იტვირთება

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გორში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ბევრ სოფელს წყლისა და გაზმომარაგების პრობლემა მოეხსნა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ კუთხით გორის მუნიციპალიტეტში და 106 სოფლიდან (იგულისხმება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლები) რამდენ მათგანშია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ წყლის სისტემებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს, ხოლო გაზიფიცირების საკითხი მთლიანად ცენტრალური მთავრობის პრეროგატივაა.გორში გაზიფიცირების სამუშაოები, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაზიფიცირების სამუშაოები შიდა ქართლში და მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან განახლდა.გორის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან გაზიფიცირების სამუშაოები 106 სოფლიდან 87 სოფელს შეეხო, მანამდე, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, გაზიფიცირება ზოგიერთ სოფელში განხორციელდა, თუმცა არასრულად. სოფლების ნაწილში მხოლოდ ბუნებრივი აირის მილები ჩაყარეს, ზოგან კი, ცენტრალური მილის გაყვანის შემდეგ სამუშაოები ვეღარ გაგრძელდა.ამ ეტაპისთვის გაზის გარეშე 19 სოფელი რჩება. მათ შორისაა ის სოფლები, სადაც გაზიფიცირების მიზნით დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. მერიის ინფორმაციით, დარჩენილ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად დასრულდება.

გორის მერიის ინფორმაციით, სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლიდან დღემდე 28 სოფელში განხორციელდა, ხოლო 15 სოფელი ამ დრომდე, კვლავ, უწყლობით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგას. დანარჩენ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა არც ადრე ყოფილა, ან თუ იყო, მეტნაკლებად მოგვარებულია და გრაფიკით მიეწოდებათ.

სასმელ წყალთან დაკავშირებული იმ დროისთვის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, გორის მუნიციპალიტეტში სამუშაოები 2013 წლის ბოლოდან დაიწყო. იმ პერიოდში ყველაზე რთული სიტუაცია გორის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში იყო. დიდ ხურვალეთში, გუგუთიანთკარში, კოშკაში, ზარდიანთკარში, დიცსა და მერეთში წყლი დეფიციტი ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებას ართულებდა. ამიტომ, საწყის ეტაპზე სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება აღნიშნული სოფლებიდან დაიწყო. სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ამ დროისთვის 27 000 ლარი იყო გამოყოფილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე სასმელი წყლის მიწოდება შემდეგ სოფლებში გახდა შესაძლებელი: მეჯვრისხევი, შავშვები, ნაწრეტი, მეღვრეკისი, სათემო, ზემო და ქვემო სობისი, ფლავი, ერგნეთი, შინდისი, ხურვალეთი, ზარდიაანთკარი, კოშკა, დიცი, ქვეში, ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ატენი, ქვახვრელი, ზედაქსოვრისი, ძევერა, სკრა, ორთაშენი, ბერბუკი, პატარა მეჯვრისხევი, ქვემო ხვითი.

აღნიშნული 27 სოფლის პარალელურად, წყლის სისტემების მოწყობის დასრულებითი სამუშაოები, მერიის ცნობით, ტინისხიდსა და თედოწმინდაში მიმდინარეობს. მიუხედავად ჭაბურღილების დამონტაჟებისა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისა, რიგ სოფლებში პრობლემა დღემდე თავს იჩენს სასმელი წყლის სისტემების დაზიანების გამო და მოსახლეობას წყალი ზოგჯერ გრაფიკით, ხან კი საერთოდ არ მიეწოდება. საერთო ჯამში, ამ დროის მონაცემებით, სასმელი წყლის პრობლემა გორის მუნიციპალიტეტში მინიმუმ 1 500-მდე ოჯახის წინაშე მწვავედ დგას.

გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზე გასულ წელს, ფაქტ-მეტრიც წერდა, თუმცა რიგ სოფლებში სამუშაოების განხორციელების მიუხედავად, პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება.


მსგავსი სიახლეები

2780 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი