პოზიცია უჭირავს განათლების ახალ საფეხურზე გადასვლისას.
გერმანიის სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი სისტემებისგან საკმაოდ განსხვავებულია. ისევე, როგორც სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, გერმანიაშიც სკოლამდელ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 3 წლიდან 6 წლამდე ბავშვები ბაღში დადიან. უკვე 6 წლის ასაკში კი, დაწყებით სკოლაში შედიან (Die Grundschule), დაწყებითი სკოლის ხანგრძლივობა გერმანიაში 4 წელია, მხოლოდ ბერლინსა და ბრანდენბურგში გრძელდება დაწყებითი სკოლა 6 წელი. დაწყებითი სკოლის შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ ოთხ სხვადასხვა ტიპის სკოლაში სწავლის გაგრძელება (იმის მიხედვით თუ როგორი შესაძლებლობა ან/და ინტერესები აქვს მოსწავლეს):
1. Die Hauptschule - აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები 5 წელს ატარებენ. ასეთი ტიპის სკოლები ძირითადად ორიენტირებულია პროფესიულ განათლებაზე, მოსწავლეში იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული განათლების დაუფლებისა და შემდგომი გამოყენებისათვის. ამ სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს ეძლევათ შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის საშუალებითაც ან შეუძლიათ საჯარო და პროფესიული სამსახურების დაწყებით საფეხურზე მუშაობა ან/და მიდიან ე.წ. Berufsfachschule - ში (სკოლა), რომელიც მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებულია და მოსწავლეების კვალიფიკაციას ზრდის.
2. Die Realschule - ამ ტიპის სკოლაში მოსწავლეები 6 წელს ატარებენ. იგი არის შუალედური სკოლა ზემოთ აღწერილ სკოლასა და გიმნაზიას შორის. აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები თანაბრად ეუფლებიან, როგორც ზოგად განათლებას კლასიკური ტიპის საგნების მეშვეობით, ისე პროფესიულ კურსებს. ამ სკოლის სერტიფიკატით მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში სწავლა, დაიწყოს მუშაობა. მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ გიმნაზიაში და შემდეგ უკვე უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ ცოდნის მიღება.
3. Das Gymnasium - გიმნაზიაში მოსწავლეები 8 ან 9 წელს ატარებენ. წლების ხანგრძლივობა (8 ან 9 წელი) დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩააბარებენ მოსწავლეები საუნივერსიტეტო (Abitur/Hochschulreife) ან მასთან გათანაბრებულ გამოცდებს. გიმნაზიიდან მოსწავლეები ძირითადად უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. გიმნაზიის ბოლო ორ-სამ წელს, მოსწავლეები გადიან სპეციალურ საგამოცდო კურსებს, რომლის წარმატებით დასრულებაზე და შეფასებაზეა მეტწილად დამოკიდებული საუნივერსიტეტო გამოცდების შეფასება. აღნიშნულ ქულებს უნივერსიტეტში ჩაბარებისას ემატება დამატებით ორ უნიფიცირებულ საგანში მიღებული ქულები.
4. Die Gesamtschule - ამ ტიპის სკოლა აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ტიპის სკოლის ელემენტებს. მისი ხანგრძლივობა 6 წელია. 6 წლის შემდგომ მოსწავლეები თვითონ ირჩევენ დატოვონ სკოლა შესაბამისი გამოცდებით და Hauptschule - თან ან Realschule-თან გათანაბრებული სერტიფიკატით თუ დარჩნენ სკოლაში კიდევ 3 წელი, მოემზადონ შესაბამისი კურსებით საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის და სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში.
მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის სასკოლო განათლების რომელი ტიპის სკოლაშიც არ უნდა სწავლობდეს მოსწავლე, მისი დასრულებისას მას მაინც უწევს შესაბამისი სასკოლო გამოცდების ჩაბარება, რომლის შედეგებითაც იღებს სერტიფიკატს ან იპოვებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, გერმანიის სკოლებიც მაქსიმალურად დეცენტრალიზებულია და თითოეული ე.წ. მიწა (Länder) საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართავს სასკოლო განათლებას, თუმცა იგი, რა თქმა უნდა, შესაბამისობაში მოდის განათლების ეროვნულ მოთხოვნებთან, ინტერესთან და ხარისხთან.
