ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, ვართ ყველაზე უთანასწორო ქვეყანა. განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი

რეზიუმე: ბექა ნაცვლიშვილის განცხადების კონტექსტი შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად: საქართველო ღარიბი ქვეყანა არ არის, არამედ მაღალია შემოსავლები, რომლებიც მოსახლეობაზე არ ნაწილდება და მდიდარ ადამიანთა მცირე ჯგუფისკენ მიემართება.

ქვეყნის სიღარიბე შედარებითი კატეგორიაა და არ არსებობს უნივერსალური სისტემა, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნები ღარიბებად ან მდიდრებად არიან კლასიფიცირებულნი. თუმცა, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით, საქართველო ხვდება საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა მაგალითად: ინდოეთი, ჯიბუტი, პაკისტანი, ბანგლადეში, ზამბია, ვიეტნამი, მონღოლეთი, უზბეკეთი, და ა.შ. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მართებული არ არის განცხადების ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი საქართველოს ღარიბ ქვეყანად არ მიიჩნევს.

შემოსავლების უთანასწორობის საზომად მიიჩნევა ე.წ. „ჯინის კოეფიციენტი“. ჯინის კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს, ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 1 კი უთანასწოროს. მაგალითად, თუ ქვეყანაში ცხოვრობს 1 000 ადამიანი და ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი იქნება ნული, ხოლო როცა შემოსავალი მხოლოდ ერთს აქვს, კოეფიციენტი 1, ანუ 100%. ჯინიკოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს, ხოლო ინდექსში ეს რიცხვი პროცენტულად არის გამოსახული, ანუ 100-ზე მრავლდება. მაგალითად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 0.405-ს შესაბამისი ჯინის ინდექსი არის 40.5.

შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნების შედარება ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, რომელიც ასევე მსოფლიო ბანკის ინკლუზიური განვითარების ინდექსში ერთ-ერთ სარეიტინგო კომპონენტად გვხვდება. აღნიშნულ რეიტინგში განხილულია 106 ქვეყანა. ჯინის ინდექსის მიხედვით, საქართველო 106 ქვეყნიდან არის 33-ე ადგილზე უთანასწორობის მაჩვენებლით, შემოსავლების უთანასწორობის 40.5 მაჩვენებლით. პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ აფრიკა (57.7), ნამიბია (55), შრი-ლანკა (51.4), ჩინეთი (51) და ზამბია (49.5). შესაბამისად, ბექა ნაცვლიშვილის პათოსი, რომ საქართველოში შემოსავლები განაწილების უთანასწორობა უკიდურესად მაღალი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, საქართველოს უთანასწორობის მაჩვენებელი ობიექტურად მაღალია, განსაკუთრებით ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. არსებული მონაცემებით, ჩვენს რეგიონში, განაწილების უთანასწორობით, საქართველოს მხოლოდ რუსეთი უსწრებს. პოლიტიკოსის განცხადება ფაქტობრივად უფრო ზუსტი იქნებოდა, რეგიონზე რომ საუბრობდეს.

ანალიზი

ბექა ნაცვლიშვილმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრია, 19 მარტს, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: „ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, ვართ ყველაზე უთანასწორო ქვეყანა. განსხვავება შემოსავლების ჯგუფებს შორის, განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის, ჩვენს ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი“.

ფაქტ-მეტრი ბექა ნაცვლიშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. განცხადების კონტექსტი შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად: საქართველო ღარიბი ქვეყანა არ არის, არამედ მაღალია შემოსავლები, რომლებიც მოსახლეობაზე არ ნაწილდება და მდიდარ ადამიანთა მცირე ჯგუფისკენ მიემართება.

უნდა განისაზღვროს, რამდენად შეიძლება ვუწოდოთ საქართველოს ღარიბი ქვეყანა და რამდენად რადიკალურია შემოსავლების განაწილების უთანასწორობა მოსახლეობაში. ქვეყნის სიღარიბე მეტნაკლებად შედარებითი კატეგორიაა და არ არსებობს უნივერსალური სისტემა, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნები ღარიბებად ან მდიდრებად არიან კლასიფიცირებულნი. ანალიზისას, მართებულია მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის გამოყენება, რომელიც ასახულია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: ქვეყნების კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით

მეშ[1]/ერთ სულზე აშშ.დოლარი

დაბალშემოსავლიანი

< 995

საშუალოზე დაბალშემოსავლიანი

996 - 3,895

საშუალოზე მაღალშემოსავლიანი

3,896 - 12,055

მაღალშემოსავლიანი

> 12,055

წყარო: მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია

აღნიშნული მეთოდოლოგიით, საქართველო ხვდება საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რადგან 2017 წელს, მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენდა 3 780 აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში არიან ქვეყნები, როგორებიცაა: ინდოეთი, ჯიბუტი, პაკისტანი, ბანგლადეში, ზამბია, ვიეტნამი, მონღოლეთი, უზბეკეთი, და ა.შ. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ რომ მართებული არ არის განცხადების ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი საქართველოს ღარიბ ქვეყანად არ მიიჩნევს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21.9% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას მათ საშუალო მოხმარებასთან. ღარიბად ითვლება ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური (საშუალო) მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 22.3% მედიანური[2] მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. იუნისეფის ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში[3] ცხოვრობდა მოსახლეობის 5%.

შემოსავლების უთანასწორობის საზომად მიიჩნევა ე.წ. „ჯინის კოეფიციენტი“. ჯინის კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს, ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 1 (ან 100) კი - უთანასწოროს. მაგალითად, თუ ქვეყანაში, თეორიულად, ცხოვრობს 1 000 ადამიანი და ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი იქნება ნული, ხოლო როცა შემოსავალი მხოლოდ ერთს აქვს, კოეფიციენტი ერთი, ანუ 100 %.

შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნების შედარება ჯინის კოეფიციენტი მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკის ინკლუზიური განვითარების ინდექსში ერთ-ერთი სარეიტინგო მაჩვენებელად გვხვდება. აღნიშნულ რეიტინგში განხილულია 106 ქვეყანა. ჯინის ინდექსის მიხედვით, საქართველო 106 ქვეყნიდან იკავებს 33-ე ადგილს, შემოსავლების უთანასწორობის 40.5 მაჩვენებლით. შესაბამისად, ბექა ნაცვლიშვილის პათოსი, რომ საქართველოში შემოსავლები განაწილების უთანასწორობა უკიდურესად მაღალი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, საქართველოს მაჩვენებელი ობიექტურად მაღალია, განსაკუთრებით ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. არსებული მონაცემებით, ჩვენს რეგიონში საქართველოს განაწილების უთანასწორობით მხოლოდ რუსეთი უსწრებს. ბექა ნაცვლიშვილის განცხადება უფრო ზუსტი იქნებოდა ჩვენს რეგიონზე რომ საუბრობდეს.

კონტექსტიდან გამომდინარე, ბექა ნაცვლიშვილის განცხადება სიმართლის ელემენტებს შეიცავს განაწილების უთანასწორობის ნაწილში, თუმცა საერთო ჯამში, ის ზუსტი არაა.



[1] მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მეშ) არის რეზიდენტების მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე და დანარჩენი მსოფლიოდან დარიცხული პირველადი (ხელფასი, მოგება, შერეული შემოსავლები) და საკუთრებიდან (დივიდენდი, რენტა) წმინდა (მისაღები გასაცემის გამოკლებით) შემოსავლების ჯამი. გაანგარიშებული ატლასის მეთოდით

[2] მედიანური - შუა სიდიდე, საშუალო

[3] უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს