რეზიუმე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბოლო 6 წლის განმავლობაში, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში, 126 დასახლება გაზიფიცირდა, სადაც ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება 45 955 ათას ოჯახს მიეცა.
როგორც ფაქტ-მეტრს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაჩუკი ზაკალაშვილმა, განუცხადა, კორპორაცია მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირების ქსელის მშენებლობას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც, აბონენტების ხარჯით, გაზის სახლებში შეყვანას დისტრიბუტორი კომპანია უზრუნველყოფს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, დისტრიბუტორი კომპანიების „სოკარისა“ და „ვისოლის“ საშუალებით, 2013-2018 წლებში, კახეთში, ბუნებრივი აირის ქსელში 45 955 აბონენტი ჩაერთო.
აღნიშნული მონაცემები გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 2-ჯერ აღემატება. როგორც ფაქტ-მეტრს გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეონა ჩაველაშვილმა, განუმარტა, გაზიფიცირებული დასახლებებისა და აბონენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასულ ახალ ამბებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
გამომდინარე იქიდან, რომ გუბერნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა არ იკვეთება, თუმცა, მეორეს მხრივ, დასახელებული რიცხვები რეალობისგან მნიშვნელოვნად არის აცდენილი, ფაქტ-მეტრი ამ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
„2013 წლიდან დღემდე, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 93 სოფლი გაზიფიცირდა, რის შედეგადაც 22 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა“, - აღნიშნული ინფორმაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს 1 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2014 წელს ეს თანხა 21 მილიონამდე გაიზარდა. 2015, 2016, 2017 წლებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად 20 მილიონ ლარს შეადგენდა. მთავრობის განკარგულებით, 2018 წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილი სახსრები გაორმაგდა და 39.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ცხრილი 1: 2008-2017 წლებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (ლარი)
წელი |
თანხა |
2013 |
1 000 000 |
2014 |
20 999 650 |
2015 |
20 000 000 |
2016 |
20 000 000 |
2017 |
20 000 000 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციით, გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, 2013 -2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში 126 დასახლება გაზიფიცირდა, სადაც ბუნებრივი აირი 45 955 ათას ოჯახში შეიყვანეს.
აღნიშნული მონაცემები გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 2-ჯერ აღემატება. როგორც ფაქტ-მეტრს გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეონა ჩაველაშვილმა, განუმარტა, გაზიფიცირებული დასახლებებისა და აბონენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასულ ახალ ამბებზე დაყრდნობით გაავრცელეს.