რეზიუმე: ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემების და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად უნდა აღდგეს ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. 2016 წლის ივნისში დაიწყო ცენტრალური სადგურიდან გამავალი 3 მიმართულების: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1 081 მ) და ლეჟუბანი (845) რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები, მინისტრის განცხადებითა და ხელშეკრულების მიხედვითაც, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში დავაზუსტეთ, საბაგირო გზების რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ მაისისთვის დასრულდება. რაც შეეხება საბაგირო გზის მეოთხე მიმართულებას, მუხაძის სადგურის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.
გასული წლის დეკემბერში დასრულდა კობი-გუდაურის შვიდკილომეტრიანი საბაგირო გზის მშენებლობა. საბაგირო გზით გუდაური-კობის მიმართულებით გადაადგილებას არა მხოლოდ მოთხილამურეები, არამედ მოსახლეობაც შეძლებს. კობი-გუდაურის საბაგირო გზა 29 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზის გახსნა გადაიდო და მიმდინარე წლის 19 იანვარს გაიხსნა.
ანალიზი
გასული წლის მიწურულს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და საბაგირო გზების პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა: „წლის ბოლოს დასრულდება საბაგირო გზის მშენებლობა ჭიათურაში და ასევე, დასრულდება კობი-გუდაურის საბაგირო გზა“.
ქალაქ ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ქალაქის მოსახლეობას 1954 წლიდან ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს იყო„საბჭოთა კავშირში“პირველი სამგზავრო საბაგირო გზა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი ამ ტრანსპორტის გარეშე დარჩა.
ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემების და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონი ლარს აღწევს.
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდება ფრანგულმა კომპანიამ „პომაგალსკი“ უზრუნველყო. გზის საერთო სიგრძე 3 428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რვა გონდოლა იქნა შეძენილი. პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და მისი მიზანი საბაგირო ხაზების აღდგენა და ქალაქისა ცენტრში სატრანსპორტო ჰაბის მოწყობაა. პროექტის ფარგლებში სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. 2016 წლის ივნისში დაიწყო ცენტრალური სადგურიდან გამავალი 3 მიმართულების: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1 081 მ) და ლეჟუბანი (845) რეაბილიტაცია. სამუშაოებს შპს „დაგი-სკი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 7 877 098 ლარია და 2018 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
ჩვენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში დავაზუსტეთ, თუ რა ეტაპზეა საბაგირო გზების რეაბილიტაცია. პროექტის კოორდინატორის რამაზ ყიფშიძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ სარეაბილიტაციო ვადის გადაწევა მოითხოვა და საბაგირო გზების რეკონსტრუქცია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისისთვის დასრულდება.
2017 წლის ივნისში დაიწყო ჭიათურის საბაგირო გზის მეოთხე მიმართულების - მუხაძის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი სოლუშენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 869 977 ლარია და 2019 წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება კობი-გუდაურის საბაგირო გზას, გზის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტს შპს „ფერი“ ახორციელებდა და მისი ღირებულება 80 930 728 ლარი იყო. პროექტის ფარგლებში კობი-გუდაურის უღელტეხილზე 111 გონდოლიანი სამი საბაგირო გზა დამონტაჟდა, რომლის საერთო სიგრძე 7 096 მეტრია.
ახალი საბაგირო გზა ყაზბეგში დიდთოვლობითა და უამინდობის გამო ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. საბაგირო გზით გუდაური-კობის მიმართულებით გადაადგილებას არა მხოლოდ მოთხილამურეები, არამედ მოსახლეობაც შეძლებს.
კობი-გუდაურის გზა 29 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ უამინდობის გამო გზის გახსნა გადაიდო. საბოლოოდ, საბაგირო გზა მიმდინარე წლის 19 იანვარს გაიხსნა. საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა, აშენდა 11 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება.