ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოფო კილაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ადმინისტრაციულ პატიმრობათა მაჩვენებელი 68%-ით შემცირდა.
კილაძე კონკრეტულად არ ასახელებს თუ რომელი პერიოდის მონაცემებს ადარებს ერთმანეთს, თუმცა, სავარაუდოდ, დეპუტატი 2009-2012 წლებისა და 2013-2016 წლების ოთხწლიან პერიოდის მონაცემებს ეყრდნობა. აღნიშნული პერიოდების შედარებით, ადმინისტრაციულ პატიმრობათა რაოდენობამ 64%-ით იკლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელზე საუბრისას უფრო ზუსტ სურათს მოგვცემს მონაცემების არა მხოლოდ ნომინალურ მაჩვენებლებში, არამედ ფარდობით მაჩვენებლებში დათვლა.
რაც შეეხება ფარდობით მონაცემებს, კერძოდ, ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთა შორის პატიმრობა შეფარდებულ პირთა ხვედრით წილს, აღნიშნული მაჩვენებელიც, 2013 წლიდან მოყოლებული, კლების ტენდენციით ხასიათდება. 2012 წელთან შედარებით, 2017 წელს პატიმრობათა ხვედრითი წილი 13.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ანალიზი
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. სოფო კილაძის განცხადებით, „ადმინისტრაციული პატიმრობა 68%-ით შემცირდა“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 32-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთი სახეს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 15 დღეს.
მართალია სოფო კილაძე არ უთითებს თუ რომელ პერიოდებს ადარებს ერთმანეთს, თუმცა, სავარაუდოდ, დეპუტატი „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშში“ არსებულ მონაცემებს ეყრდნობა. ანგარიშის (გვ. 18) თანახმად, 2009-2012 წლებთან შედარებით, 2013-2016 წლებში გამოყენებულ ადმინისტრაციულ პატიმრობათა რიცხვი 68%-ით არის შემცირებული. თუმცა, თუკი უზენაესი სასამართლოს სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშში 2009-2012 წლების მონაცემები შეცდომით არის ასახული, რაც თავისთავად ცვლილების პროცენტული მაჩვენებლის სიზუსტეზეც აისახება.
კერძოდ, 2009-2012 წლებში ადმინისტრაციული სახდელის სახედ პატიმრობა ჯამში 16 252 პირს შეეფარდა (ნაცვლად ანგარიშში მითითებული 18 288 პირისა), მაშინ როცა 2013-2016 წლების მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 5 939-ს უდრის, შესაბამისად, ამ პერიოდების შედარებით, ადმინისტრაციულ პატიმრობათა რაოდენობამ 64%-ით იკლო.
ცხრილი 1:2009-2017 წლებში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაკისრებულ პირთა და მათ შორის პატიმრობა შეფარდებულ პირთა რაოდენობა
2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაკისრებულ პირთა რაოდენობა | 27 693 | 26 840 | 22 574 | 17 393 | 27 828 | 25 903 | 24 058 | 18 367 | 17 897 |
პატიმრობა შეფარდებულ პირთა რაოდენობა | 4 471 | 4 397 | 4 461 | 2 923 | 2 271 | 1 608 | 1 267 | 793 | 578 |
პატიმრობის პროცენტული წილი | 16.1% | 16.4% | 19.8% | 16.8% | 8.2% | 6.2% | 5.3% | 4.3% | 3.2% |
წყარო:საქართველოს უზენაესი სასამართლო
თუმცა, თუკი წლების მიხედვით ადმინისტრაციული სახდელის სახედ ადმინისტრაციულ პატიმრობათა გამოყენების ტენდენციების უკეთ დანახვა გვსურს, ამისთვის უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ნომინალური, არამედ ფარდობითი მაჩვენებლები. კერძოდ, უნდა დავადგინოთ, თუ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში რამდენ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და მათგან რამდენ პირს შეეფარდა პატიმრობა. ცხრილ 1-დან ჩანს, რომ 2009-2012 წლებში, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, 2013 წლიდან კი მას კლების ტენდენცია ახასიათებს, 2017 წლის მონაცემებით კი, მხოლოდ 3.2%-ს შეადგენს.