რეზიუმე: გორში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდასთრი“ ასრულებდა. ამ კომპანიასთან მაშინდელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შპს „სპორტმშენსერვისმა“ ხელშეკრულება 2016 წლის 4 ოქტომბერს გააფორმა, რომლის მიხედვითაც ობიექტი სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაბარებოდა.
ამჟამად, ობიექტზე სამუშაოების ნაწილი ისევ დასასრულებელია და სპორტკომპლექსი კვლავ არ ფუნქციონირებს. ხოლო, მშენებელ კომპანიას, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, პირგასამტეხლოები დაეკისრა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კანადურ კომპანიასთან ურთიერთობები შეწყდა, დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად კი მიმდინარე წელს ახალი ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც ზედამხედველობას უწყების შპს „სპორტმშენსერვისი“ გაუწევს. სამშენებლო პროცესის ინსპექტირება და სათანადო ტექნიკურ მონიტორინგზე დელეგირება, სწორედ ამ ორგანიზაციას გადაეცემა.
გორში სპორტკომლექსის გახსნა, შიდა ქართლის გუბერნიის ინფორმაციით, ამჯერად 2019 წლის ზაფხულისთვის გადაიდო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტის გახსნის თარიღის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ანალიზი
გორში, სპორტული კომპლექსის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა 2016 წლის 7 ოქტომბერს ჩაიდო. ცნობილი გახდა, რომ სამუშაოებს მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებული კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდასთრი“ შეასრულებდა. მაშინდელმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ ობიექტის გახსნის თარიღად 2017 წლის ზაფხული დაასახელა.
როგორც აღვნიშნეთ, ობიექტი 2017 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო და მიღება-ჩაბარების აქტი 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ მოითხოვა, რომ სამუშაოების დასრულების თარიღად 2017 წლის 29 დეკემბერი განსაზღვრულიყო. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ მოთხოვნის მიზეზი შეუსაბამო ნიადაგი გახდა, რაც ადგილზე დიდი რაოდენობით ბალასტის შეტანას და გრუნტის გამოცვლას საჭიროებდა.
განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში დამკვეთი უწყების მხრიდან აღნიშნულ კომპანიას, პირობების არაჯეროვნად შესრულების გამო ჯარიმა დაეკისრა.
„გორის სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ვადებში მიმწოდებლის მიერ ზემოთ ხსენებული ვალდებულებები არ იქნა შესრულებული და მხარეთა შორის 2017 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებლის მიმართ მოხდა პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.02% ოდენობით (არა უმეტეს 180 დღის ვადით, 2017 წლის 1 ივლისიდან ათვლით)“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ წერილში.
გორის სპორტკომპლექსის საკითხით მიმდინარე წლის სექტემბერში ახლადდანიშნული გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილიც დაინტერესდა. ის ამბობდა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს პირადად ესაუბრა, არსებობს ხარვეზები იატაკთან დაკავშირებით და მიიღო დაპირება, რომ ობიექტი ფუნქციონირებას მალე დაიწყებდა. პრობლემის აღმოფხვრის გზების დაანონსება კი, ხოჯევანიშვილის ვარაუდით, წლის ბოლოსთვის გახდებოდა შესაძლებელი.
აღნიშნულიდან ერთ თვეში გუბერნატორის მოადგილემ, სიმონ გულედანმა, ახალი ტენდერის გამოცხადების საჭიროებაზე გაავრცელა ინფორმაცია. მისი განმარტებით, ხის ნაცვლად დარბაზში ვინილის იატაკი დააგო კანადურმა კომპანიამ, რისი შეცვლაც მისი თქმით აუცილებელია. გულედანის ინფორმაციით, დარჩენილი სამუშაოებისთვის ახალი ტენდერი წელს გამოცხადდება, ობიექტის გახსნა კი, 2019 წლის ზაფხულისთვის იქნება შესაძლებელი.
გუბერნატორის მოადგილისგან განსხვავებით, გორში სპორტული კომპლექტის ფუნქციონირების დაწყების თარიღზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდება უჭირთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. უწყება ვერ აკონკრეტებს როდის მოხდება ობიექტის სამინისტროსთვის ჩაბარება და როდისთვის გადაწყდება ამ ობიექტის გახსნა. უწყების განმარტებით, მშენებლობისთვის სრულად გაწეული დანახარჯების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ გახდება შესაძლებელი.