ისევე, როგორც ამერიკაში და გერმანიაში, ავსტრიაშიც განათლების პირველი საფეხური სკოლამდელი განათლებაა (თუმცა არა სავალდებულო). ბავშვები ბაღში 3 წლიდან 6 წლამდე დადიან. ამის შემდგომ, ისინი შედიან დაწყებით სკოლაში. დაწყებითი სკოლა ავსტრიაში 4 წლიანია, 4 წლის შემდგომ მოსწავლეები გადადიან სასკოლო განათლების მეორე დონეზე. განათლების მეორე ეტაპზე, მოსწავლეები თავად ირჩევენ ორი ტიპის სკოლიდან რომელში სურთ სწავლის გაგრძელება:
1. საშუალო სკოლა - ამ ტიპის სკოლაში მოსწავლეები იღებენ ზოგად განათლებას, ემზადებიან მომავალი აკადემიური და სამუშაო ცხოვრებისთვის.
2. საშუალო აკადემიური სკოლა - ამ ტიპის სკოლებში ხდება მოსწავლეების ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით, მათი მეტად ორიენტირება და სპეციალიზება ან პროფესიული განათლების ან უმაღლესი განათლების ეტაპზე გადასასვლელად - აღნიშნული ტიპის სკოლა მეტად ფოკუსირებულია კონკრეტულ მიმართულებებზე იქნება ის ჰუმანიტარული, ტექნიკური და ა.შ..
ორივე ტიპის სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა 4 წელია. საშუალო სკოლის დასრულების და შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მოსწავლეები მიდიან კოლეჯებში ან სპეციალიზებულ პროფესიულ სკოლებში, ხოლო საშუალო აკადემიური სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გადადიან აკადემიური სკოლის შემდეგ საფეხურზე და ამის შემდგომ, შესაბამისი გამოცდების მეშვეობით, აბარებენ უნივერსიტეტებში. ამერიკის და გერმანიის მსგავსად, ავსტრიაშიც, ყოველი მოსწავლე ახალ აკადემიურ საფეხურზე გადასასვლელად აბარებს სასკოლო გამოცდებს. გამოცდების სპეციფიკა დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიმართულებით აპირებს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ სასკოლო განათლება ავსტრიაში საკმაოდ ცენტრალიზებულია და იგი წარიმართება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.
ფინური სკოლები და მათი მოსწავლეები, თითქმის ყველა საგანმანათლებლო რეიტინგის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ფასდება. უმეტესი ევროპული ქვეყნების მსგავსად, სასკოლო განათლება ფინეთშიც 12 წლიანია. დაწყებითი კლასი ფინეთში მხოლოდ 1-ლი კლასია, მე-2 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით კი, საშუალო სკოლაა, ხოლო მე-10 კლასიდან მოსწავლეები ან პროფესიულ უმაღლეს სკოლაში გადადიან ან ძირითად უმაღლეს სკოლაში. პროფესიული სკოლიდან შესაბამისი საფეხურების გავლის შემდეგ მოსწავლეები ან კონკრეტულ პროფესიულ კურსში სპეციალიზდებიან ან უნივერსიტეტში აგრძელებენ იგივე მიმართულებით სწავლას, ხოლო უმაღლესი სკოლიდან უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. ფინური განათლების მოდელი ყველაზე ნაკლებადაა გამოცდებზე ორიენტირებული 1-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები არანაირი სახის გამოცდას არ აბარებენ, შემდეგ უკვე შემოდის გარკვეული სახის გამოცდები ცალკეულ საგნებში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საატესტატო გამოცდებს 12 კლასის შემდგომ ყველა მოსწავლე აბარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიპოვებენ სკოლის დამთავრების სერტიფიკატს და ვერ გადავლენ განათლების შემდეგ საფეხურზე.
დასკვნის სახით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებში არსებული გამოცდები ნაკლებად ჰგავს საქართველოში არსებულ საატესტატო გამოცდებს. აღნიშნულ ქვეყნებში გამოცდები ორიენტირებულია მოსწავლის უნარების შეფასებაზე და ნაკლებად ამოწმებს მათი მხრიდან კონკრეტული ფაქტების ცოდნას. ეს გამოცდები ანალიზის უნარს აფასებს და არა ფაქტების დამახსოვრება/დაზეპირების უნარს.