იტვირთება

თბილისის მერიამ, მიმდინარე წლის 10 აპრილს, „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის 7უნიციპალიტეტის ადაწყვეტილებით, თბილისში პარკირების სფეროს ოპერირების უფლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გადაეცა. კომპანია „სითი პარკის“ ოპერირებისას, მანქანის მფლობელებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას, საპარკინგე ადგილების სიმცირე, ჯარიმების სიხშირე და ჯარიმის ჩაბარება-ამოღების წესი წარმოადგენდა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში კომპანია „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ.

თბილისის მერიას მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა და ამ მიზნით, მიმდინარე წლის მაისში, სამ ლოკაციაზე ტენდერი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ტერიტორია 25 წლიანი იჯარით, სიმბოლურ ფასად გადაეცემოდათ. სანაცვლოდ, 715 საპარკინგე ადგილი უნდა მოწყობილიყო. რადგან ტენდერის მიმართ ბიზნესის წარმომადგენლებმა ინტერესი არ გამოხატეს, მერიამ პირობები შეცვალა და დაინტერესებულ ბიზნესს, პარკინგის მოსაწყობად, ტერიტორია იჯარის ნაცვლად, ამჯერად უკვე მუდმივ მფლობელობაში გადაეცემოდათ.

როგორც მოგვიანებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ერთ ლოკაციაზე, კერძოდ – ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგის პროექტთან დაკავშირებით, ინტერესი კომპანია „იქს 2“-მა გამოხატა. კომპანიას ვალდებულება აქვს ხუთი თვის განმავლობაში ტექნიკური კვლევა განახორციელოს და ამის შემდეგ მუნიციპალიტეტთან ერთად მიიღოს პროექტის დაწყების გადაწყვეტილება.

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ არეგულირებს. აღნიშნული კოდექსის მიხედვით (მუხლი 1252), დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირება საფასურის გადახდის გარეშე და არასწორი პარკირება ათი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თუ ავტომობილი „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაშია გაჩერებული და ასევე სხვა დარღვევის დროს, ავტოტრანსპორტი სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „სითი პარკის“ ოპერირებისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საჯარიმო ქვითრების ადრესატისთვის ჩაბარების საკითხი იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, ამჟამადაც, საჯარიმო ქვითრის ჩაბარება კანონის შესაბამისად ხორციელდება („ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 242-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პარკირების წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტომობილის მესაკუთრეს), რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარიმო ქვითრის ჩაბარება იმავე წესით ხორციელდება, როგორც „სითი პარკის“ ოპერირების დროს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მათი პარკირების სისტემაში მოსვლიდან, 10 აპრილიდან – ოქტომბრამდე, კომპანიის მიერ პარკირების და დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის 237 000 ჯარიმაა გამოწერილი, ხოლო სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე 2 129 მანქანაა გადაყვანილი. საჯარიმო ქვითარი მხოლოდ 97 პირს აქვს გასაჩივრებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარს შეადგენს, შესაბამისად, ექვსი თვის განმავლობაში საჯარიმო თანხამ ჯამში 2 370 000 ლარი შეადგინა.

როგორც ვიცით, „სითი პარკის“ ჯარიმების გადასახადიდან 60% მერიის ანგარიშზე ირიცხებოდა. 2011-2017 წლებში „სითი პარკის“ ჯარიმებიდან მერიის შემოსავალი და შესაბამისად „სითი პარკის“ შემოსავალი შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: მერიის შემოსავალი სითი პარკის ჯარიმებიდან (ლარებში)

წელი მერიის შემოსავალი ჯარიმებიდან სულ შემოსავალი ჯარიმებიდან
2011 3 275 700 5 459 500
2012 4 814 300 8 023 833
2013 4 503 400 7 505 666
2014 4 926 400 8 210 666
2015 6 815 600 11 359 333
2016 8 352 200 13 920 333
2017 8 800 000 14 666 666

წყარო: თბილისის ბიუჯეტი

რადგან არასწორი პარკირების ჯარიმის ღირებულება 10 ლარია, ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, შეიძლება განვსაზღვროთ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა წლიურად და შესაბამისად, თვეში გაცემული ჯარიმების საშუალო რაოდენობა.

ცხრილი 2: 2011 2017 წლებში „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა წლიურად და თვიურად

წელი ჯარიმების რაოდენობა წლიურად ჯარიმების რაოდენობა თვიურად
2011 545 950 45 495
2012 802 383 66 865
2013 750 566 62 547
2014 821 066 68 422
2015 1 135 933 94 661
2016 1 392 033 116 002
2017 1 466 666 122 222

რაც შეეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მის მიერ თვეში საშუალოდ 39 500 ჯარიმაა გამოწერილი. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, პარკირების წესების დარღვევისთვის „სითი პარკის“ მიერ თვეში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალურ უბანში ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. კერძოდ, ძველ თბილისსა და ვაკე-საბურთალოს რაიონში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია აღნიშნულ რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებას გეგმავს. მათი აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და პარკირების ზონალური გადასახადის შემოღება, აღნიშნულ ლოკაციებზე სატრანსპორტო ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პარკირების საათობრივმა სისტემამ რომ იმუშაოს, ამისთვის ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს სათანადოდ განვითარებული. კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების საათობრივი სისტემის საპილოტე პროგრამის განხორციელება სურს გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს მამუკა სალუქვაძეს და მზად არის ქუჩა გერმანელ პარტნიორებთან ერთად, გადახდის სპეციალური აპარატებითაც აღჭურვოს.


მსგავსი სიახლეები

2723 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი