რეზიუმე: ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო ხელისუფლებაში განხორციელებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა და საერთო სასამართლოების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი მოიყვანა, მათ შორის, ყურადღება გირაოს შეფარდების მაჩვენებელზე (იგულისხმება გირაოს სახით შეფარდებული თანხის საერთო ოდენობა) გაამახვილა.
შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საერთო ოდენობა, რადგან უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ამ სახის მონაცემები სასამართლო სისტემაში არ მუშავდება.
ბიძინა ივანიშვილის განცხადების მთავარ წყაროს „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის 2013-2016 წლების ანგარიში“ წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოების სრულად) მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საერთო ოდენობა, მართლაც, 18-ჯერ არის შემცირებული (შედარებულია 2009-2012 და 2013-2016 წლების პერიოდები).
ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული რიცხვები მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებია და არ ასახავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებას. უფრო მეტიც, ეს სტატისტიკა 2016 წლის სურათს ასახავს და არა უახლესს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი (თუნდაც მართლაც საგრძნობლად იყოს ის შემცირებული), ცალკე აღებული, ვერ იქნება სასამართლოს ეფექტიანობის საზომი. საზოგადოებისთვის ის „მშრალი რიცხვებია“, რომელიც მხოლოდ ეფექტის მოხდენას ისახავს მიზნად.
ფაქტ-მეტრი სასამართლოს სისტემის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ სხვა განცხადებებსაც ამოწმებს და შესაბამის კვლევებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
ანალიზი
მიმდინარე წლის 9 აპრილს, გადაცემაში „პირისპირ“, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებაზე ისაუბრა. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მან რამდენიმე მაჩვენებელი დაასახელა, მათ შორის, ყურადღება სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის საერთო ოდენობის კლებაზეც გაამახვილა. „18-ჯერ (91 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე) შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი და ეს ფული ხომ, როგორც წესი, მოსახლეობის ჯიბიდან ამოდიოდა“ - განაცხადა (38-ე წთ) ივანიშვილმა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაო აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და იმ მიზნით გამოიყენება, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.
გირაოს შეფარდებისას, საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე, ბრალდებულს სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობის თანხა აღსრულების ეროვნული სააგენტოს დეპოზიტზე შეაქვს ან თანხის ნაცვლად, მის ექვივალენტურ ქონებას ედება ყადაღა. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამასთან, გირაოს სახით შეტანილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, აღსასრულებლად მიექცევა.
იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, მაშინ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანიდან ერთ თვეში მას გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება, ან ქონებას ყადაღა ეხსნება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საკითხის ისე წარმოჩენა თითქოს გირაო, მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხაა, არასწორია. შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევაში გირაო ბიუჯეტში გადაირიცხოს, თუმცა, გირაოს გადახდა ცალსახად ბიუჯეტის შევსებას და ამ თანხის დაკარგვას არ გულისხმობს.
რაც შეეხება უშუალოდ გირაოს თანხის ოდენობას (რომელიც არ შეიძლება იყოს 1 000 ლარზე ნაკლები), სასამართლო მას ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით განსაზღვრავს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლო ვალდებულია ისეთივე გულმოდგინედ მოეკიდოს გირაოს სათანადოდ განსაზღვრას, როგორც პატიმრობის საკითხის გადაწყვეტას (გვ. 88).
სასამართლოს მიერ გირაოს თანხის სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული ვერ გადაიხდის შეფარდებულ გირაოს, ის შესაძლოა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და შეუსაბამოდ მაღალი გირაოს შეფარდება, პირის პატიმრობას შეიძლება უდრიდეს (გვ. 21).
აღნიშნულიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში, სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხების საერთო ოდენობა, შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციის მატარებელი იყოს, სასამართლოს მიერ, გირაოს, როგორც აღკვეთის ღონისძიების სწორად და კეთილსინდისიერად გამოყენების პრაქტიკის შესასწავლად, თუმცა ის ვერ იქნება საკმარისი სწორი დასკვნების გასაკეთებლად. ამავე დროს, როგორც მინიმუმ, უნდა ვიცოდეთ:
- ერთი მხრივ, კონკრეტულ პერიოდში პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოთხოვნის მაჩვენებელი დაამავე პერიოდში პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს საერთო ოდენობა, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი;
- ასევე გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან გირაოს შესახებ გამოტანილი განჩინების დასაბუთებისა და გირაოს ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკა;
- კონკრეტულ პერიოდში პირთათვის შეფარდებული გირაოს თანხის საშუალო მაჩვენებელი;
- გირაოს გადაუხდელობის მიზეზით, რამდენ შემთხვევაში შეიცვალა გირაო, აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით?
