გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტების დასრულებისას მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები მოუგვარდება. ერთ-ერთ ასეთ სოფლად მან ქვახვრელი დაასახელა, სადაც, გამგებლის თქმით, სასმელი წყლის სისტემის მონტაჟი იგეგმება.

„სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის სისტემა კომუნისტების პერიოდშიც არ არსებობდა, ჩვენ დავიწყეთ და დავამთავრებთ ამ მნიშვნელოვან პროექტს“, - განაცხადა

ონიაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად,

სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას სასმელი წყალი 1975 წლიდან გრაფიკით მიეწოდებოდა. დაახლოებით 15 წლის შემდეგ, სასმელი წყლის ქსელი მწყობრიდან გამოვიდა და წყლის მიწოდება შეწყდა. 1990 წლიდან სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებამდე ადგილობრივი მოსახლეობა ინდივიდუალურ ჭებს იყენებდა.

როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, სასმელი წყლის პრობლემა სოფელში ამ დრომდე აქტუალურ თემად რჩება, რომლის გადაჭრა გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, შპს „არქიკულტურას“, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სასმელი წყლის სისტემის პროექტი ამ დრომდე უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და დაწყებული სამუშაოები და ნაკისრი ვალდებულებები სისტემის მოწყობის დასრულებამდე მიატოვა.

შექმნილი ვითარების შესასწავლად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მიიწვია. როგორც ფაქტ-მეტრს გამგეობიდან აცნობეს, ექსპერტიზამ უკვე დათვალა შესრულებული და დარჩენილი სამუშაოების ოდენობა, ასევე დასრულებისთვის საჭირო ხარჯები. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმააციით, გამგეობის მიერ გადარიცხული თანხა (800 000 ლარი) კომპანიამ საბანკო გარანტიის საფუძველზე უკან დააბრუნა. ასევე, შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილია ინფორაცია, იმ მიზნით, რომ შპს „არქიკულტურა“ ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ და ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალონ.

საბოლოო ჯამში, შექმნილმა სიტუაციამ სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის სისტემის პროექტის დასრულება გააჭიანურა. შპს „არქიკულტურასთან“ 2016 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები სრულად 2017 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინდივიდუალური მრიცხველებისა და ჭის სათავე ნაგებობების მოსაწყობად.

საყურადღებოა ისიც, რომ დავით ონიაშვილის აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ, საკითხს ქვახვრელელები გამოეხმაურნენ და ის ტყუილში ამხილეს. მათი განმარტებით, კომუნისტების პერიოდში სასმელი წყალი მიეწოდებოდათ და ამის დასადასტურებლად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფოტო

გაუგზავნეს, სადაც 1980-82 წელს დამონტაჟებული ონკანია ასახული.

  დასკვნა

გორის გამგეობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის სისტემა 1975 წლიდან 1990 წლამდე ფუნქციონირებდა და ადგილობრივებს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ. ხოლო, 1990 წლიდან ადგილობრივები ინდივიდუალურ ჭებს იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში შარშან დაწყებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები თავის დროზე ვერ დასრულდა, რადგან შემსრულებელმა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა. ვიდრე დავით ონიაშვილს (სამ თვეში) გამგებლობის ვადა ამოეწურება, შესაძლოა ეს სამუშაოები ვერც დასრულდეს. ამ ეტაპზე საკითხს ექსპერტიზა სწავლობს, ახალი ტენდერი კი გამგეობას ჯერაც არ აქვს გამოცხადებული. პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებულად თქმა, რა ვადებში გახდება შესაძლებელი ტენდერის გამოცხადება და შემდეგ სამუშაოების დასრულება, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ონიაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი