რეზიუმე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, თანამედროვე მსოფლიოში დაავადებათა საერთო ტვირთის 88% შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუ სასმელი წყლის ხარისხი გაუმჯობესდება, იქნება ადეკვატური სანიტარია, ჰიგიენა და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება. ამ კუთხით, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ საქართველოს საჯარო სკოლებში, საკმაოდ მძიმე ვითარება აჩვენა.
იუნისეფის 2013 წლის კვლევის თანახმად, საჯარო სკოლების 26%-ში არ არის ე.წ. სანიტარული კვანძები. ქალაქის სკოლების 12%-ში და სოფლის სკოლების 23%-ში ტუალეტის ჯიხურები ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს ან/და არ ფუნქციონირებს. კვლევის მონაცემებით, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებადი ხელსაბანი არ არის. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ სკოლებს წყალმომარაგების და სანიტარიის კუთხით აქვთ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეებში ძალიან დაბალია სანიტარული ნორმების შესახებ ცოდნა.
რაც შეეხება განახლებულ ინფორმაციას, 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი.
ანალიზი
პარლამენტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, საქართველოს სკოლებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე ისაუბრა და განაცხადა: „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, სკოლების 26%-ში საპირფარეშო არ არის. 27%-ში არ არის პირსაბანი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) კვლევის ანგარიში „წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში“ გამოაქვეყნა. იუნისეფმა შეისწავლა საქართველოს 600 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. კვლევა დაეყრდნო საჯარო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და დირექტორების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე, სკოლის სანიტარული პირობებისა და მოსწავლეების ქცევაზე პირდაპირ დაკვირვებას. კვლევის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებს უდგათ. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ სკოლებს წყალმომარაგების და სანიტარიის კუთხით აქვთ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეებში ძალიან დაბალია სანიტარული ნორმების შესახებ ცოდნა.
კვლევის მიგნებების თანახმად, წყალმომარაგების მილსადენი სისტემით საჯარო სკოლების დაახლოებით 70% სარგებლობს, თუმცა იგივე 70%-ში მილსადენი სისტემა სკოლის შენობაში არ არის შეყვანილი. ქალაქის სკოლების 4% და სოფლის სკოლების 12% ძირითად წყაროდ არაგაუმჯობესებულ წყაროებს[1] იყენებს. გამოკვლეული სკოლების მეათედში, კვლევის მომენტისთვის, წყალმომარაგების ძირითადი წყარო არ ფუნქციონირებდა. ამ სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა სოფლებში მდებარეობს. კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ წყალმომარაგების თვალსაზრისით, სოფლის სკოლები გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე ქალაქის სკოლები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასმელი წყლის ხარისხი საქართველოს სკოლებში სათანადოდ არ მოწმდება. ე.წ. წყლის გაუვნებელყოფა არასდროს განუხორციელებია სკოლების 70%-ზე მეტს, მათ შორის, არც იმ სკოლებს, რომლებიც დაუცველ ჭასა და წყაროს იყენებს.
რაც შეეხება ტუალეტის საკითხს და იქ არსებულ სანიტარულ მდგომარეობას, სკოლების მხოლოდ 35%-შია ტუალეტის ჯიხურები განთავსებული სკოლის შიგნით, დარჩენილ 65%-ში ჯიხურების დაშორება სკოლის შენობასთან 10-200 მეტრის ფარგლებში მერყეობს. სკოლების დაახლოებით ნახევარში მასწავლებლებისთვის ცალკე ტუალეტი არ ფუნქციონირებს, გარდა ამისა, პრაქტიკულად არცერთ სკოლაში არ ფუნქციონირებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ადაპტირებული ტუალეტის ჯიხურები. სკოლების ნახევარში დაბინძურებული იყო ტუალეტის ჯიხურები, ყველა მეხუთე ჯიხური კი მწყობრიდან იყო გამოსული. სკოლების უმეტესობაში ტუალეტის ჯიხურებთან არ იყო ტუალეტის ქაღალდები.
კვლევის ანგარიშის თანახმად, კვლევის მომენტში, ზოგადად ტუალეტის ჯიხურები ფუნქციონირებდა ქალაქის სკოლების 88%-ში და სოფლის სკოლების 77%-ში. ქალაქის სკოლების 12%-ში და სოფლის სკოლების 23%-ში ტუალეტი ან ნაწილობრივ ფუნქციონირებდა ან/და არ ფუნქციონირებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ტუალეტის ჯიხურებს არ ჰქონდათ კარები, ხოლო სოფლის სკოლების 20%-ში და ქალაქის სკოლების 62%-ში არ იყო განათება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლების 26%-ში არ არსებობს სან-კვანძები[2], რაც ხშირად ქმნის ძლიერ ანტისანიტარიას. გარდა ამისა, იმ სკოლებში სადაც არსებობს სან-კვანძები, ძირითადად არასაკმარისია მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.
რაც შეეხება პირსაბანების საკითხს, კვლევის მონაცემებით, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებადი ხელსაბანი არ არის. სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში ხელსაბანთან არ არის საპონი, პირსახოცი ან ხელსახოცი. სკოლების დაახლოებით მესამედში ხელსაბანი ტუალეტის ჯიხურთან ან მის ახლოს არ არის. ყურადღება მისაქცევია ისიც, რომ დაკვირვების თანახმად, საპირფარეშოებში შესვლის შემდეგ, მოსწავლეების ნახევარი ხელს არ იბანს.
რაც შეეხება განახლებულ ინფორმაციას, 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი და საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები, სკოლების უმეტესობაში გამართული არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ინფრასტრუქტურა, თითქმის 30%-ში ტუალეტის ჯიხურებთან ახლოს არ არის ხელსაბანი, ხოლო გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, თანამედროვე მსოფლიოში დაავადებათა საერთო ტვირთის 88% შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუ სასმელი წყლის ხარისხი გაუმჯობესდება, იქნება ადეკვატური სანიტარია, ჰიგიენა და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება.
[1] დაუცველი ჭა, დაუცველი წყარო
[2] ჩარეცხვადი ტუალეტი