2018 წლის 30 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა.
სტატისტიკის (როგორც ყოველთვიური, ასევე კვარტალური) გამოქვეყნების პრაქტიკის განახილების ვალდებულება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 2017 წლის 20 დეკემბერს, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის რანგში ყოფნისას აიღო.
ამ ეტაპზე, შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ 2017 წლის დეკემბრის თვისა და 2017 წლის 12 თვის (წლიური, კუმულატიური) სტატისტიკაა განთავსებული, რაც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსაც გაეგზავნა.
მართალია, მონაცემები სისხლის სამართლის კოდექსის თავებისა და მუხლების მიხედვით დეტალურად არის ჩაშლილი, თუმცა ის მაინც არ ცვლის იმ ყოველთვიურ ანგარიშს, რომლის მიწოდების ვალდებულებაც სამინისტრომ 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმით იკისრა (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა). საინტერესოა, რამდენად განახლდება სწორედ ამ მონაცემების დამუშავებისა და მიწოდების პრაქტიკა გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 წელს სულ 37 944 დანაშაულია რეგისტრირებული, გახსნის მაჩვენებელი კი 52.3%-ს უდრის. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 1 947 ერთეულით არის გაზრდილი.
გრაფიკი 1: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში 2013-2017 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკის გამოქვეყნებასთან ერთად, ცალკეული მუხლების მიხედვით ტენდენციებიც გაანალიზა და დანაშაულის მატება/კლების შესაძლო მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება.
2016 წელთან შედარებით, 2017 წელს მატებაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებშიც, რაც საგრძნობლად აღემატება 2013-2015 წლის მაჩვენებლებს.
გრაფიკი 2: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში 2013-2017 წლებში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა
აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არა განზრახ მკვლელობათა ხარჯზე, არამედ სსსკ-ის 115-ე მუხლის ხარჯზეა გაზრდილი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამინისტროს განმარტებით, ფაქტების უმრავლესობა თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევას არ წარმოადგენს. მაშინაც კი როცა სახეზე არ არის თვითმკვლელობამდე მიყვანის შემადგენელი ყველა ნიშანი (მსხვერპლისადმი მუქარა, სასტიკი მოპყრობა ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირება), მაგრამ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, ხშირად გამოძიება სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება.
გრაფიკი 3: განზრახ მკვლელობის წილი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში
2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წელს 198 ერთეულითაა გაზრდილი ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა. სამინისტროს განმარტებით აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა, ერთი მხრივ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული მასობრივი კამპანიის შედეგია, რამაც მიმართვიანობა გაზარდა, ხოლო მეორე მხრივ იმ ფაქტით აიხსნება, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიებაც იწყება.
ზრდის ტენდენციაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 1 089 დანაშაულით მეტია რეგისტრირებული. ძირითადად გაზრდილია ქურდობის (932-ით მეტი) და თაღლითობის (191-ით მეტი) შემთხვევები.
გრაფიკი 4: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში 2013-2017 წლებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რაოდენობა
რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს, კლების ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდა. 2016 წელთან შედარებით 434 დანაშაულით ნაკლებია რეგისტრირებული.
წლებია, ფაქტ-მეტრი კრიმინალის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იკვლევს. ამ პერიოდში არაერთი მინისტრი გამოიცვალა, თუმცა მათი არაერთი დაპირების მიუხედავად გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით ეფექტური ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. მეტიც, ჩვენ გვახსოვს ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის რეაქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკულ კომენტარებზე, როდესაც მან უარი თქვა საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებაზე, რის შემდეგაც დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყდა.
მისასალმებელია შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დამოკიდებულება სტატისტიკის გამოქვეყნებასა და უწყების გამჭირვალობასთან დაკავშირებით.
„ეს არის სტატისტიკური მონაცემების მხრივ არსებული რეალობა. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ობიექტურად გააზრებით არის შესაძლებელი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ფონზე ჩვენს პოლიტიკას კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ ვირჩევთ სისტემური რეფორმირების გზას. აღნიშნულის პარალელურად, მომატებული კრიმინალის საპასუხოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, კანონის ფარგლებში ვიქნებით მკაცრები, პრინციპულები და ამ პროცესში მაქსიმალურად დავიცავთ ადამიანის უფლებებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თუმცა, ასევე აღსანიშნავია გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში, 2016 წლის დეკემბერში სამინისტროს მიერ დადებული პირობა სტატისტიკაზე დაფუძნებული პოლიციის, ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციად გადაქცევასთან და 2018 წლისთვის ინტერაქტიული სტატისტიკის რუკის შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნული რუკით შესაძლებელი იქნება რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონებისა და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება. მაგრამ განცხადებაში მითითებული გვერდი, static.pol.ge ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართალია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკასთან ერთად ვრცელი განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ძირითადი ტენდენციები და გარკვეული ახსნა-განმარტებები იყო მოცემული, რაც ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არც ეს არის საკმარისი კრიმინოგენური სურათის სრულყოფილად შესაფასებლად. ამ დრომდე კვლავ უცნობია განახლდება თუ არა საქსტატისთვის ყოველთვიურად, სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ანგარიშის მიწოდება, რომლის მიწოდებაც შსს-მ 2012 წლიდან შეწყვიტა.