რეზიუმე: 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა როგორც რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა (58.08%-ით), ასევე დანაშაულთა ცალკეული სახეობებიც. მაგალითად, გაიზარდა ისეთი სახის დანაშაულები, როგორიცაა საკუთრების (81.75%-ით), სიცოცხლის (123.68%-ით), ჯანმრთელობის (100.29%-ით) და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (253.63%-ით).

რაც შეეხება კონკრეტულ მძიმე დანაშაულებს (რომელიც მინისტრმა ჩამოთვალა), მათი რიცხვი მართლაც შემცირებულია. კერძოდ, ყაჩაღობათა რაოდენობა 1.65%-ით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობათა რიცხვი 25.93%-ით შემცირდა. ასევე, 42.11%-ით არის შემცირებული მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიკუთვნებულ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებათა შემთხვევების რიცხვიც. თუმცა, იმავესვერ ვიტყვით სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 თვის იანვარ-ნოემბერში, ზრდა ახასიათებს მძიმე კატეგორიას მიკუთვნებულ შემდეგ დანაშაულებს: განზრახ მკვლელობა (3%-ით), ბინაში შეღწევით ქურდობა (61%-ით), ბინაში შეღწევით ძარცვა (50%-ით), გაუპატიურება (74%-ით), მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაულები (18.54%-ით), მძიმე კატეგორიად კვალიფიცირებული ხულიგნობა (6.9-ით). ასევე, ყაჩაღობათა საერთო რაოდენობის შემცირების მიუხედავად, 44%-ით არის გაზრდილი ბინაში შეღწევით ყაჩაღობათა რიცხვი, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ანალიზი

პარლამენტისთვის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგისტრირებულ დანაშაულთა გაზრდილ რაოდენობაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, „მძიმე დანაშაულების, რომელთა დაფარვაც შეუძლებელია, მცირეოდენი, თუმცა ობიექტურად კლება გვაქვს. მაგალითად, განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის, ყაჩაღობის და სხვა მუხლებში გვაქვს კლება. მე არ ვამბობ რომ ეს იდეალური მდგომარეობაა. რეალურად, საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის ნაწილში სერიოზული პრობლემები გვაქვს და სერიოზულად არის სამუშაო“.

ბოლო პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. ამ მხრივ განსაკუთრებით 2018 წელი გამოირჩევა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, 11 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 58.08%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 1: 2013-2017 წლებსა და 2018 წლის იანვარ-ნოემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი განმარტავს, რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის ზრდის ფონზე, მძიმე დანაშაულებს (რომელთა დაფარვაც შეუძლებელია) მცირეოდენი, თუმცა მაინც კლება ახასიათებთ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით დადგენილი სასჯელი 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აგრეთვე, გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლამდე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულთა სტატისტიკაში, მონაცემები მძიმე დანაშაულების შესახებ ცალკე იყო გამოყოფილი. 2013 წლიდან შეიცვალა დოკუმენტის ფორმა, რომელშიც მსგავსი მითითება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გვხვდება. მაგალითად, ნარკოტიკულ დანაშაულების შემთხვევაში, ცალკეა მითითებული საერთო რაოდენობაში მძიმე დანაშაულების წილი. განსხვავებული მდგომარეობაა დანაშაულთა სხვა სახეობებში. მაგალითად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ცალკე მძიმე დანაშაულების რიცხვი არ გვხვდება. შესაბამისად, ჩვენ მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულთა კლება თუ მატება, შესაძლებლობების ფარგლებში იქნება გაანალიზებული.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა 1 170 ერთეულით არის გაზრდილი (123.68%-ით). საერთო რაოდენობის ზრდა ძირითადად თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევათა ზრდით არის განპირობებული (საერთო რაოდენობის 79.2%). აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანა ზოგადად მსუბუქ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული დანაშაული გენდერის ნიშნით ან არაერთგზის არის ჩადენილი, უკვე მძიმე კატეგორიად განიხილება. სამწუხაროდ, სტატისტიკურ ფორმაში მონაცემები ამ სახით არ არის დაყოფილი.

მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიც არის განზრახ მკვლელობა. თუკი, ცხრილ 2-ს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2018 წლის 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-იანი ზრდა შეინიშნება (2 ერთეული). საანგარიშო პერიოდში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25.93%-იანი კლება დაფიქსირდა.

ცხრილი 1: 2013-2018 წლების იანვარ-ნოემბერში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაშლილი ცალკეული მუხლების მიხედვით

2013

2014

2015

2016

2017

2018

საერთო რაოდენობა

749

702

758

885

946

2 116

მათ შორის:

განზრახ მკვლელობა (მ.108)

79

76

86

76

67

69

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (მ.109)

35

18

15

24

27

20

მკვლელობის მცდელობა (მ.19-108)

140

78

89

72

57

78

მკვლელობის მცდელობა (მ.19-109)

28

12

26

9

17

33

თვითმკვლელობამდე მიყვანა (მ.115)

356

391

414

548

624

1 676

სხვა დანარჩენი (მ.110, 111, 112, 113, 114, 116)

111

127

128

156

154

240

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2018 წელს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ზრდის ტენდენციაც შეინიშნება. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული რიცხვი 100.29%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ საერთო რაოდენობის ზრდა ძირითადად ოჯახში ძალადობის შემთხვევათა ზრდით არის განპირობებული (მათი წილი საერთო რაოდენობის 45%-ს შეადგენს). ოჯახში ძალადობის შემთხვევათა ზრდას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ მიერ გატარებული არაერთი რეფორმას უკავშირებს, რამაც მსხვერპლთა მიერ მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. რაც შეეხება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიკუთვნებულ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებათა შემთხვევებს, მათი რიცხვი 42.11%-ით არის შემცირებული.

ზრდის ტენდენცია ახასიათებს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსაც (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში აღნიშნულ დანაშაულთა რაოდენობა 10 131 ერთეულით გაიზარდა (81.75%-ით). მათ შორის, გაიზარდა ბინაში შეღწევით ქურდობათა (61%-ით) და ბინაში შეღწევით ძარცვათა (50%-ით) რიცხვი, რომლებიც მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. რაც შეეხება ყაჩაღობათა რაოდენობას (რაც მძიმე, ზოგ შემთხვევაში კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება), მათი რიცხვი 2017 წელთან შედარებით, 4 ერთეულით შემცირდა (1.65%-ით). ამასთან, ყაჩაღობათა საერთო რაოდენობის შემცირების მიუხედავად, 44%-ით არის გაზრდილი ბინაში შეღწევით ყაჩაღობათა რიცხვი, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება.

2018 წლის 11 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია გაუპატიურებათა (74%-ით), მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაულების (18.54%-ით) და მძიმე კატეგორიის ხულიგნობათა (6.9%-ით) მაჩვენებელი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი