რეზიუმე: საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის (მეორე წარდგენა) შესაბამისად, პირველად ვერსიასთან შედარებით, შემოსულობების ნაწილი 357 მლნ ლარით, გადასახდელების ნაწილი კი, 268 მლნ ლარით იზრდება. შედეგად, ბიუჯეტის შემოსულობები 12 969 მლნ, გადასახდელები კი, 12 998 მლნ ლარს უტოლდება. შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის არსებული 29 მლნ-იანი სხვაობა ნაშთის[1]
შემცირებაზე მოდის.
შემოსულობების მუხლის მთლიანი ზრდიდან 145 მლნ ლარი ვალდებულებების, ანუ ვალის ზრდის მუხლის ცვლილებაზე მოდის. უცვლელი რჩება საშინაო ვალის ზრდის მოცულობა და 500 მლნ ლარს შეადგენს. 145 მლნ ლარიანი ცვლილება მთლიანად საგარეო ვალის ზრდის მუხლზე მოდის და აღნიშნული მაჩვენებელი 1 805 მლნ ლარამდე იზრდება. შედეგად, ვალდებულებების მთლიანი (საშინაო+საგარეო) ზრდა 2019 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, 2 305 მლნ ლარს[2]უტოლდება.
ანალიზი საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას, პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძემ განაცხადა,
რომ ბიუჯეტის 357 მილიონიანი ზრდიდან, 145 მილიონი ლარი ვალის ზრდაზე მოდის.
ზემოხსენებული განცხადება სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას იქნა გაკეთებული. დეპუტატი ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიასთან მიმართებით, მაჩვენებლების ცვლილებაზე საუბრობს. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს წარუდგინა, გადამუშავებული ვარიანტი კი, 2 ნოემბერს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თარიღებს შორის ხელისუფლებამ რიგი სოციალური პროექტები წარადგინა,რომლებიც ბიუჯეტის პირველ ვერსიაში გათვალისწინებული არ ყოფილა.
ცხრილი 1:
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მუხლები (ათასი ლარი)
დასახელება | I წარდგენა | II წარდგენა | ცვლილება |
შემოსულობები | 12 611 650 | 12 968 500 | 356 850 |
შემოსავლები | 10 281 650 | 10 473 500 | 191 850 |
არაფინანსური აქტივების კლება | 60 000 | 70 000 | 10 000 |
ფინანსური აქტივების კლება | 110 000 | 120 000 | 10 000 |
ვალდებულებების ზრდა | 2 160 000 | 2 305 000 | 145 000 |
გადასახდელები | 12 729 700 | 12 997 585 | 267 885 |
ხარჯები | 9 279 052 | 9 421 540 | 142 488 |
არაფინანსური აქტივების ზრდა | 2 082 279 | 2 224 376 | 142 097 |
ფინანსური აქტივების ზრდა | 434 490 | 417 790 | -16 700 |
ვალდებულებების კლება | 933 879 | 933 879 | 0 |
ნაშთის ცვლილება | -118 050 | -29 085 | 88 965 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ბიუჯეტის შემოსულობები 357 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც შემოსავლებისა და ვალის ზრდაზე, შესაბამისად, 192 და 145 მლნ ლარი მოდის. 10-10 მლნ-ით იზრდება არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლი. გაზრდილი შემოსულობებიდან გადასახდელების ზრდას, მხოლოდ, 268 მლნ ლარი მოხმარდება, 89 მლნ ლარი კი, ნაშთის ცვლილების[3]
მუხლში აისახება, კერძოდ ბიუჯეტის ნაშთი, ნაცვლად 118 მლნ ლარისა, 29 მლნ ლარით შემცირდება.
გადასახდელების ზრდის (268 მლნ ლარი) ძირითადი მდგენელებია სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გაცემა[4] - 70 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროს აღჭურვა - 92 მლნ ლარი და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების დაფინანსება - 34 მლნ[5]ლარი. 10-10 მლნ ლარით გაიზრდება რეგიონების გაზიფიცირებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება.
[1]
ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები
[2]დაგეგმილია ვალდებულებების დაფარვა 934 მლნ ლარის ოდენობით, შედეგად ვალდებულებების წმინდა ზრდა 1 371 მლნ ლარს შეადგენს
[3]ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება
[4] 20ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი
[5] მათ შორის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის - 10 მლნ ლარი