რეზიუმე: 2019 წლიდან თვითმმართველი ერთეულები გათანაბრებითი ტრანსფერის სახით ფინანსურ დახმარებას არ მიიღებენ, ვინაიდან აღნიშნული ტრანსფერი გაუქმდა. თუმცა, სანაცვლოდ, დღგ-დან გენერირებული შემოსავლების 19% მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება.
2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის სახით მუნიციპალიტეტებმა ჯამში 705 მლნ ლარი მიიღეს, ხოლო 2019 წელს, დღგ-ს განაწილებით, 241.7 მლნ ლარით (34.3%) მეტს, 946.7 მლნ ლარს, მიღებენ. გარდა ამისა, 2019 წლიდან 11.3%-დან 16.6%-მდე იზრდება თვითმმართველი ერთეულების შემოსავლების წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში, ხოლო მშპ-სთან მისი წილის ზრდა 3.2%-დან 4.7%-მდეა.
ამრიგად, 2019 წლიდან, ჯამში, თვითმმართველი ერთეულების მიერ მისაღები შემოსავალის ნომინალური და ფარდობითი მაჩვენებლები უფრო მეტითაც კი იზრდება, ვიდრე ეს მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.
ანალიზი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმზე განაცხადა, რომ 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება 100 მლნ ლარზე მეტით იზრდება, რაც 2018 წელთან შედარებით, 13%-იანი ზრდაა.
2019 წლიდან გათანაბრებითი ტრანსფერი გაუქმდა. აღნიშნული ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას წარმოადგენდა. გათანაბრებითი ტრანსფერის გამოყოფა ხდებოდა იმ მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც ხარჯები მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებს აჭარბებდა. ტრანსფერის მოცულობა კი, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით, შემოსავლებსა და გადასახდელებს შორის არსებული სხვაობის ფარგლებში გამოიყოფოდა.
მიმდინარე საბიუჯეტო წლიდან, თვითმმართველი ერთეულები, ნაცვლად გათანაბრებითი ტრანსფერისა, დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) გენერირებული შემოსავლების 19%-ს გადაინაწილებენ, რომლის განაწილება კანონით დადგენილი კრიტერიუმებით ხდება. აღნიშნული კრიტერიუმები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობას, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობას, მუნიციპალიტეტის ფართობს და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობას მოიცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ მუნიციპალიტეტის შემოსავლები ადგილობრივი გადასახადებიდან, მოსაკრებლებიდან და სხვა შემოსავლებიდან იზრდება, მაშინ მუნიციპალიტეტს დღგ-დან მისაღები შემოსავლი არ შეუმცირდება, რაც გათანაბრებითი ტრანსფერის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების მოცულობას ამცირებდა. მინისტრის განცხადება სწორედ გათანაბრებითი ტრანსფერის ნაცვლად დღგ-ს გადანაწილებით საკითხს და მის შედეგებს ეხება.
2019 წლამდე თვითმმართველი ერთეულები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გათანაბრებით, მიზნობრივ, სპეციალურ და კაპიტალურ ტრანსფერებს იღებდნენ. მათგან მხოლოდ გათანაბრებითი ტრანსფერი განეკუთვნებოდა მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავალს. დანარჩენი ტრანსფერები კი მუნიციპალიტეტის არასაკუთარი შემოსავალი იყო (მუხ. 92.4).
2010-2015 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის ნომინალური მაჩვენებლები ყოველწიურად იზრდებოდა. 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველ ერთეულებს გათანაბრებითი ტრანსფერის სახით 834.2 მლნ ლარი გამოეყო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 10.2%-ს შეადგენდა. აღნიშნული წლის შემდეგ, გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა არსებითად შემცირდა, რომელის მიზეზი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა იყო. 2016-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერის წილი ბიუჯეტის შემოსავლებში, საშუალოდ, 6.8%-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2018 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერის სახით, ჯამში, 705 მლნ ლარი გამოეყო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 6.8%-ია.
როგორც აღვნიშნეთ, 2019 წლიდან მუნიციპალიტეტები დღგ-დან გენერირებული შემოსავლების 19%-ს მიიღებენ. თვითმმართველი ერთეულებისთვის მიმდინარე წელს დღგ-დან მისაღები შემოსავლის გადანაწილების გეგმა 946.7 მლნ ლარს შეადგენს. ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 9%-ია. ამრიგად, განხორციელებული ცვლილებით მუნიციპალიტეტები 2019 წლისთვის 34.3%-ით, 241.7 მლნ ლარით მეტ შემოსავალს მიიღებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ დღგ-ს გადანაწილებით თვითმმართველი ერთეულის შემოსავლები ეკონომიკის ზრდასთან ერთად გაიზრდება.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება; საკუთარი შემოსავალი (მლნ ლარი, %)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2018 წელს თვითმმართველი ერთეულების ჯამური შემოსავალი 1 309.8 მლნ ლარი იყო, რაც მშპ-ს 3.2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 2 090.3 მლნ ლარამდე იზრდება და ამავე წლის საპროგნოზო მშპ-ს 4.7%-ია . ესე იგი, 2019 წლისთვის გადასახადებისა და სხვა შემოსავლების სახით მთავრობის მიერ მობილიზებული ფინანსური რესურსების უფრო მეტი წილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებს დარჩებათ, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში.
გრაფიკი 2: სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლების ფარდობითი მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გარდა ამისა, 2019 წლისთვის ნაერთ ბიუჯეტის შემოსავლებში თვითმმართველი ერთეულების წილი 16.6%-მდე იზრდება, რაც 2018 წელს 11.3%-ს შეადგენდა. 2010-2018 წლებში თვითმმართველი ერთეულების შემოსავალი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში საშუალოდ 8.7% იყო. ამრიგად, 2019 წლიდან საჯარო ფინანსებში (შემოსავლები) მუნიციპალური ფინანსების წილი იზრდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის - მცირდება.