ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომლის მეშვეობითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის/საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებაა შესაძლებელი.
ბრძანების თანახმად, აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია თუ:
ა)უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ)საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ)უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
დ)საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
ე)მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
ზ)უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანების დპუნქტმა გააჩინა შემდეგი პრაქტიკა: საქართველოს აბიტურიენტების ნაწილი, რომლებიც საგამოცდო ზღვარს მიღმა რჩება (იჭრება) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მიდიან უკრაინაში და სომხეთში სასწავლებლად, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, „სწავლობენ“ ამ ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში, 75 დღიანი სასწავლო ვადის გასვლის შემდეგ, ბრუნდებიან ქვეყანაში და მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე ხვდებიან საქართველოს იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც მათთვის სასურველია. შედეგად, წლიდან-წლამდე ვიღებთ იმ პირების მზარდ რაოდენობას, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, შეძლეს გამხდარიყვნენ სტუდენტები. ამ პრაქტიკამ, ბაზარზე გააჩინა ორგანიზაციები, რომლებიც შესაბამისი ანაზღაურების შემთხვევაში ჩაჭრილ აბიტურიენტებს სთავაზობენ აღნიშნულ სქემაში ჩართვას. შეტყობინება მსგავსი შესაძლებლობის შესახებ საქართველოში ძალიან ბევრ მომხმარებელს მობილურ ტელეფონზე შესდის. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ 2018 წელს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მობილურზე შესული შეტყობინებები:
სტატიის ფარგლებში ჩავატარეთ ექსპერიმენტი: ჩვენ ვესაუბრეთ ცოტნე დადიანის 7 ნომერში მდებარე კომპანიას და ვთხოვეთ, ერთ-ერთი ჩაჭრილი აბიტურიენტისთვის საბუთების მომზადება და შესაბამისი ხარჯების დათვლა. აღმოჩნდა, რომ ჩაჭრილი აბიტურიენტი 1 770 დოლარად შეძლებს სომხეთის ან უკრაინის უნივერსიტეტში სწავლას 3 თვით, შემდეგ კი, საბუთების გადმოტანას და მობილობით გადმოსვლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ სტუდენტს, რომელმაც აღნიშნული სქემით ისარგებლა. რესპოდენტის განცხადებით, 2017 წელს 3 თვე ისწავლა კიევის ერთ-ერთ სასწავლო უნივერსიტეტში, შემდეგ მობილობის შედეგად, გასაუბრების საფუძველზე, სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სქემაში ჩართვა რესპოდენტს 3 000 დოლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სქემა უკანონო არ არის, ის მხოლოდ კანონის შესაბამისად მორგების მაგალითია. შესაძლებელია ბრძანების გამოცემის პერიოდში, მისმა ავტორებმა ეს რისკები წინასწარ ვერ შეაფასეს, თუმცა კანონის მიღებიდან დაახლოებით 7 წელი გავიდა და საკანონმდებლო ხარვეზი ჯერაც არ გამოსწორებულა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ამ საკითხის თვითრეგულირება დაიწყო, დააწესა შესაბამისი შეზღუდვები და ცდილობს საკუთარი საუნივერსიტეტო სივრცე დაიცვას მსგავსი შემთხვევებისგან.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ სისტემურად გაანალიზოს კანონის ფარგლებში გაჩენილი პრაქტიკული ხარვეზი და უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავოს უნიფიცირებული მიდგომა, რომელიც აღნიშნულ ხარვეზს გამოასწორებს.