რამდენიმე დღეა ქართულ ონლაინ სივრცეში გამოჩნდა ნიუსები იმის შესახებ, რომ ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „worldatlas“ -მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა. სიახლეზე სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც. სიახლეს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძირითადად უარყოფითი ხასიათის.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა აღნიშნული რეიტინგი მიმოიხილოს და მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

WorldAtlas“ 1994 წელს შექმნილი კანადური ვებგვერდია, სადაც თავს იყრიან მოხალისე მასწავლებლები, სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც სტატისტიკური ხასიათის ინფორმაციას აგროვებენ სხვადასხვა მიმართულებით და მკითხველს საინტერესო ფაქტების შესახებ უყვებიან. ვებგვერდის ძირითადი ინტერესის სფერო გეოგრაფია და მოგზაურობაა, თუმცა ფარავს ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის კულტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და საზოგადოებისთვის სხვა საინტერესო საკითხები. მაგალითისთვის, „WorldAtlas“-ის ვებგვერდზე ხშირად შეხვდებით შემდეგ სათაურისა და შინაარსის სტატიებს: „ყველაზე პოპულარული სპორტი მთელ მსოფლიოში“, „მსოფლიოს მოსახლეობის პროცენტული განაწილება თვალის ფერის მიხედვით“; „ქვეყნები, რომლებშიც ყველაზე მაღალია მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი“; „მსოფლიოში ყველაზე მდიდრული მატარებლები მოგზაურობისთვის“ და ა.შ. ვებგვერდზე აგრეთვე მრავლად შეხვდებით შემდეგი შინაარსის სტატიებს: „რა არის ჰაიტის ძირითადი ბუნებრივი რესურსი“, „რა არის ჰონგ-კონგის ძირითადი ბუნებრივი რესურსი“ და ა.შ. როგორც აღნიშნული სტატიებიდან ჩანს, ვებგვერდი აგროვებს საკმაოდ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ და მსგავსი თემატიკით დაინტერესებულ მკითხველებს, ინფორმაციულ და ფაქტებით გაჯერებულ სტატიებს აწვდის.

აუცილებლად და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „WorldAtlas“ არ არის გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია. მის მიერ დამუშავებული მონაცემები არ გამოიყენება აკადემიურ სფეროში, მას არც არასამთავრობო სექტორი და სახელმწიფო გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ. გარდა ამისა, „worldatlas“-ს არ გააჩნია კვლევის ჩამოყალიბებული და გაცხადებული მეთოდოლოგია, რომლითაც ზოგადად ფასდება კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხი. ვებგვერდზე ხშირია სტატიები, რომლებშიც მოყვანილია სხვადასხვა ინფორმაცია კონკრეტული წყაროს მითითების გარეშე. ამ ყოველივედან გამომდინარე, მისი როგორც კვლევით ორგანიზაციად შეფასება, აბსოლუტურად, გადაჭარბებულია.

რაც შეეხება სტატიას „ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნები“, რომელშიც საქართველომ 25-ე ადგილი დაიკავა, სინამდვილეში, ამ სტატიის მიგნებები არ ასახავს განათლების სისტემის წარმატების თუ წარუმატებლობის ხარისხს. სტატიაში მოყვანილია ის ქვეყნები, რომლებიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ განათლების სფეროში. საქართველოს შემთხვევაში, „worldatlas“-ს დათვლილი აქვს 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (წლების მიხედვით, როგორ იცვლება განათლების სამინისტროს დაფინანსების წილი მშპ-თან მიმართებით, შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 1-ში).

დახარჯული ფულის მიხედვით ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სიკარგე-სიცუდის შეფასება არასწორია. გარდა ამისა, მხოლოდ განათლების სამინისტროს ბიუჯეტის მიხედვით იმის განსაზღვრა თუ რამდენი იხარჯება ქვეყანაში განათლებაზე შეცდომაა. განათლების სამინისტროს გარდა, სახელმწიფოს სხვა სტრუქტურების ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია თანხები განათლების მიმართულებით (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტში; ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში და ა.შ.). კერძო სექტორის მხრიდანაც ხდება განათლების სფეროს ინვესტირება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც ცხრილიდან ჩანს, ყოველწლიურად მეტ-ნაკლებად იზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. სავარაუდოა, რომ 2018 წელს ეს მონაცემი განახლდა (ჯერჯერობით 2018 წლის მშპ-ს დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნებული არ არის), აგრეთვე, გაახლდება 2019 წელსაც. შესაბამისად, „worldatlas“ იყენებს მოძველებულ მონაცემს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ განათლებაზე დახარჯული თანხების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი, რესურსების სწორი განაწილება და ათვისებაა. განათლების სამინისტროს ბიუჯეტზე საუბრისას, უფრო მეტი აქცენტირება საჭიროა იმაზე, თუ როგორ ნაწილდება აღნიშნული ბიუჯეტი და არა იმაზე, რამდენს უნდა დებდეს სახელმწიფო ამ სფეროში, მით უმეტეს, რომ არ არსებობს უნიკალური რეცეპტი იმისა თუ მშპ-ს რა ნაწილს უნდა შეადგენდეს სფეროს დაფინანსება.

მხოლოდ დახარჯული ფულის მშპ-სთან შეფარდება, რომ განათლების სისტემის შეფასების კარგი კრიტერიუმი არ არის, ეს თავად „worldatlas“-ის სხვა სტატიაშიც გამოჩნდა. იგივე პრინციპით შემუშავებულ სხვა რეიტინგში, სადაც ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ მშპ-სთან მიმართებით განათლებაზე, მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები: ლესოტო, კუბა, ნამბია, განა, ყირგიზეთი და ა.შ. და ვერ მოხვდნენ მაგალითად, ფინეთი, ესტონეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. (ის განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მაღალ რეიტინგებს აჩვენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო კომპონენტების კვლევაში).

ცხრილი 1: 2012-2017 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების სამინისტროს დაფინანსება და განათლების ბიუჯეტის წილი მშპ-თან მიმართებით

წელი

2012

2013

2014

2015

2016

2017

მშპ (მიმდ. ფასებში მლნ)

26 167.3

26 847.4

29 150.5

31 755.6

34 028.5

38 042.2

სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების სამინისტროს დაფინანსება

626 744.00

615 975 922

687 971 752

776 378 111

904 356 716

1 052 996 982

განათლების ბიუჯეტის მშპ-თან პროცენტული მიმართება

2.4%

2.3%

2.3%

2.4%

2.7%

2.7%

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა; საქართველოს სტატისტიკის სამსახური

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეისათვის მსოფლიოში არ არსებობს რაიმე სახის კვლევა ან/და რეიტინგი, რომელიც აფასებს და ერთმანეთს ადარებს ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებს. ქვეყნების მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ განათლების სისტემის ზოგიერთი პარამეტრის შედარება.

დღეისათვის ყველაზე ავტორიტეტულ კვლევებად განათლების სფეროში განიხილება შემდეგი კვლევები: წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS); მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (TIMSS); მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA); მასწავლებელთა განათლების და განვითარების საერთაშორისო კვლევა (TEDS-M); სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS), თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს პრეტენზია, რომ აფასებს მთლიანად განათლების სისტემას. ისინი მხოლოდ ცალკეულ კომპონენტებზე და პარამეტრებზე კონცენტრირდებიან (ვრცლად აღნიშნულ რეიტინგებზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიები: სტატია 1; სტატია 2; სტატია 3).

„WorldAtlas“-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე და ქართული სააგენტოების მიერ მის ინტერპრეტირებაზე, საინტერესო მასალა მომზადდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემა ჰეშთეგი/Hashtag-ში (იხ. ვიდეო). იგივე თემატიკაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა Media Checker-მაც.

თეგები: