იტვირთება

რეზიუმე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2009-2018 წლების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელში ერთგვაროვანი დინამიკა არ იკვეთება. შესრულების მაჩვენებელი ხან იკლებს, ხან იმატებს. თუმცა, საანგარიშო პერიოდში ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის შესრულების ხვედრითი წილი მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით, 7.7%-დან 13.2%-მდე არის გაზრდილი. ასევე მზარდია ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის შესრულების ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით (2.9%-დან 4.2%-მდე).

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, მინისტრი ხაზს უსვამს 2018 წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისებას. გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ მართლაც 1.66 მილიარდი ლარი შეადგინა და ოფიციალური მონაცემით, ბიუჯეტი 104.89%-ით შესრულდა, თუმცა დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. არსებობს ეჭვი, რომ ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად, აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობა ხარვეზებით მიმდინარეობს. დეკემბერში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარია), ასევე, დეკემბერში მოხდა ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.

ანალიზი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში სტუმრობისას, სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება: „2009 წლიდან ხედავთ რამდენად მზარდია სამინისტროს მიერ ფაქტობრივად ათვისებული თანხები, რამდენად მზარდი დინამიკაა წლების განმავლობაში. 2017 წელს პირველად იყო მნიშვნელოვანი ზრდა წინა წელთან შედარებით, 40%-მდე ფაქტობრივად ათვისებულ თანხებში. უკვე შემდგომი წლების ზრდა დაახლოებით 20%-ია და 2018 წელს ჩვენ 1 662 000 000 ლარის ათვისება გვქონდა. 2019 წელსაც 20%-იანი ზრდა არის დაგეგმილი და ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ ლარს“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

2019 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება 2018 წელს, სამინისტროს დაფინანსება 1.58 მილიონი (დაზუსტებული) ლარი იყო, რაც მიმდინარე წლის დაფინანსებასთან შედარებით (2 მილიარდი), 20.8%-ით ნაკლებია.

ცხრილი 1: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2009-2019 წლების ბიუჯეტი და შესრულების მაჩვენებელი (ლარი)

წელი

ბიუჯეტი

(გეგმა)

ბიუჯეტი (დაზუსტებული)

ფაქტი

შესრულება

შესრულების წილი მთლიან ბიუჯეტში

2009

558 193 800

558 382 900

519 445 400

93.02%

7.69%

2010

689 472 900

728 220 800

716 704 500

98.41%

10.26%

2011

806 097 300

854 484 800

834 568 500

97.66%

11.19%

2012

717 115 100

767 980 011

655 075 159

85.29%

8.39%

2013

901 000 000

1 003 599 800

798 595 100

79.57%

9.85%

2014

875 000 000

935 734 500

904 963 100

96.71%

10.04%

2015

869 501 000

880 149 200

898 398 000

102.07%

9.26%

2016

950 000 000

967 461 900

971 817 600

100.45%

9.44%

2017

1 288 047 000

1 323 847 000

1 355 150 200

102.36%

11.52%

2018

1 815 000 000

1 584 100 000

1 661 664 448

104.89%

13.20%

2019

2 000 000 000

-

-

-

-

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ცხრილის მიხედვით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2009-2018 წლების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელში ერთგვაროვანი დინამიკა არ იკვეთება. 2009-2011 წლებში სამინისტროს ბიუჯეტის ათვისება (რიცხვებში) მზარდია. 2012 წელს ბიუჯეტიდან უფრო ნაკლები თანხა იქნა ათვისებული, ვიდრე წინა წელს. 2013-2014 წლებში ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის შესრულება კვლავ იზრდება, 2015 წელს ისევ კლება ფიქსირდება. 2016-2017 წლებში კი ბიუჯეტის შესრულებაში უკვე ზრდის ტენდენცია იკვეთება. საანგარიშო პერიოდში, ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ხვედრითი წილი მთლიან ბიუჯეტში 7.7%-დან 13.2%-მდე არის გაზრდილი. ხოლო იგივე მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 2009-2018 წლებში, 2.9%-დან 4.2%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მინისტრის მიერ ხაზგასმულ წელს, 2017 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტიდან ფაქტობრივად ათვისებული იყო 1. 35 მილიარდი ლარი, რაც წინა წელს ათვისებულ თანხას (971. 82 მლნ) 39.4%-ით აღემატება. 2018 წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1. 66 მილიარდი ლარი, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 22.6%-ით აჭარბებს.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 2015 წლიდან მოყოლებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. თუმცა, 2015 წელს ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმა 1 მილიარდი ლარი იყო, შემდეგ გეგმა დააზუსტეს და 945 მილიონ ლარამდე შეამცირეს. უკვე ნოემბერში ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის გეგმა კვლავ დაზუსტდა და 869 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს გეგმის შემცირების ხარჯზე მოხდა ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის შესრულება.

იგივე განმეორდა 2018 წელსაც. გასული წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს 12 თვის შესრულებამ 104.89% შეადგინა. ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა დეკემბერში შეტანილი ცვლილების შედეგად შემცირებული გეგმიური მაჩვენებლის შედეგად. ანუ, 2018 წელს მოცემული მიმართულებით ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა, სახსრების ათვისებაში კი არსებითი ხარვეზები ფიქსირდება. კერძოდ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის გეგმა 1.82 მლრდ ლარი იყო. დეკემბერში ბიუჯეტის გეგმა დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა (1.58 მლრდ ლარი). ასევე, 2018 წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან ათვისებული იყო 1 მლრდ ლარი, ბოლო ერთ თვეში კი ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და წლის მიწურულს, სახსრების ბიუჯეტის ფორმალურად შესრულების მიზნით გადარიცხვაზე ეჭვის გამოთქმისათვის ობიექტურ საფუძველს ქმნის. ცნობისთვის, 2016 წელს ბოლო ერთ თვეში დაიხარჯა 177.4 მლნ ლარი, 2017 წელს იგივე მაჩვენებელმა 214 მლნ ლარი შეადგინა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე 2018 წელს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ 2012-2017 წლებში, მხოლოდ 2015 წლის გამოკლებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაზუსტებული ბიუჯეტი გეგმასთან მიმართებით იზრდებოდა, 2018 წელს კი ბიუჯეტი შემცირდა. გარკვეული ხარვეზები არსებობდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 823.8 მლნ ლარი იყო, დეკემბრის თვეში ბიუჯეტი დაზუსტდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარია), ასევე მხოლოდ დეკემბერში მოხდა ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2842 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი