რეზიუმე: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი, 2012 წლის ბიუჯეტთან (დაზუსტებული) შედარებით, 2.6-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტს (დაზუსტებული) თითქმის 20%-ით აღემატება. 2012-2019 წლებში 8.9%-დან 15.3%-მდეა გაზრდილი ინფრასტრუქტურის ხვედრითი წილი ბიუჯეტის მთლიან ასიგნებებშიც.
ბიუჯეტის დაფინანსების ზრდა, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის შესრულება. მართალია, 2018 წლის ბიუჯეტი ოფიციალური მონაცემით 104.89%-ით შესრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. დაზუსტება რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისება პრობლემატურია.
ისიც ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობა ხარვეზებით მიმდინარეობს. დეკემბერში ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარია), ასევე დეკემბერში მოხდა ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.
ამდენად, როგორც ვხედავთ, იზრდება როგორც ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი სახსრების ნომინალური მაჩვენებელი, ასევე მისი ხვედრითი წილი ბიუჯეტში. თუმცა, პრემიერის მიერ დასახელებული მაჩვენებლები გარკვეულწილად გადაჭარბებულია. ამასთან, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტის ათვისება.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა: „2012 წელთან შედარებით ჩვენ ბიუჯეტი ფაქტობრივად გავასამმაგეთ რეგიონული განვითარების მიმართულებით, ხოლო შარშანდელ წელთან შედარებით, 20%-ით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს მაჩვენებელი შეადგენს დახლოებით 2 მლრდ ლარს“.
2012 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაზუსტებული ბიუჯეტი იყო 768 მლნ ლარი. 2019 წელს აღნიშნული სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2 მილიარდ ლარს. შესაბამისად, 2012 წლის ბიუჯეტთან (დაზუსტებული) შედარებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2.6-ჯერ არის გაზრდილი (38.39%-ით). რაც შეეხება 2018 წელს, სამინისტროს დაფინანსება 1.58 მლრდ ლარი იყო (დაზუსტებული), რაც მიმდინარე წლის დაფინანსებასთან (2 მლრდ) შედარებით, თითქმის 20%-ით ნაკლებია. რაც შეეხება მოცემული მიმართულებით გამოყოფილი სახსრების ხვედრით წილს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2012-2019 წლებში 2.5-დან 4.5%-მდე იზრდება. ფაქტ-მეტრი წინა წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაზუსტებულ ბიუჯეტს და შესრულების მაჩვენებელსაც გაეცნო.
ცხრილი 1: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2012-2019 წლების დაზუსტებული ბიუჯეტი და შესრულების მაჩვენებელი (ლარი)
წელი |
ბიუჯეტი (გეგმა) |
ბიუჯეტი (დაზუსტებული) |
ფაქტი |
შესრულება |
მთლიან ბიუჯეტში წილი |
2012 |
717 115 100 |
767 980 011 |
655 075 159 |
85.29% |
8.86% |
2013 |
901 000 000 |
1 003 599 800 |
798 595 100 |
79.57% |
10.29% |
2014 |
875 000 000 |
935 734 500 |
904 963 100 |
96.71% |
9.63% |
2015 |
869 501 000 |
880 149 200 |
898 398 000 |
102.07% |
9.03% |
2016 |
950 000 000 |
967 461 900 |
971 817 600 |
100.45% |
9.22% |
2017 |
1 288 047 000 |
1 323 847 000 |
1 355 150 200 |
102.36% |
10.98% |
2018 |
1 815 000 000 |
1 584 100 000 |
1 661 664 448 |
104.89% |
14.56% |
2019 |
2 000 000 000 |
- |
- |
- |
15.27% |
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
ბოლო წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის მაჩვენებელი ყველაზე მეტი 2018-2019 წლებშია. ასევე, მთლიან ბიუჯეტშიც ყველაზე მაღალი წილი ამ წლების დაფინანსებაზე მოდის. მოცემული მიმართულებით გამოყოფილი სახსრების ხვედრით წილი ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით, 2019 წელს 15.3%-ს უტოლდება და 2012 წელთან მიმართებით, 6.41% პუნქტითაა გაზრდილი, რაც არსებითი მატებაა.
რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, 2015 წლიდან მოყოლებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდებოდა, თუმცა განსხვავებული სურათია 2018 წელს. გასული წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს 12 თვის შესრულებამ 104.89% შეადგინა. შესაბამისად, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა დეკემბერში შეტანილი ცვლილების შედეგად, შემცირებული გეგმიური მაჩვენებლის ხარჯზე. პრაქტიკულად 2018 წელს მოცემული მიმართულებით ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა, სახსრების ათვისებაში კი არსებითი ხარვეზები ფიქსირდება. კერძოდ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის გეგმა 1.82 მლრდ ლარი იყო. დეკემბერში ბიუჯეტის გეგმა დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა (1.58 მლრდ ლარი). დაზუსტება რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. ასევე, 2018 წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან ათვისებული იყო 1 მლრდ ლარი, ბოლო ერთ თვეში კი ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და წლის მიწურილს, სახსრების ბიუჯეტის ფორმალურად შესრულების მიზნით გადარიცხვაზე ეჭვის გამოთქმისათვის ობიექტურ საფუძველს ქმნის. ცნობისთვის, 2016 წელს ბოლო ერთ თვეში დაიხარჯა 177.4 მლნ ლარი, 2017 წელს იგივე მაჩვენებელმა 214 მლნ ლარი შეადგინა, გაცილებით ნაკლები , ვიდრე 2018 წელს.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ 2012-2017 წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაზუსტებული ბიუჯეტი გეგმასთან მიმართებით იზრდებოდა (2015 წლის გამოკლებით), მხოლოდ 2018 წელს მოხდა ბიუჯეტის შემცირება. ბოლო პერიოდში გარკვეული ხარვეზები არსებობდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 823.8 მლნ ლარი იყო, დეკემბერში ბიუჯეტი დაზუსტდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარია), ასევე დეკემბერში მოხდა ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.