რეზიუმე: 2018 წლის 11 თვეში 78 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც თანხობრივად 184.1 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, შესაბამისად 11% და 19%-ით აღემატება.
უკვე ცნობილია ღვინის ექსპორტის 2018 წლის მთლიანი სტატისტიკა. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86.2 მლნ ბოთლი (0.75ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც თითქმის, დაახლოებით, 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ 2017 წელთან შედარებით, 13%-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 20%-ით არის გაზრდილი.
ანალიზი
პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, ყურადღება ქართული ღვინის გაზრდილ ექსპორტზე გაამახვილა და განაცხადა: „რაც შეეხება ღვინის ექსპორტის სტატისტიკას, მიმდინარე 11 თვის განმავლობაში 11%-იანი ზრდა გვაქვს. წლის ბოლომდე ექსპორტირებული იქნება დაახლოებით 80 მლნ ბოთლი, რაც საერთო ჯამში იქნება 200 მლნ ლარის ღირებულების, ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში გახლავთ რეკორდული მონაცემი“.
სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემით, 2018 წლის თერთმეტი თვის განმავლობაში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა (0.75ლ) ექსპორტირებული, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11%-ით აღემატება.
2018 წლის თერთმეტი თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, რაც თავის მხრივ, ბოლო 30 წლის ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი იყო (2017 წელს 76.7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა).
2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184.1 მლნ აშშ დოლარია. ზრდამ თანხაში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19% შეადგინა.
რაც შეეხება მთლიანად 2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86.2 მლნ ბოთლი (0.75ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც დაახლოებით ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ, 2017 წელთან შედარებით, 13%-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 20%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 37% (211 883 ბოთლი), პოლონეთი - 31% (3 508 122), დიდი ბრიტანეთი - 33% (105 608) და აშშ-2% (466 056). ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით: შვეიცარია - 378% (25 350), დანია 111% (17 834), რუმინეთი -100% (99 774), ჩეხეთი - 81% (61 908), იტალია - 69% (17 244), ლიეტუა - 17% (488 154), საფრანგეთი - 14% (113 885) და ა.შ. ზრდა არის ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებითაც: სამხრეთ კორეა - 275% (68 124), თურქმენეთი - 196% (197 694), ყირგიზეთი-63% (218 550), აზერბაიჯანი - 40% (197 724), მონღოლეთი - 27% (214 398), უკრაინა - 26% (10 687 835), რუსეთი - 12% (53 682 627), ყაზახეთი - 8% (3 599 143).
ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (53 682 627), უკრაინა (10 687 835), ჩინეთი (6 951 019), ყაზახეთი (3 599 143) და პოლონეთი (3 508 122).
ცხრილი 1: ღვინის ექსპორტი 2010-2018 წლებში, მლნ ბოთლი (0.75 ლ) და შესაბამის თანხებში (მლნ დოლარი)
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
ბოთლი |
15 |
19 |
23 |
46 |
59 |
36 |
50 |
76 |
86 |
თანხა |
41 |
54 |
65 |
128 |
185 |
96 |
87 |
170 |
203 |
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, გარკვეულწილად, სწორედ, რუსეთის ფაქტორზეა დამოკიდებული. ასე მოხდა 2013-2014 წლებში, როდესაც ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ რუსეთმა 2013 წლის ივნისში, ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო გააუქმა. 2015 წელს, ასევე, რუსეთის ფაქტორმა განაპირობა ქართული ღვინის ექსპორტის კლება. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა მნიშვნელოვნად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე და ღვინის ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მართალია, ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, თუმცა მისი ცნობადობის გასაზრდელად კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია.