რეზიუმე: შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გამო, 2018 წლის მონაცემების 2017 წლის მონაცემებთან შედარება მიზანშეწონილი არ არის და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას. თუმცა, ამავე დროს ნათია მეზვრიშვილი ამტკიცებს, რომ 2018 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი არ შეცვლილა. ლოგიკურად, თუკი მონაცემების შედარება შეუძლებელია, მაშინ ასევე შეუძლებელია იმის თქმაც გაიზარდა, შემცირდა თუ უცვლელი დარჩა აღნიშნული მაჩვენებელი.
მეორე მხრივ, თუკი მეზვრიშვილი სტატისტიკაზე დაყრდნობით საუბრობს, მაშინ ერთმანეთს არა ნომინალური (რომელიც მართლაც არ შეცვლილა), არამედ ფარდობითი მაჩვენებლები უნდა შეადაროს, რომელიც ადგენს თუ რეგისტრირებულ დანაშაულთაგან რამდენ შემთხვევაში მოხდა სამართალდამცავ ორგანოთა მხრიდან ეფექტური რეაგირება. დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს გახსნის მაჩვენებელი 18.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
მიუხედავად ამისა, ვიზიარებთ რა სტატისტიკური მონაცემების არასრულყოფილების გამო მონაცემთა შედარების შეუძლებლობის არგუმენტს, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება იმის დადგენა თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის გახსნის რეალური მაჩვენებელი.
ამასთან, მინისტრის მოადგილის მხრიდან იმის მტკიცება, თითქოს მოცემულ შემთხვევაში გახსნის მაჩვენებლის პროცენტული კლება არაფერზე არ მეტყველებს, არასწორია. ჩვენი დაკვირვებით, აღნიშნული ფაქტი არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, რომ გასულ წლებში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავდა. წლების განმავლობაში სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გახსნის მაღალ მაჩვენებელზე სწორების პოლიტიკა რიცხვებზეც შესაბამისად აისახებოდა. კერძოდ, ვინაიდან სამართალდამცავები ორიენტირებულები იყვნენ გახსნის მაღალ მაჩვენებელზე, ისინი ცდილობდნენ იმ სახის დანაშაულების რეგისტრაციას, რომელთა გახსნის ალბათობაც შედარებით მაღალია და სხვა სახის დანაშაულების რეგისტრაციის მიღმა ტოვებდნენ. შედეგად, რეგისტრირებულ დანაშაულთა დაბალ, ხოლო გახსნის საეჭვოდ მაღალ მაჩვენებელს ვიღებდით. 2018 წლიდან სამინისტროს მიერ შეცვლილმა პოლიტიკამ კი, პირველ რიგში, სწორედ აღნიშნული მაჩვენებლების ცვლილება გამოიწვია.
ანალიზი
2018 წლის 5 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ნათია მეზვრიშვილმა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა.
„გახსნის მაჩვენებელი არ შეცვლილა. იმდენი დანაშაულია გახსნილი 2018-ში, რამდენიც გავხსენით 2017 წელს. ციფრებს თუ გადავხედავთ დაახლოებით ერთი და იგივეა. 20 ათასია ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. პროცენტულ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, პროცენტული თვალსაზრისით კლება არის 2018 წელს, თუმცა ეს არაფერზე არ მეტყველებს, რადგან, როგორც გითხარით, 2018 წელს უფრო მეტი დანაშაული დარეგისტრირდა და დარეგისტრირებული დანაშაულის ციფრი იმდენად მაღალია 2017-თან შედარებით, მხოლოდ ციფრებზე ვსაუბრობ, რომ პროცენტული კლება გასაკვირი არ უნდა იყოს“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის იანვარ-დეკემბრის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 20 468 ერთეულით გაიზარდა და 58 412 ერთეული შეადგინა (რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რეკორდული მაჩვენებელია).
რეგისტრირებულ დანაშაულთა უპრეცედენტო ზრდის ფონზე, დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი 18.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2017 წელს 37 944 დანაშაულიდან პოლიციამ 20 200 დანაშაული გახსნა (53.24%), 2018 წელს მართალია 20 233 დანაშაული გაიხსნა, თუმცა გახსნის ფარდობითი მაჩვენებელი 34.64%-მდე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ გახსნის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, 2013 წლიდან მოყოლებული, წელს პირველად დაფიქსირდა.
გრაფიკი 1: 2013-2018 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა და მასში გახსნილ დანაშაულთა პროცენტული წილი
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის საზომად გამოიყენება. ამ უკანსაკნელზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღება არა ის თუ ზოგადად რამდენი დანაშაული გაიხსნა, არამედ ის თუ კონკრეტულ პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთაგან რამდენ შემთხვევაზე მოხდა ეფექტური რეაგირება. თუმცა, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის პროცენტული კლება ამ შემთხვევაში მხედველობაში არ უნდა მივიღოთ, ვინაიდან 2018 წელს გარკვეულ მიზეზთა გამო (მიმართვიანობისა და პოლიციის მიმართ ნდობის ზრდა, გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა და სხვა) უფრო მეტი დანაშაული დარეგისტრირდა, ვიდრე 2017 წელს.
მართალია, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია და შესაძლოა, ზრდა მეტწილად სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, თუმცა საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს რეგსიტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის ზრდა, ცალსახად გახსნის ფარდობითი მაჩვენებლის კლებას იწვევს, არასწორია. ვინაიდან, შსს-ს მიერ იმავე ხარისხით მუშაობის პირობებში, გახსნილი დანაშაულის რაოდენობა რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობის ზრდის პროპორციულად უნდა გაიზარდოს და პირიქით.
მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა მინისტრის მოადგილემ ივარაუდა, თუმცა საზოგადოებისთვის გასაგებად არ განუმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება არ იყოს გახსნის მაჩვენებლის ზრდა, რეგისტრირებულ დანაშაულთა ზრდის პროპორციული. კერძოდ, თუკი დავაკვირდებით ზოგად სურათს, ვნახავთ, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა ზრდა მეტწილად იმ სახის დანაშაულების ზრდით არის განპირობებული, რომელთაც გახსნის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ახასიათებს, მაგალითად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ სახის დანაშაულთა ზრდის ფონზე, სამართლამდაცავების მუშაობის იმავე ხარისხის პირობებში, გახსნის მაჩვენებელი ოდნავ შემცირებულიყო.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ გახსნის მაჩვენებლის კლება არის ლოგიკური შედეგი სამინისტროს მიერ სტატისტიკასთან მიმართებით შეცვლილი პოლიტიკისა. ოპოზიციის წარმომადგენლებსა თუ არასამთავრობო სექტორს არაერთხელ გამოუთქვამთ ეჭვი გასულ წლებში სტატისტიკის შესაძლო გაყალბების შესახებ. მათი ეჭვის საფუძველს რეგისტრირებულ დანაშაულთა სწრაფი კლება, ხოლო ამის პარალელურად გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლი წარმოადგენდა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი წლების განმავლობაში სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით იწონებდნენ თავს.
აღიარებულია, რომ თუკი პოლიციას გახსნის მაღალ მაჩვენებელზე აქვს სწორება, ის მოტივირებულია დაარეგისტრიროს მხოლოდ იმ სახის დანაშაულები, რომელთა გახსნის ალბათობაც შედარებით მაღალია, ხოლო ისეთი დანაშაულები, რომლებიც დიდი ალბათობით ვერ გაიხსნება, რეგისტრაციის მიღმა დატოვოს. აღნიშნული პოლიტიკა ერთი მხრივ დანაშაულთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, გახსნის საეჭვოდ მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს.
2018 წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას მოსვლის შემდეგ, სამინისტრომ რეალური სტატისტიკის დამალვაზე მკაფიოდ განაცხადა უარი, რაც რიცხვებშიც შესაბამისად აისახა. ჩვენი მოსაზრებით, სწორედ ამით აიხსნება გახსნის მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი კლება და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ მიზეზებზე სამინისტრო უფრო გამჭვირვალედ და ირიბი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ ისაუბრებს.