იტვირთება

რეზიუმე: იუნისეფის ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში[i] მცხოვრები მოსახლეობის წილი გაზრდილია როგორც 2015, ასევე 2013 წელთან შედარებით. 2017 წელს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა მოსახლეობის 5%, ეს მაჩვენებელი 2015 წელს 2.1%, ხოლო 2013 წელს 3.9% იყო. უკიდურესი სიღარიბის ახლანდელ მაჩვენებელს 2012 წელს (როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა) ვერ შევადარებთ, რადგან იუნისეფის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ის 2012 წელს არ ჩატარებულა. 2011 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 9.1% იყო, 2012-2013 წლებში კი ის მნიშვნელოვნად, 3.9%-მდე შემცირდა. აღნიშნული შემცირება როგორც წინა ხელისუფლების, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს მოიცავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასში გარკვეული წვლილი ორივე ხელისუფლებას მიუძღვის. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ რა ნიშნულზე იყო უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს, ვერ დავასკვნით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში (მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე) უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ჯამში გაზრდილია თუ არა.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა: „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ბოლო წლებში განსაკუთრებით, უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა“ (იხ. გადაცემის ჩანაწერი 24 წთ-დან).

იუნისეფი საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას 2009 წლიდან იკვლევს. კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. სიღარიბის დონე სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება).

იუნისეფის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 2011-2015 წლებში მუდმივად მცირდებოდა. თუმცა, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე გაიზარდა.2017 წლის კვლევის თანახმად, ზოგად სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს მოსახლეობის 5%, ეს მაჩვენებელი 2015 წელს 2.1%, ხოლო 2013 წელს 3.9% იყო. იუნისეფმა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

გრაფიკი 1: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში

წყარო: იუნისეფი - "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები"

საქსტატი აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21.9% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზეა (იხ. გრაფიკი 2).

ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას მათ საშუალო მოხმარებასთან. ღარიბად ითვლება ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური (საშუალო) მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, 2012-2015 წლებში, ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 და 2017 წლებში კი, სიღარიბის დონე გაიზარდა. 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 22.3% მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 2012 წლის დონეზეა (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები 2010-2017 წლებში
წყარო: საქსტატი




[i] უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2842 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი