პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ განათლების სამინისტრომ 2010 წელს დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავდა ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საქართველოს მოსწავლეებისთვის დასავლური კულტურის, ფასეულობების და ტრადიციების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, მათი ენის შესწავლითა და ამ კულტურის წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით.
დღეისათვის პროგრამა დახურული არ არის, იგი კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა გაცილებით უფრო შეზღუდული მასშტაბებით. მაგალითისთვის, თუ 2011 წელს პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენდა, დღეისათვის - 450 ათასი ლარია. თუ 2011 წელს პროგრამის ფარგლებში 1 500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი იყო ჩამოყვანილი, 2018 წლისთვის მათი რაოდენობა მხოლოდ 33-ია. შეიცვალა უცხოელი მასწავლებლის ჩართულობის ხანგრძლივობაც, თუ 2010-2012 წლებში უცხოელი მასწავლებლები მინიმუმ 20 დღით და მაქსიმუმ 3 თვით ჩამოჰყავდა სამინისტროს, დღეს უკვე სამინისტრო ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს მათთან. რაც შეეხება რაოდენობრივ მონაცემს, პროგრამის მოქმედების არცერთ წელს 3 000 მასწავლებელი არ ჩამოსულა საქართველოში. ყველაზე დიდი რაოდენობის უცხოელი მასწავლებელი 2011 წელს შემოვიდა და მათი რაოდენობა შეადგენდა 1 500-ს. 2010 წელს 700 მასწავლებელი, ხოლო 2012 წელს 750 მასწავლებელი ჩამოვიდა პროგრამის ფარგლებში.
ანალიზი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“, ამერიკელი მასწავლებლების ჩამოყვანის პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა:„ამერიკელი მასწავლებლის პროგრამა ივანიშვილმა დახურა. თითქმის 3 ათასი ამერიკელი ჩამოდიოდა საქართველოში ყოველწლიურად, ყველა სოფელში იყვნენ“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და საქართველოს მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონის გასაზრდელად, განათლების სამინისტრომ 2010 წელს დაიწყო ახალი პროექტი: „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (Teach and Learn with Georgia). პროექტის მიზნების აღწერის მიხედვით, პროექტის უმთავრესი პრიორიტეტი იყო საქართველოს მოსწავლეებისთვის დასავლური კულტურის, ფასეულობების და ტრადიციების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, მათი ენის შესწავლითა და ამ კულტურის წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით. პროექტის საწყის ეტაპზე, განათლების სამინისტრო, მოხალისე უცხოელ, ინგლისურენოვან მასწავლებლებს სთავაზობდაადგილობრივ ოჯახებში (მასპინძელი ოჯახები) ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევას, სამსახურეობრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ერთი შვებულების ბილეთის ანაზღაურებას, ყოველთვიურ ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით და რა თქმა უნდა, უსაფრთხო გარემოს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, პროგრამას ერთი უმთავრესი სოციალური მიზანი ჰქონდა - მომხდარიყო განსხვავებული საზოგადოებების ერთმანეთთან დაახლოება და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებსა და საქართველოს შორს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება.
ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, პროგრამას გააჩნდა ამბიციური გეგმა - საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ყოფილიყო ერთი მასწავლებელი მაინც, რომლის მშობლიური ენა იქნებოდა ინგლისური. პროექტში მონაწილეობის მისაღებად ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინგლისური ენა უნდა ყოფილიყო მშობლიური, ვალდებულნი იყვნენ წარმოედგინათ ნასამართლეობის და ჯანმრთელობის ცნობები (საჭიროების შემთხვევაში დამატებით სხვა ცნობები), დარეგისტრირებულიყვნენ პროექტის ვებგვერდზედა შერჩევის შემთხვევაში, საქართველოში გაევლოთ საორიენტაციო ტრენინგ-კურსი.
მასწავლებელთა პირველი ნაკადი 2010 წლის ივლისში ჩამოვიდა. 2010 წელს ჯამში საქართველოში 700 ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა. მათი როტაცია (ახლით ჩანაცვლება) დაახლოებით 2 თვეში (20 დღე მინიმალური ვადა, 3 თვე მაქსიმალური ვადა) ერთხელ ხდებოდა. 2011 წელს 1 500 მასწავლებელი ჩამოვიდა, ხოლო 2012 წელს 750 მასწავლებელი. ჯამში 2010-2012 წლებში სულ მოხალისე პედაგოგთა 48 ჯგუფი მიიღო საქართველომ. 2013 წელს მიდგომები შეიცვალა და აქცენტირება რაოდენობაზე აღარ ხდებოდა. 2013 წლის პირველ ნაკადში (47-ე ჯგუფი) 150, ხოლო მეორე ნაკადში (48-ე ჯგუფი) 96 მასწავლებელი ჩამოვიდა. ამ დროიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, ჩამოყვანილი მასწავლებლების რაოდენობა მცირდებოდა და უკვე 2018 წელს მხოლოდ 33 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა,გარდა ამისა, დამატებით სამინისტრო ელოდება კიდევ 5 მასწავლებელს (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1:
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოსული მასწავლებლების რაოდენობა წლების მიხედვით, 2010-2018 წლები
წელი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
2018 |
რაოდენობა |
700 | 1 500 | 750 | 247 | 125 | 47 | 40 | 41 |
33 (+5 დამატებით ჩამოვა) |
როგორც განათლების სამინისტრო და მისი სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
“ განმარტავს, 2013 წლიდან პროგრამაში ეტაპობრივად განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ, ამაღლდა მოხალისე მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები; დაინერგა სწავლების ეფექტიანობის მონიტორინგის კრიტერიუმები (მიმდინარეობს სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეების, მასპინძელი ოჯახების გამოკითხვა და მათი დამოკიდებულების შესწავლა პროგრამის მიმართ); 2015 წლიდან მოხალისე მასწავლებლების განაწილება სკოლის მოთხოვნის და სურვილის შესაბამისად ხდება, პრიორიტეტი ენიჭება საქართველოს რეგიონებში არსებულ სკოლებს; 2012 წლიდან პროგრამას შემოუერთდნენ ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლები, ხოლო 2015 წელს ფრანგულ და გერმანულენოვანი მასწავლებლები; 2018 წელს იგეგმება იტალიური ენის მასწავლებლების ჩამოყვანაც (უკვე შერჩეულია ორი მასწავლებელი); 2017-2018 წლებში პროფესიულ სასწავლებლებშიც შევიდნენ შეზღუდული რაოდენობის უცხოენოვანი მასწავლებლები; პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება დაახლოებით 100-120 უცხო ენის ადგილობრივი მასწავლებლის გადამზადება.
შეიცვალა კადრების შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც, მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნის მიხედვით, ამ მასწავლებლებისთვის უცხო ენა, სწავლების ენის მიხედვით, უნდა იყოს მშობლიური. აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი შემდეგი მიმართულებებით: პედაგოგიკა, დიდაქტიკა, ლინგვისტიკა, უცხოური ენების სწავლების მეთოდოლოგია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები ან ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს ნებისმიერ დისციპლინაში და ამავე დროს გააჩნდეს სწავლების გამოცდილება. პროგრამა მიიღებს ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც. აპლიკანტი არ უნდა იყოს კრიმინალური წარსულის, არ უნდა ჰქონდეს გადამდები ინფექციური დაავადებები, უნდა გააჩნდეს უცხო გარემოში ადაპტაციის უნარი და მაღალი მოტივაციის გრძნობა. ფრანგული და გერმანულენოვანი მასწავლებლები ინგლისურ ენას B1 დონეზე მაინც უნდა ფლობდნენ.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ ადრე არსებული მოკლევადიანი ვიზიტები და მასწავლებლების ხშირი როტაცია, პროგრამას არაეფექტიანს ხდიდა, ამიტომ შეიცვალა ვადები და მასწავლებლის სამუშაო ხანგრძლივობა ერთ წლამდე გაიზარდა, შესაბამისად, კონტრაქტი მოხალისე მასწავლებელთან და მიმღებ ოჯახთან, ერთი წლის ვადით იდება. მკაფიოდ არის განსაზღვრული სამუშაო გრაფიკიც და მოიცავს კვირაში 25 საათს საგაკვეთილო პროცესში, ხოლო კვირაში 3 საათს ოჯახში ან/და თემში დაინტერესებული პირებისთვის. რაც შეეხება ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ პირობებს, ანაზღაურება განსაზღვრულია 750 ლარის ოდენობით, ანაზღაურდება, ასევე, ორმხრივი ავიაბილეთები, ხდება ჯანმრთელობის დაზღვევა და მასპინძელი ოჯახით უზრუნველყოფა.
ისევე როგორც ჩამოსული მასწავლებლების რაოდენობა, 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. თუ 2010 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა 7 მილიონ 600 ათას ლარს, დღეისათვის პროგრამის ბიუჯეტი 450 ათასი ლარია (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2:
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ბიუჯეტი წლების მიხედვით, 2010-2018 წლები
წელი | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 |
ბიუჯეტი | 7 600 000 | 9 980 000 | 5 383 065 | 1 393 475 | 1 287 338 | 506 476 | 470 000 | 450 000 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2011 წელს საკმაოდ მასშტაბური პროგრამა, 2018 წელს შეზღუდული ბიუჯეტის მქონე, საკმაოდ მცირე მასშტაბის პროგრამად გადაიქცა. სამინისტროს აქვს არგუმენტი, რომ პროგრამის თავდაპირველი ვერსია, მცირე დროით მასწავლებლების ჩამოყვანა, ქმნიდა გარკვეული სახის პრობლემებს, ხოლო პროგრამის დღეისათვის არსებული მოდელი გაცილებით ეფექტურია. ძნელი სათქმელია, მასწავლებელთა რაოდენობაზე გათვლილი პროგრამა უფრო მომგებიანია თუ მათი საქართველოში გაჩერების ხანგრძლივობის მიხედვით გათვლილი პროგრამა. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შედარების დადგენილი მექანიზმები, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ შეფასებაში ვერ შედის.