“. აღნიშნული კანონი იყო პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი სისტემაში არსებული აშკარა პრობლემების გადაჭრის გზაზე.
საქართველოში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ორ კატეგორიად იყოფა: პროფესიული კოლეჯი - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. საზოგადოებრივი კოლეჯი -პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ის ასევე, უფლებამოსილია ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება განხორციელდეს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
დღეისათვის საქართველოში 67 საზოგადოებრივ-პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებს, მათგან ავტორიზებული სახელმწიფო საზოგადოებრივ/პროფესიული კოლეჯი არის 17, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯი - 6, ხოლო ავტორიზებული კერძო პროფესიული/საზოგადოებრივი კოლეჯი - 44. რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, 7 კერძო და 1 სახელმწიფო დაწესებულება შეასწავლის პროფესიულ განათლებას, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე 16 კერძო და 15 სახელმწიფო დაწესებულება. საბოლოო ჯამში, საქართველოში 106 დაწესებულებაშია შესაძლებელი სტუდენტი დაეუფლოს პროფესიულ განათლებას, მათგან 67 კერძოა, ხოლო 39 სახელმწიფო.აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლება საქართველოში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. თითქმის ყოველ წელს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა მიღების ნაკადები იკლებს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, პროფესიული სასწავლებლების მიერ მიღებული ნაკადის რაოდენობა შემცირებულია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2013 წელთან შედარებით, ყოველ მომდევნო წელს მიღებული სტუდენტების რაოდენობაც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიულ სასწავლებლებში. თუ 2013 წელს სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებით სარგებლობდა 12 499 სტუდენტი, ხოლო კერძოთი - 6 566, იგივე მაჩვენებლები 2017 წლისთვის 11 533 და 4 613-ია (იხ. ცხრილი 1; ცხრილი 2).
ცხრილი 1:
სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მიღება დაწესებულების სტატუსისა და ტიპის მიხედვით, 2013-2017 წლები
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
ზოგადსაგანმანათლებლო | 0 | 0 | 0 | 21 | 20 |
პროფესიული | 4 369 | 4 083 | 4 106 | 4 197 | 4 082 |
საზოგადოებრივი | 6 842 | 4 767 | 5 078 | 5 122 | 5 600 |
უმაღლესი საგანმანათლებლო | 1 288 | 1 368 | 1 998 | 2 489 | 1 831 |
სულ | 12 499 | 10 218 | 11 182 | 11 829 | 11 533 |
კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მიღება დაწესებულების სტატუსისა და ტიპის მიხედვით, 2013-2017 წლები
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
ზოგადსაგანმანათლებლო | 149 | 101 | 97 | 151 | 52 |
პროფესიული | 911 | 631 | 522 | 386 | 391 |
საზოგადოებრივი | 4 555 | 3 664 | 3 226 | 3 080 | 3 202 |
უმაღლესი საგანმანათლებლო | 951 | 547 | 774 | 894 | 968 |
სულ | 6 566 | 4 943 | 4 619 | 4 511 | 4 613 |
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, განსაკუთრებით აშკარაა შემცირება კერძო პროფესიულ სასწავლებლებში, რისი გამომწვევიც, ძირითადად, დაფინანსების წესია. კერძო პროფესიული სასწავლებლები ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერების სისტემით, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში კი არ არის საკმარისი ადგილები, რათა დაკმაყოფილდეს საბაზრო მოთხოვნა. კერძო პროფესიული კოლეჯები სახელმწიფოსგან არანაირი სახის ფინანსურ დახმარებას არ იღებენ, რაც მათ კონკურენტუნარიანობის ხარისხს საკმაოდ ამცირებს. რეალურად, ბაზარზე არსებობს სახელმწიფო და კერძო კოლეჯები იდენტური სპეციალობებით და როდესაც სახელმწიფო კოლეჯში სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, შესაბამისად, სტუდენტთა უმრავლესობა სახელმწიფო კოლეჯში სწავლას არჩევს. ამასთან, კერძო კოლეჯების კონკურენტები არამარტო სახელმწიფო კოლეჯები არიან, არამედ უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ პროფესიული პროგრამების სწავლების უფლებაც.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაც, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა შორის ძალიან დიდი დისპროპორციაა. მაგალითისთვის, თუ 2017 წელს პროფესიულ სასწავლებლებმა საერთო ჯამში 16 146 აპლიკანტი მიიღო, იგივე წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 206 სტუდენტი ჩაირიცხა.2017 წელს ეს დისპროპორცია 32 პროცენტული პუნქტი იყო (66% - 34%), 2016 წელს 28 პროცენტული პუნქტი (64% - 36%), 2015 და 2014 წლებში, ასევე, 28 პროცენტული პუნქტი შესაბამისი 64%-36% დისბალანსით, ხოლო 2013 წელს 18 პროცენტული პუნქტი, 59%-41%-იანი დისბალანსით, უმაღლესი სასწავლებლების სასარგებლოდ (იხ. დიაგრამა 1).
დიაგრამა 1:
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების პროცენტული თანაფარდობა, 2013-2017 წლები
რაც შეეხება პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკას, 2013 წლიდან დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. ზრდა 2-3 პროცენტულ პუნქტში მერყეობს. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2016 წელს, როდესაც 2015 წელთან შედარებით, დასაქმებულების მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა და 56%-ზე დაფიქსირდა (იხ. ცხრილი 3). მიუხედავად ზრდის ტენდენციისა, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლები მაინც საკმაოდ დაბალია - კურსდამთავრებულთა დაახლოებით ნახევარი უმუშევარია. აღნიშნულის გამომწვევი ერთი მხრივ შეიძლება იყოს პროგრამების მომზადების დაბალი ხარისხი, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირე.
ცხრილი 3:
პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი 2014-2017 წლებში
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მაჩვენებელი% | 38, 9 % | 42 % | 47 % | 56 % | 56, 2 % |
2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, შპს „ბი სი ჯი კვლევამ“ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა ჩაატარა. მონაცემთა განზოგადების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ 63 387 ორგანიზაციაში დასაქმებულია სულ 908 374 ადამიანი. აქედან, ყველაზე მეტი ორგანიზაცია (32 486) თბილისზე მოდის და შესაბამისად, დასაქმებულების ყველაზე მეტი რაოდენობაც (497 135 ადამიანი) თბილისში ფიქსირდება. კვლევამ ცხადყო, რომ დასაქმებულებს შორის, დიდწილად, წარმოდგენილია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები (49 %), რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია. მინიმალური საკვალიფიკაციო დონის მოთხოვნის მიხედვით, დასაქმებულებს შორის მეორე ადგილზეა საშუალო განათლების მქონე ადამიანების კატეგორია (31.9%), რაც მეტყველებს დაბალი საკვალიფიკაციო დონის მოთხოვნის სამუშაოების სიმრავლეზე. საგულისხმოა იმ პოზიციების სიმცირე, რომელზედაც დასაქმებულები არიან პროფესიული განათლების მქონე ადამიანები (14.7%). შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტების თვისებრივი კვლევის თანახმად, პროფესიული განათლების მქონე ადამიანების მოთხოვნა შრომის ბაზარზე საკმაოდ დაბალია.