პარლამენტის თავმჯდომარე, ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სიღარიბის არსებობის ობიექტურ ფაქტორებზეც საუბრობს. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მიერ მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) ერთ სულზე განაწილების მაჩვენებელიც იქნას განხილული. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2012 წელს 3 870 დოლარი იყო, რაც შემდგომ წლებში იზრდებოდა, მაგრამ 2017 წელს 3 790 დოლარამდე შემცირდა. 2015 წლამდე საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნების ჯგუფში იყო (II კატეგორია), ხოლო 2015 წელს III კატეგორიაში, საშუალოზე მაღალი შემოსავლის ჯგუფში გადაინაცვლა. თუმცა, 2017 წელს საქართველო ისევ საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფშია.
ანალიზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას სიღარიბის მაჩვენებლებზე და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებულ მაჩვენებელზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2012 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 500 დოლარს შეადგენდა, ხოლო ახლა - 4 500 დოლარია. ირაკლი კობახიძე ყურადღებას ამახვილებს სიღარიბის მიზეზებზე და მისი თქმით, როცა მშპ-ს ერთ სულზე განაწილება 4 500 დოლარია, 20%-იანი სიღარიბის მაჩვენებელი ბუნებრივი მდგომარეობაა.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროს გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. ხოლო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგრიშებული მშპ მოცულობა კი ქვეყნაში არსებული ცხოვრების დონის ერთ-ერთი ინდიკატორია. იმისთვის, რომ მშპ-ს დათვლისას ინფლაციის ეფექტი გამოირიცხოს, მისი გამოთვლა მუდმივ, 2010 წელს დაფიქსირებულ ფასებში ხორციელდება და ეროვნულ ვალუტაში გამოისახება. აღნიშნული ქვეყნის რეალური ეკონომიკის მოცულობას გვიჩვენებს.
2012 წელს ერთ სულზე განაწილებული რეალური მშპ 6 343.4 ლარი იყო, რაც 2017 წლის მონაცემებით, 7 624.0 ლარს შეადგენს. ამდენად, 2012-2017 წლებში ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 1 280.6 ლარით გაიზარდა, რაც 20.2%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ერთ სულზე განაწილებული მშპ-ს ზრდა მოსახლეობის რაოდენობის კლებით არ არის გამოწვეული, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში 11.2 ათასით გაიზარდა.გრაფიკი 1:
რეალური მშპ-ს განაწილება ერთ სულზე (ლარი, აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ხშირ შემთხვევაში მშპ-ს უცხოურ ვალუტაში დათვალა არაობიექტურია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საკურსო ეფექტი არ არის გამორიცხული. თუმცა, ირაკლი კობახიძის მიერ განცხადებაში მოყვანილ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, გაცვლითი კურსის ფაქტორი გამორიცხულია, ვინაიდან მის მიერ დასახელებული მონაცემები, სავარაუდოდ, დოლარის მუდმივი კურსით, 2010 წლის საშუალო კურსით არის გადაანგარიშებული. შესაბამისად, ამ მეთოდით უცხოურ ვალუტაში გამოსახული მშპ-ს განაწილება ობიექტურია და რეალურ მდგომარეობას ასახავს.
ვინაიდან ირაკლი კობახიძე მშპ-ზე სიღარიბის კონტექსტში საუბრობს, რაც მოსახლეობაზე განაწილებული შემოსავლებით იზომება, უფრო სწორია მსოფლიო ბანკის მიერ Atlas-ის მეთოდით, მთლიანი ეროვნული შემოსავალის (მეშ) ერთ სულ მოსახლეზე განაწილება (GNI Per capita)[2] ვნახოთ. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებულ მონაცემებს, მსოფლიო ბანკი, ქვეყნების შემოსავლების დონის მიხედვით დასაჯგუფებლად იყენებს. აღნიშნულ განაწილებაში მეშ-ს კონვერტაცია ხდება არა მარტივი გაცვლითი კურსით, არამედ სპეციალური კურსით[1]და გადაანგარიშებისას გამორიცხულია ინფლაცია და ნაწილობრივ საკურსო ცვლილების ეფექტი, რაც მაჩვენებელს მეტად რეალურს ხდის, თუმცა საკურსო ცვლილების არსებითი გავლენა ნარჩუნდება, რაც დროით ჭრილში ანალიზს ართულებს.
2012წელს ერთ სულზე განაწილებული მეშ 3 870 დოლარს შეადგენდა, რაც შემდეგი ორი წელი იზრდებოდა და 2014 წელს 4 490 დოლარს მიაღწია. თუმცა, შემდეგ წლებში მონაცემი იკლებს და 2017 წლისთვის 3 790 დოლარს შეადგენს. აღნიშული მაჩვენებლით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიში 142-ე ადგილზეა, ხოლო 2012 წელს - 117-ე ადგილზე იმყოფებოდა.
გრაფიკი 2:მთლიანი ეროვნული შემოსავალის ერთ სულზე განაწილება (Atlas Method, დოლარი)
წყარო: World Bank national accounts data
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მსოფლიო ბანკი ქვეყნებს შემოსავალის მიხედვით აჯგუფებს, რაც მეშ ერთ სულზე განაწილების მოცულობაზეა დამოკიდებული. შემოსავლის მიხედვით ქვეყნებს ოთხი კატეგორია არსებობს: დაბალი შემოსავლების, საშუალოზე დაბალი შემოსავლების, საშუალოზე მაღალი შემოსავლების და მაღალი შემოსავლების. აღნიშნულ კატეგორიებში ერთ სულზე მეშ-ის მოცულობის დიაპაზონი დროში ცვალებადია, რომლის ცვლილება სხვადასხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული. 2003-2014 წლებში საქართველო მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნების ჯგუფში იყო, ხოლო 2015 წელს საშუალოზე მაღალი შემოსავლის ჯგუფში გადაინაცვლა. 2016 წლიდან ის კვლავ საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიაშია.
[1]
რეალური მშპ-ს ერთ სულზე განაწილებისას, დოლარში გადაანგარიშების დროს გამოყენებულია 2010 წლის დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი, ვინაიდან მაჩვენებელი რეალური გახდეს და გამოირიცხოს კურსის ცვლილების ეფექტი.
[2] წარმოადგენს ქვეყნის რეზიდენტების მიერ ქვეყნის ფარგლებსა და უცხოეთში შექმნილ დამატებით ღირებულებას და მშპ-სგან განსხვავდება, საქართველოს რეზიდენტის მიერ უცხოეთში მიღებულ შემოსავალსა (მათ შორის დასაქმებით, საკუთრებიდან) და უცხო ქვეყნის რეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობით.