რეზიუმე: 2014 წელს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვაზე ბრალდებულად სცნო მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურის ინფორმაციით, როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილისა და სხვადასხვა პირებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხები. პროკურატურის განცხადებას თან ერთვის რიგი დოკუმენტები. მათ შორის, ედუარდ სააკაშვილის 2009-2011 წლების გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში სწავლის გადასახადის 3 ქვითარი 14 ათასი, 7 ათასი და 14 ათასი ლარის ოდენობით. პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ქვითრებში გადამხდელებად მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრები არიან მითითებულნი.
ვინაიდან მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის გაფლანგვის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს და საქმესთან დაკავშირებული საბოლოო განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია, ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებისათვის ვერდიქტის მინიჭებისაგან თავს იკავებს. თუმცა, საკითხს სასამართლოს საბოლოო დასკვნის შემდეგ დავუბრუნდებით.
ანალიზი
„ტვ პირველის“ გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ სტუმრობისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, განაცხადა: „სააკაშვილი ბიუჯეტიდან იხდიდა თავისი შვილის სწავლის ფულს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014 წლის 13 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად სცნო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის შესახებ. როგორც პროკურატურის ბრალდებაშია ნათქვამი, ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზება პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ხდებოდა, საიდანაც იფარებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განკუთვნილი ხარჯები. გეგმას ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანაშია. 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.
პროკურატურამ ხარჯების ნაწილი დეტალურად გაასაჯაროვა. მათ შორის, ედურად სააკაშვილის 2009 წელს გადახდილი სწავლის გადასახადი 7 ათასი ლარის ოდენობით, 2010-2011 წლების სწავლის გადასახადი 14 ათასი ლარის ოდენობით და 2011 წლის სექტემბერში გადახდილი სწავლის საფასური 14 ათასი ლარის ოდენობით. პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ქვითრებში გადამხდელებად მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრები არიან მითითებულნი.
აღნიშნულ ბრალდებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს და სიყალბეს უწოდებს. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს თავად მიხეილ სააკაშვილი 2014 წელს ფეისბუკ პოსტით გამოეხმაურა, სადაც განაცხადა: „თავდაპირველად მილიარდების მოპარვა დამაბრალეს, მას შემდეგ კი, რაც ვერც ერთი მითვისებული თეთრი ვერ იპოვეს, ახლა 8 მილიონის გაფლანგვას მედავებიან და ცდილობენ ფაქტების ფაბრიკაციით დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა. ეს ჩვეულებრივი სიყალბეა, რომელსაც ზოგიერთი მოჩვენებითად ობიექტური ადამიანი განცხრომით იჯერებს ისევე, როგორც ბოლო წლებში დაიჯერა ბევრი ასეთი აშკარა სიცრუე“.
სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო მხოლოდ ბრალდებულის (მიხეილ სააკაშვილის) ქონებას და უარი თქვა მისი საბანკო ანგარიშების და მასთან დაკავშირებული პირების ქონების დაყადაღებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად დააყადაღა როგორც მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშები, ასევე მისი მეუღლის, შვილების, მამის და ბებიის ქონებაც. თუმცა, არც ერთმა ინსტანციამ არ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა იმ ნაწილში, სადაც მოთხოვნილი იყო მემკვიდრეობით მიღებული ან 2009 წლის სექტემბრამდე შეძენილი ქონების დაყადაღება, რადგან წარდგენილ საქმეში გამოძიება მიხეილ სააკაშვილს ედავებოდა 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე ჩადენილ ქმედებებში.
ინფორმაციისთვის, ყადაღა წარმოადგენს ერთგვარ ბერკეტს, რომ სასამართლოს მიერ მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, პირმა არ განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეშლა. ამრიგად, ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშემწყობი სამართლებრივი მექანიზმი, დროებითი ხასიათის პრევენციული მექანიზმია, რომლის აღსრულება და მისი მოქმედების ვადა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულ დასკვნაზე და მას არანაირი პირდაპირი ბმა არ გააჩნია სასამართლოს მიერ მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებასთან.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს შემდეგი გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა სისხლის სამართლის საქმეა, პროკურატურას სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით არ მიუმართავს.
მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის გაფლანგვის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს. საქმესთან დაკავშირებული უკანასკნელი სიახლის მიხედვით, რომელიც 2019 წლის 30 იანვარს გავრცელდა, სასამართლოში მოწმეები იკითხებიან და შესაბამისად, საბოლოო განაჩენი გამოტანილი ჯერ არ არის.