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხოლოდ გირაოს თანხის საერთო ოდენობაზე აპელირება, ისე რომ ისიც კი არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რომელი პერიოდის მონაცემები დარდება ერთმანეთს, ან ამ პერიოდებში როგორი იყო გირაოს (როგორც აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახის) შეფარდების მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, რომ არაფრის მომცემია, თუნდაც აღნიშნული რიცხვი მართლაც 18-ჯერ შემცირებულიყო.
ფაქტ-მეტრი მაინც შეეცადა აღნიშნული განცხადების გადამოწმებას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2003-2018 წლებში აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით მიმართა (წერილი N 30, 05/02/2019).
უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდა. მათი განმარტებით, გირაოს თანხების აღრიცხვა სასამართლო სტატისტიკაში არ წარმოებს და მისი მოწოდების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან (წერილი N პ-102-19, 12/02/2019).
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რომ თუ სასამართლო სისტემაში ამ სახის მონაცემები არ მუშავდება, მაშინ როგორ მოხვდა ის, როგორც ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ხელში. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმდე, ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში აღნიშნული მონაცემები ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში იყო წარმოდგენილი, ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი (2019 წლის 22 იანვარს), ტელეკომპანია „იმედმა“ გადაცემაში „პირისპირ“, საზოგადოებას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა. სხვა მაჩვენებლებთან ერთად, რომელიც თითქმის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული მონაცემების იდენტურია.
როგორც გაირკვა, ორივე მათგანი (ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, ხოლო, მეორე მხრივ, ტელეკომპანია „იმედი“) მონაცემების საზოგადოებისთვის მიწოდებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის 2013-2016 წლების ანგარიშსეყრდნობოდა. აღნიშნული ანგარიში გარდა იმისა, რომ მხოლოდ 2016 წლის ჩათვლით არსებულ მონაცემებს ასახავს (შესაბამისად, 2019 წელს, მასზე დაყრდნობით განცხადების გაკეთება ლოგიკას მოკლებულია), ამავე დროს მოიცავს არა საერთო სასამართლოების ერთიან (იგულისხმება მთელი საქართველოს მასშტაბით), არამედ მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებს.
ანგარიშში ვკითხულობთ (გვ. 13-14): „2009-12 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილებული გირაოს საერთო ოდენობა 91 415 521 ლარს, ხოლო 2013-16 წლებში 5 266 000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, სახეზეა 94%-იანი კლება. მეტიც, შედარებისთვის 2011 წელს გირაოს ოდენობა შეადგენდა 30 990 000 ლარს, მაშინ როდესაც 2016 წელს გირაოს მაჩვენებელმა 611 500 ლარი შეადგინა“.
ანგარიშის გაცნობის შემდეგ, აღნიშნული მონაცემების მოწოდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მივმართეთ (წერილი N38, 15/02/2019). ამავდროულად უზენაეს სასამართლოს წერილი მივწერეთ და სასამართლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანგარიშზე მივუთითეთ (წერილი N 40, 15/02/2019). უზენაესი სასამართლოსთვის აღნიშნული მითითების მიზანს წარმოადგენდა იმის გაგება, თუ როგორ მოხვდა საბჭოს ანგარიშში ისეთი ინფორმაცია, რომლის დამუშავებაც სასამართლოში არ წარმოებს. თუმცა, სასამართლომ განმარტებისგან თავი შეიკავა (წერილი N პ-146-19, 26/02/2019).
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს, მათაც უარი გვითხრეს მონაცემების მოწოდებაზე, იმ არგუმენტით, რომ ამ სახის მონაცემების დამუშავება სასამართლოში არ ხორციელდება (წერილი N 1-0434/4274, 21/02/2019). ამჯერად უკვე საქალაქო სასამართლოს მივუთითეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე და განმარტება მოვთხოვეთ (წერილი N51, 25/02/2019), რაზეც, სასამართლომ შემდეგი პასუხი გაგვცა: „რაც შეეხება მინიშნებას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის“ (წერილი N 3-0421/2870206-5153, 07/03/2019).
აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრმა საკითხში გარკვევის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მიმართა (წერილი N 50, 25/02/2019). ჩვენ საბჭოს ვთხოვეთ დაეზუსტებინა თუ რომელ წყაროს და რომელი უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა ანგარიშის შედგენისას, კონკრეტულად კი გირაოს თანხების შესახებ მონაცემების გაანალიზებისას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხის გაცემას ერთ თვეზე მეტი მოანდომა (წერილი N334/482-03-ო). საბოლოოდ კი ამ სახის პასუხით შემოიფარგლა: „ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის 2013-2017 წლების ანგარიშში გამოყენებული ინფორმაცია სისტემატიზებული სახით არ მოიპოვება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ის დამუშავდა თავად ანგარიშის მომზადებაში ჩართული მოხელეების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე“.
ის, თუ პროცედურულად როგორ მოხდა ანგარიშის მომზადებაში ჩართული მოხელეების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული ინფორმაციის დამუშავება, ჩვენთვის უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ დღესდღეობით ამ სახის მონაცემების დამუშავება არ წარმოებს.