რეზიუმე: წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებდა, ქუთაისში 2012 წელს დაიწყო, როდესაც სამუშაოების ჩატარებისათვის ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის დასრულების შემდეგ სამუშაოები მალევე დაიწყო, თუმცა ასევე მალე შეჩერდა. ამავე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტენდერი თავიდან გამოცხადდა და მოგვიანებით, 2013 წლის ზაფხულში, მუშაობაც განახლდა. სამუშაოების პირველი ეტაპის შემდეგ, 24 საათიანი წყალმომარაგებით ქალაქის რამდენიმე ქუჩა იქნა უზრუნველყოფილი. 2015 წელს დაწყებული სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის განხორციელების შედეგადაც წყლის მიწოდება მთელს ქალაქში 24 საათით მოხდება, დღემდე მიმდინარეობს და სავარაუდოდ 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 24 საათიანი წყლით ქალაქის ხუთი ქუჩისა და ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობაა უზრუნველყოფილი, რაც ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 28%-ს შეადგენს. წყლის მიწოდების 18 საათიანი გრაფიკით მოსახლეობის 2% სარგებლობს, დღეში 12 საათის მანძილზე მიეწოდება წყალი მოქალაქეების 40%-ს, ხოლო დარჩენილი 30% წყლით დღე-ღამეში 4-დან 6-საათამდე მარაგდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისში სულ 71 000 აბონენტია. აქედან, 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემაში მხოლოდ 19 880 აბონენტია ჩართული. 18 საათიანი გრაფიკით 1 420 მომხმარებელი სარგებლობს, 12 საათიანით - 28 400, ხოლო 4-6 საათიანი გრაფიკით - 21 300 აბონენტი.
ანალიზი
წყალმომარაგება ქუთაისში მუდმივად პრობლემური იყო. 2010 წლამდე ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმელი წყალი სამ დღეში ერთხელ მიეწოდებოდა. 2010 წლიდან ქალაქის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებლობა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ აიღო. 2010-დან 2012 წლის ჩათვლით, წყალი მოსახლეობას სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდებოდა. მაგალითად, 2010 -2011 წლებში 24 საათიანი წყალმომარაგება ქუთაისელთა მხოლოდ 11%-ს ჰქონდა. 2012 წლის ბოლოდან უწყვეტ წყალმომარაგებაზე ქალაქის მოსახლეობის 28% გადავიდა.
ქუთაისში წყალგაყვანილობის სრული რეაბილიტაციის პროცესი 2012 წელს დაიწყო, სამუშაოების ჩასატარებლად 28 აგვისტოს ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში შპს „კობრამ“ გაიმარჯვა. თუმცა, ამავე წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, სამუშაოები შეჩერდა, შესყიდვა თავიდან გამოცხადდა და გამარჯვებული იგივე კომპანია გახდა. პირველ ეტაპზე სამუშაოების შეჩერების მიზეზად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, პროექტის ცვლილებას ასახელებს.
შეცვლილი პროექტის მიხედვით, ქალაქში სრულად გამოიცვლებოდა ძველი წყლის მილები, აიგებოდა წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის საჭირო ახალი რეზერვუარები, რის შედეგედაც ქუთაისის მოსახლეობას წყალი უწყვეტად უნდა მიეღო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორმა კომპანია „კობრამ“ სამუშაოები 2013 წლის 30 სექტემბერს განაახლა და 2016 წლის 30 აპრილს დაასრულა. პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა 30 730 379 ლარი დაჯდა.წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას ჯამში რეაბილიტაცია 27 ქუჩას ჩაუტარდა.
ქუთაისში სულ 71 000 აბონენტია. აქედან, 67 000 ფიზიკური, ხოლო 4 000 იურიდიული პირია. წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე 21 010 მომხმარებელი დაერთდა. 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემაში აბონენტთა 28% ანუ 19 880 მომხმარებელია ჩართული.
წყარო: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2015 წლის 8 ივნისს დაიწყო და ამდროინდელი მონაცემებით, 2019 წლის აპრილში დასრულდება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია SMK Ulusal Insaat Va Ticerat A.S. ახროციელებს. სამუშაოების ღირებულება 92 961 717 ლარია. სამშენებლო სამუშაოები სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ 24 საათიანი წყალმომარაგებით მთელი ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა, 2015 წლიდან დღემდე კომპანია SMK არაერთხელ დაჯარიმებულა უხარისხო და ვადაგადაცილებული სამუშაოების გამო. თემასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი გასულ წელსაცწერდა.
ქუთაისის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოების დასრულების ვადა 2012 წლიდან ცვალებადია. 2015 წლის ვერსიით, ქალაქის მოსახლეობას უწყვეტი წყალი 2018 წელს უნდა მიეღო, რის შემდეგაც წყალრინების სისტემის 100 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელება დაიწყებოდა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ვადამ ერთი წლით გადაიწია.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის განმარტებით, 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის აუცილებელი სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის მიზეზი დამატებითი ტექნიკური სამუშაოები გახდა. აუცილებელია მრავალბინიან კორპუსებში წყლის მილების სრულად შეცვლა, რადგანაც არსებული მილები ძველი და დაზიანებულია.