თბილისში არსებული ტაქსების ლიცენზირების ინიციატივა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში გააჟღერა. მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდა. ცვლილება შევიდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლშიც. აღნიშნული ცვლილებით საავტომობილო მოძრაობის სფეროში თბილისის მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრა. კერძოდ, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით გადაყვანის ნებართვას საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული გასცემს. ნებართვის მაძიებელი ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს.
რადგან საკანონმდებლო სივრცეში შემოდის ახალი სახის ნებართვა (საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება), შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემიდან მიღებული თანხები თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიიმართება.
როგორც ვხედავთ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ საქართველოს დედაქალაქს შეეხო და სხვა მუნიციპალიტეტებზე არ გავრცელდება. აღნიშნული რეგულაცია ერთგვარად სხვა მუნიციპალიტეტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის ნიშნებს შეიცავს, რადგან ისინი ამ ეტაპზე ტაქსების ლიცენზირებას (ტაქსების რეგულაციების აუცილებლობის შემთხვევაშიც) ვერ განახორციელებენ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა. შესაბამისად, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ფინანსურადაც უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილებით ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი, ნებართვის მოქმედების ვადა და ღირებულება განისაზღვრა. დადგენილების თანახმად, ერთწლიანი ნებართვის ღირებულება მსუბუქ ავტომობილებზე 100 ლარი, ჰიბრიდულებზე 50 ლარი და ელექტრო ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ტაქსის მძღოლები, რომლებიც ტაქსით გადაყვანის ნებართვას პირველ ოქტომბრამდე არ აიღებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან.
ტაქსების რეგისტრაციის პროცესი 1 აგვისტოდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 21 575 ნებართვაა გაცემული. შესაბამისად, ნებართვების გაცემიდან დედაქალაქის ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე შევიდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები გარკვეული პრივილეგიით ისარგებლებენ. კერძოდ: მიიღებენ უფასო საპარკინგე ადგილს, გამოეყოფათ ტაქსის მანათობლები და შეეძლებათ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა, რისი საშუალებითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ. ასევე რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი უკვე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ის ახალი ვიზუალური სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. კერძოდ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში თეთრი ფერის ტაქსები ივლიან, ხოლო მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილები მგზავრების გადაყვანის სერვისს ვეღარ განახორციელებენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში ტაქსის მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება (რომელიც კერძო ავტომობილებისთვის, 2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება და ეტაპობრივად განხორციელდება), არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა.
თბილისის მერმა ტაქსების ჰიგიენურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 ოქტომბრამდე რეგისტრირებულ ტაქსის მფლობელებს, რომელთაც ასევე გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერიც გადაეცემათ.
კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების თეთრად გადაღებვისთვის და ჰიგიენური უზრუნველყოფისთვის თბილისის ბიუჯეტიდან თანხა არ გამოიყოფა. მერიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება კონკურსი, რომელში გამარჯვებული კომპანიაც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს დააფინანსებს და სალონის ქიმიურ წმენდასაც ჩაატარებს. ტაქსების სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები 2018-2019 წლის პერიოდში განხორციელდება.
კონკურსი სახელმწიფოს შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები. კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებულებით რეგულირდება.
ტაქსების გადაღებვის შემთხვევაში, რეალურად მერია მომსახურებას არ ყიდულობს, გამარჯვებულ კომპანიას განსახორციელებელი სამუშაოს სანაცვლოდ სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს.
ფაქტ-მეტრი დაინტერსდა, იურიდიულად როგორ გაფორმდებოდა აღნიშნული კონკურსი. შესაბამისი შეკითხვით მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, როდესაც კონკურსის შესაბამისი პროცედურები განხორციელდება, შესაძლებლობა გვექნება ყველა მასალას თავად გავეცნოთ.
ფაქტ-მეტრი შეეცადა, დაახლოებით დაეთვალა იმ კომპანიის ხარჯი და სარგებელი, რომელიც ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს განახორციელებს.ჩვენ ტაქსების რეკლამის განთავსების საორიენტაციო ფასად ამჟამად სარეკლამო ბაზარზე მოქმედი საშუამავლო კომპანიის edvex-ის ტარიფი ავიღეთ.საშუამავლო კომპანია edvex ერთმანეთთან აკავშირებს ავტომობილებზე რეკლამის განთავსების მსურველ კომპანიებს და მძღოლებს. მათი ინფორმაციით, რეკლამის საფასური იანგარიშება ბრენდირებული ავტომობილის მიერ დაფარული მანძილის მიხედვით, კილომეტრი - 20 თეთრი, რაც თვეში დაახლოებით 200 ლარი გამოდის.როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ერთი მანქანის გადაღებვა საშუალოდ 1 000-1 500 ლარი ჯდება. 2018 წლის ნოემბრის მონაცემით, რეგისტრაცია 21 575 ტაქსმა გაიარა. შესაბამისად, დაახლოებით ამდენი ტაქსია გადასაღები (თუმცა, მათი ნაწილი აუცილებლად იქნება თეთრი ფერის). თუ ვივარაუდებთ, რომ ერთი მანქანის გადაღებვა 1 000 ლარი დაჯდება, ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანიის ხარჯი დაახლოებით 21.5 მილიონი ლარი იქნება.
რაც შეეხება სარგებელს, გამარჯვებული კომპანია გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლებას მიიღებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტაქსზე რეკლამის განთავსების საორიენტაციო ფასად საშუამავლო კომპანიის edvex-ის ტარიფი- კილომეტრზე 20 თეთრი (რაც თვეში დაახლოებით 200 ლარს შეადგენს), უნდა ავიღოთ. ასეთ შემთხვევაში, ერთ ტაქსზე ორი წლის განმავლობაში რეკლამის განთავსება 4 800 ლარი ეღირება. 21 575 ტაქსის შემთხვევაში კი 103 560 000 ლარი. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიის სარგებელი, უხეში გათვლებით, 81 985 000 ლარი იქნება. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: კომპანია edvex-ის წარმომადგენლის თქმით, ავტომობილებზე რეკლამის განთავსება სარეკლამო ბაზრისთვის ახალი პროდუქტია და ჯერჯერობით დიდად მოთხოვნადი არ არის. ამასთან, ჩვენ კომპანიის სარგებელი ორი წლის განმავლობაში მოცდენის დროის გარეშე ვიანგარიშეთ. თუმცა, ძნელად სავარაუდოა, რომ 21 575 მანქანას ორი წლის განმავლობაში სარეკლამო შეკვეთა უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეს. იმისათვის, რომ პოტენციური შუამავალი (კონკურსით შერჩეული კომპანია) არ დაზარალდეს, საშუალოდ ყოველი მეხუთე ტაქსის სარეკლამო რესურსი სრულად უნდა იქნეს ათვისებული. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჭარბი მიწოდების პირობებში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მისაღები მომსახურების საფასური და შესაბამისად შუამავლის მიერ თეორიულად მისაღები შემოსავლის ზედა ზღვარი სავარაუდოდ შემცირდება.
კონკრეტულად როგორ საკონკურსო პირობებს შესთავაზებს კომპანიებს თბილისის მერია მიმდინარე თვეში (მერია აუდიტის შეფასებას ელოდება და ამის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი) გახდება ცნობილი.