რეზიუმე: დღევანდელი მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 40 168 ოჯახია უზრუნველყოფილი (დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 45%). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ 48 536 ოჯახია დარჩენილი (55%).

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 12 044 დევნილ ოჯახს გადაეცა. მათგან, 3 257 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა. სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლამდე საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 1 480 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, 2013 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 2 007 ოჯახამდე არის გაზრდილი.

ასევე აღსანიშნავია, რომ მინისტრის თქმით, პირველად და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, დევნილებისთვის ახალი კორპუსები თბილისშიც აშენდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.

ანალიზი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ისაუბრა: „2013 წლის შემდეგ ჩვენ მოვახდინეთ 16 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა სხვადასხვა პროგრამით და მათგან 5 000 ოჯახი იქნა შესახლებული ახალ კორპუსებში. თბილისში, პირველად ჩვენი ხელისუფლების დროს, მოხდა დევნილებისთვის ახალი სახლების მშენებლობა“.

ამჟამად საქართველოში, დევნილთა ბაზაში, 273 411 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით 40 168 ოჯახია უზრუნველყოფილი (დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 45%). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ 48 536 ოჯახია დარჩენილი (55%).

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 12 044 დევნილ ოჯახს გადაეცა. მათგან, 3 257 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა. სტატისტიკის მიხედვით, საცხოვრებელი ფართი 2013-2018 წლებში, წელიწადში, საშუალოდ, 2 007 დევნილ ოჯახს გადაეცა, 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართით წელიწადში, საშუალოდ, 1 480 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. ამდენად, მინისტრი რიცხვებს არასწორად ასახელებს, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების ტემპი გაზრდილია. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს 2 500 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იგეგმება.

რაც შეეხება თბილისში დევნილებისთვის ახალი კორპუსების აშენებას, 2013 წლამდე დევნილებისთვის თბილისში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა არ ხორციელდებოდა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის N240 განკარგულებით კი, მიდგომა შეიცვალა და თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების აშენების აკრძალვა გაუქმდა. 2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მაშინდელ მინისტრს, სოზარ სუბარსა და ჩინურ სააქციო საზოგადოება „ჰუალინგ ინტერნეიშენალ სპეშალ ეკონომიკ ზონის“ გენერალურ დირექტორს, სიაოშინ შაოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 მრავალსართულიანი კორპუსის შესყიდვას ითვალისწინებდა, სადაც პირველ ეტაპზე ბინას 218 დევნილი ოჯახი მიიღებდა. სულ „ჰუალინგ ჯგუფისგან“ 598 ბინა იქნა გამოსყიდული, რაც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცათ. 2018 წელს, ასევე თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა 342 დევნილ ოჯახს გადაეცა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი ფართით 3 796 დევნილი ოჯახი უნდა დაკმაყოფილებულიყო. მათ შორის, პროგრამის „სოფლად სახლი“ ფარგლებში 1 700 დევნილ ოჯახი იქნებოდა უზრუნველყოფილი საცხოვრისით, ახლადაშენებულ კორპუსებში კი დაახლოებით 2 096 ოჯახი მიიღებდა ბინას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,2017-2018 წლებში,სოფლად სახლიპროგრამის ფარგლებში,1 321 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა (დაგეგმილზე 379 ოჯახით ნაკლები), ახლადაშენებულ კორპუსში კი ბინა 1 684 დევნილ ოჯახს გადაეცა (დაგეგმილზე 412 ოჯახით ნაკლებს). სულ, 2017-2018 წლებში საცხოვრებელი ფართით 3 005 ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც სამოქმედო გეგმასთან შედარებით 791 ოჯახით ნაკლებია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი