პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოქმედების მნიშვნელობა შეაფასა და განაცხადა: „2018 წელს მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოქმედება, რაც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტით და გადაწყვიტა მკითხველს მასზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელიც 2016 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა. აღნიშნული კანონი განამტკიცებს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ადგენს მისი გამოყენებისა და დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. იგი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირსა და უცხოელზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონი არ ვრცელდება პირად ურთიერთობებზე. კანონში ჩაიწერა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შესახებაც: „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო“. კანონის შესაბამისად და მის აღსასრულებლად, 2016 წლისთვის დაიგეგმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დაფუძნება, თუმცა აღნიშნული მიზანი - ენის დეპარტამენტის სრული ფუნქციური დატვირთვით ამოქმედება, 2018 წლამდე ვერ განხორციელდა.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების მიხედვით, ენის დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. მისი მიზნებია: სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა; სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა და დამკვიდრება; სახელმწიფო ენის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა. რაც შეეხება დეპარტამენტის სტრუქტურას, ენის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახური; სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური; ადმინისტრაციული სამსახური; სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. გარდა ამისა, ენის დეპარტამენტთან ფუნქციონირებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია, რომელიც ადგენს სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს.

ენის დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენის დეპარტამენტის დაფინანსება შეადგენდა 492 568 ლარს. აქედან, 488 110 ლარი არის ხარჯები, ხოლო 4 458 ლარი არაფინანსური აქტივები. ხარჯების დაახლოებით 79.3%, რაც 387 146 ლარია, შრომის ანაზღაურებაზეა მიმართული (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: 2018 წელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გაწეულ ხარჯებში შრომის ანაზღაურების და სხვა ხარჯების პროცენტული განაწილება

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქონელი და მომსახურებაზე 2018 წელს გაიხარჯა 47 175 ლარი, სოციალური უზრუნველყოფა შეადგენდა 12 059 ლარს, სუბსიდიები - 41 730 ლარს, ხოლო არაფინანსური აქტივები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეადგენდა 4 458 ლარს.

ცხრილი 1: 2018 წელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბიუჯეტი

დასახელება

თანხა (ლარებში)

შრომის ანაზღაურება

387 146

საქონელი და მომსახურება

47 175

სუბსიდიები

41 730

სოციალური უზრუნველყოფა

12 059

არაფინანსური აქტივები

4 458

სულ

492 568

წყარო: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

სახელმწიფო ენის დეპარტამენტში 14 თანამშრომელია დასაქმებული. დეპარტამენტისგან ფაქტ-მეტრმა გამოითხოვა სხვადასხვა პოზიციაზე შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია. მათგან ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო დეპარტამენტის თავმჯდომარეს აქვს და შეადგენს თვეში 5 900 ლარს, ხოლო ყველაზე დაბალი თანამდებობრივი სარგო - სპეციალისტს და შეადგენს 1 000 ლარს.

ცხრილი 2: სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის დასახელება და ამ თანამდებობის შესაბამისი სახელფასო ფონდი

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო თვეში

თავმჯდომარე

5 900

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

2 200

ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი

1 000

სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი

2 200

საინფორმაციო-ანალიტიკური კვლევის მენეჯერი

1 900

საინფორმაციო-ანალიტიკური კვლევის სპეციალისტი

1 000

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

3 500

წყარო: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

რაც შეეხება პროექტებს, 2018 წლის აპრილში გამოიცა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პირველი ბიულეტენი: „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი“; გარდა ამისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მხარდაჭერით, შეიქმნა სატელევიზიო პროექტი: „ილაპარაკე ქართულად!“. პროექტის ფარგლებში იქმნება ვიდეორგოლები შემდეგ თემებზე:

· ცნობილი გამონათქვამების ისტორიები;

· მოგზაური სიტყვები;

· შემოჩვეული ბარბარიზმები;

· ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად.

ასევე, შეიქმნა ქალაქ თბილისის ქუჩების დაწერილობის ინგლისური თარგმანების უნიფიცირებული ბაზა (2 000-ზე მეტი დასახელება), რომელიც ექსპერტთა კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა წარედგინოს თბილისის მერიას ქუჩების სახელების ინგლისურენოვანი თარგმანების უნიფიცირებისთვის. ამასთან, შემუშავდა პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამგვარ უნიფიკაციას და სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გასავრცელებლად.

ენის დეპარტამენტის კიდევ ერთი პროექტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. როგორც დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, დეპარტამენტმა მოამზადა მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებთა შემადგენლობის სწორი დაწერილობების სარეკომენდაციო ცხრილი, რომელიც წარედგინა სპორტის ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, ენის დეპარტამენტი, იაპონური ენის სპეციალისტებთან და სუმოს ქომაგებთან ერთად, გამოსაცემად ამზადებს სუმოს ქართულ ტერმინოლოგიას.[1]

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენის დეპარტამენტისთვის ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქედან 86.8% (434 230 ლარი), შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული. საქონელზე და მომსახურებაზე მხოლოდ 65 000 ლარი, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფაზე - 770 ლარი.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების და სოციალური უზრუნველყოფის მუხლების დაფინანსების პროცენტული განაწილება

წყარო: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი


[1]ვრცლად სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დეპარტამენტის ვებგვერდზე ან/და ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ წერილში

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი