იტვირთება

რეზიუმე: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის (2016-2018 წლები) განმავლობაში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობას ზრდის ტენდენცია ახასიათებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი და უპრეცედენტო ზრდა 2018 წლიდან შეინიშნება. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა 58.08%-ით გაიზარდა და 53 637 ერთეული შეადგინა.

ამასთან, საგრძნობლად გაიზარდა ისეთი სახის დანაშაულები, როგორიცაა საკუთრების (81.75%-ით), სიცოცხლის (123.68%-ით), ჯანმრთელობის (100.29%-ით) და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (253.63%-ით). აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საკუთრების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა 2013-2017 წლებში (12 თვის განმავლობაში), ნებისმიერ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელსაც კი აღემატება.

ანალიზი

2018 წლის 21 დეკემბერს დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა აღმოჩნდა. ამ მხრივ არსებულ პრობლემაზე ყურადღება არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არამედ თავად მინისტრმა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც გაამახვილეს. უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება. რიგ შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ შემაშფოთებლადაც“.

სანამ უშუალოდ ბოლო პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის მატებაზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ წლების განმავლობაში არსებული ზოგადი სურათი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წელს მომზადებული პრეზენტაციიდან ირკვევა, 2003 წლამდე ფართოდ იყო გავრცელებული დანაშაულის დამალვის პრაქტიკა, რის შედეგადაც სტატისტიკურ აღრიცხვიანობაში, უმეტესად, მხოლოდ ის დანაშაულები ხვდებოდა, რომელთა გარანტირებული გახსნის შესახებაც წინასწარვე იყო ცნობილი. შესაბამისად, რეგისტრირებულ დანაშაულთა მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შედეგად ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, მონაცემთა შეგროვების მეთოდიკისა და ტაქტიკური ხერხების დახვეწა-განვითარების პროცესი დაიწყო, რამაც გარკვეულწილად რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუარესება გამოიწვია.

მიუხედავად კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესებისა, რაოდენობრივი მაჩვენებლები 2006 წლის ჩათვლით, განუწყვეტლად უარესდებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, 2007 წლიდან რეალური კრიმინალური სიტუაციის პოზიტიური დინამიკა და სტატისტიკური მონაცემები თანხვედრაში მოვიდა. ამასთან, 2006 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა შესამჩნევ ზრდაზე გავლენა, სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ 2006 წელს გაცხადებულ „ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკასაც უნდა მოეხდინა.

2007 წლიდან რეგისტრირებულ დანაშაულთა კლების პროცესი დაიწყო, რომელიც საბოლოოდ 2011 წელს შეჩერდა. 2012 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა რიცხობრივად 2009 წლის მაჩვენებელსაც კი აღემატებოდა, 2013 წლის მაჩვენებელი (43 028 ერთეული) კი, მხოლოდ მცირედით ჩამორჩებოდა 2008 წლის მონაცემებს (44 644 ერთეული).

გრაფიკი 1: 2001-2017 წლებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

კრიმინალის შესაძლო ზრდის შესახებ საუბრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აქტუალური გახდა, რაც გარკვეულწილად თავად მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულმა უპრეცედენტო ამნისტიამ და მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანაშაულის მატების დაანონსებამ განაპირობა. თუმცა, კრიმინალის მატების რიცხვებში ასახვა და საზოგადოებისთვის მისი გაცნობა 2015 წლამდე არ მომხდარა. კერძოდ, მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად გარკვეული სახის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებდა, თუმცა 2012-2013 წლების შედარებით, სრულყოფილი მონაცემები, ფაქტობრივად, მხოლოდ 2015 წლის 27 აპრილს სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრეზენტაციით გახდა ცნობილი.

2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 4 292 ერთეულით გაიზარდა. თუმცა, ზრდის მიზეზად არა ამნისტია, არამედ დანაშაულთა რეგისტრაციის მეთოდოლოგიის ცვლილება დასახელდა, რომელიც სამინისტროს განმარტებით, წინა მეთოდოლოგიისგან განსხვავებით, უფრო მეტი ერთეულის აღრიცხვას ითვალისწინებს და შესაბამისად, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

2014-2015 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის კლება შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში (განსაკუთრებით 2015 წელს) სამინისტრო შედარებით უფრო გამჭვირვალე იყო და სტატისტიკასაც რეგულარულად აქვეყნებდა. 2016 წლის იანვრის შემდეგ კი, სამინისტრომ კვლავ უარი თქვა სტატისტიკის გამოქვეყნებაზე, რის გამოც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. საბოლოოდ კი კრიტიკოსებზე განაწყენებულმა მინისტრმა ისე დაამთავრა მოღვაწეობა, რომ მისი მინისტრობის პირობებში შსს-ს ოფიციალურ გვერდზე სტატისტიკა აღარ დადებულა.[1] სტატისტიკის გამოქვეყნება მხოლოდ 2018 წლის დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ განახლდა.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა ზრდა სწორედ 2016 წლიდან იწყება, ანუ მას შემდეგ რაც სამინისტრომ ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა.

როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, 2016 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 901 დანაშაულით მეტი დარეგისტრირდა. გაცილებით უფრო საგრძნობი მატება შეინიშნება 2017 წელს. კერძოდ, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს 1 947 ერთეულით მეტი დანაშაული დაფიქსირდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის განსაკუთრებით მაღალი ზრდა 2018 წლიდან შეინიშნება. კერძოდ, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 58.08%-ით გაიზარდა და 53 637 ერთეული შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდებს (იგულისხმება 11 თვე) აჭარბებს, არამედ ახალი ხელისუფლების პირობებში (2013-2017 წლებში) მთელი წლის განმავლობაში (12 თვე) დაფიქსირებულ მაქსიმუმსაც (2013 წელი - 43 028 ერთეული) მნიშვნელოვნად აღემატება.

თუკი დანაშაულთა ძირითად სახეობათა სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო პერიოდში იზრდება საკუთრების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა. ამასთან, ბოლო პერიოდში კლება ახასიათებს ნარკოტიკულ და სატრანსპორტო დანაშაულებს (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: 2013-2017 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა ჩაშლილი ცალკეულ სახეობათა დანაშაულების მიხედვით

2013

2014

2015

2016

2017

საერთო რაოდენობა

43 028

36 526

35 096

35 997

37 944

სიცოცხლის წინააღმდეგ

792

661

747

905

1013

ჯანმრთელობის წინააღმდეგ

4 070

3 886

4 446

4 660

5 349

საკუთრების წინააღმდეგ

15 992

13 422

12 914

13 296

14 385

ნარკოტიკული დანაშაულები

10 635

7 312

5 126

5 196

4 762

სატრანსპორტო დანაშაულები

2 902

3 055

3 182

3 142

2 626

საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ

2 793

1 909

1 941

1 957

1 575

წყარო:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, ცალკეულ სახის დანაშაულები 2016-2017 წლებში მართლაც იზრდება, თუმცა, დიდი ალბათობით, როდესაც ირაკლი სესიაშვილი შემაშფოთებელ ზრდაზე საუბრობდა, გულისხმობდა უშუალოდ 2018 წლის მონაცემებს, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა.

ცხრილი 2: 2013-2018 წლების იანვარ-ნოემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა ჩაშლილი ცალკეულ სახეობათა დანაშაულების მიხედვით

2013

2014

2015

2016

2017

2018

საერთო რაოდენობა

39 720

33 745

32 456

33 200

33 931

53 637

სიცოცხლის წინააღმდეგ

749

702

758

885

946

2 116

ჯანმრთელობის წინააღმდეგ

3 794

3 552

4 275

4 355

4 904

9 822

საკუთრების წინააღმდეგ

14 712

12 178

11 570

12 023

12 393

22 524

ნარკოტიკული დანაშაულები

9 637

6 914

4 823

4 780

4 562

3 961

სატრანსპორტო დანაშაულები

2 803

2 833

3 167

3 209

2 499

3 112

საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ

2 600

1 834

1 848

1 800

1 390

1 479

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2018 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები 123.68%-ით, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები კი 100.29%-ით გაიზარდა. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევაში 81.75%-იანი ზრდა ფიქსირდება. ამასთან, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 13.17%-იან კლებას განიცდის ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობა.

ფაქტ-მეტრს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება 2018 წლის პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა შესამჩნევ ზრდაზე და იმ ეჭვებზე, რასაც ერთი მხრივ რეგისტრირებული დანაშაულის რადიკალური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ასევე შესამჩნევი კლება იწვევს (იხ. ფაქტ-მეტრისსტატია1;სტატია2;სტატია 3). საყურადღებოა, რომ აღნიშნული ცვლილებები მას შემდეგ გახდა თვალშისაცემი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ახალი მინისტრი მოვიდა, რომელმაც კრიმინალთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობის პოლიტიკა აირჩია და საზოგადოებას დანაშაულის შესახებ რეალური სურათის (თუნდაც არასასიამოვნო) მიწოდებას დაპირდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიამ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებით განხორციელებულ რეფორმებს, რომელსაც შეიძლება რეგისტრირებულ დანაშაულთა ზრდაც გამოეწვია, თუმცა მეორე მხრივ, ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით არსებული სერიოზულ გამოწვევებზეც ისაუბრა.



[1]შენიშვნა: 2017 წლის 31 მარტს, სამინისტროს გვერდზე, სტატისტიკისა და კვლევების განყოფილებაში, 2016 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ” მიმოხილვა გამოქვეყნდა, რაც მედიასა და არასამთავრობო სექტორს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავად გააცნო. ამასთან, 2016-2017 წლებში სამინიტრო სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს აწვდიდა კვარტალურ სტატისტიკას, რომელიც საქსტატის კვარტალურ ბიულეტენში ქვეყნდებოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი